ასტრონომებმა აღმოაჩინეს უკიდურესად ძლიერი ქარები, რომლებიც WASP-127b-ის, უზარმაზარი ეგზოპლანეტის, ეკვატორზე მძვინვარებს. მათი სიჩქარე 33 000 კმ/სთ-მდე აღწევს და ისინი აქამდე დაფიქსირებულთაგან ყველაზე სწრაფი ჭავლური ნაკადებია. ეს მნიშვნელოვანი მიგნება ჩილეში მდებარე ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ტელესკოპის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ის შორეული ციური სხეულის ამინდის თავისებურებების შესახებ უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის.

დედამიწაზე ტორნადოები, ციკლონები და ქარიშხლები მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია, თუმცა ახალაღმოჩენილი ქარები სრულიად სხვა მასშტაბისაა და მზის სისტემის მიღმა ეგზოპლანეტაზეა. იგი 2016 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ ასტრონომები მას აქტიურად იკვლევდნენ. ეს არის აირის გიგანტი ეგზოპლანეტა, რომელიც დედამიწიდან 500-ზე მეტი სინათლის წლითაა დაშორებული. WASP-127b ზომით იუპიტერს ოდნავ აღემატება, მაგრამ მისი მასა გაცილებით ნაკლებია.

"პლანეტის ატმოსფეროს ნაწილი ჩვენი მიმართულებით ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობს, ხოლო მეორე ნაწილი იმავე სიჩქარით გვშორდება. ეს სიგნალი მიუთითებს იმაზე, რომ პლანეტის ეკვატორზე ძალიან სწრაფი, ზებგერითი ჭავლური ნაკადი მძვინვარებს", — აღნიშნავს ლიზა ნორტმანი, გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის მეცნიერი და კვლევის მთავარი ავტორი.

ამ ქარების სიჩქარე პლანეტის ბრუნვის სიჩქარეს თითქმის ექვსჯერ აჭარბებს, რასაც ნორტმანი "უპრეცედენტო მოვლენას" უწოდებს. შედარებისთვის, მზის სისტემაში ყველაზე სწრაფი ქარი ნეპტუნზე დაფიქსირდა, რომლის სიჩქარეც "მხოლოდ" 1800 კმ/სთ იყო.

მკვლევართა ჯგუფმა WASP-127b-ის ამინდი და ატმოსფეროს შედგენილობა ძალიან დიდი ტელესკოპის CRIRES+ ინსტრუმენტით შეისწავლა. კერძოდ, მათ გაანალიზეს, როგორ გადის ვარსკვლავის სინათლე ეგზოპლანეტის აირად გარსში. შედეგებმა აჩვენა, რომ იქ წყლის ორთქლი და ნახშირბადის მონოქსიდი გვხვდება. მეცნიერებმა მოულოდნელად ორმაგი სიგნალი დააფიქსირეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ატმოსფეროს ერთი მხარე დედამიწის მიმართულებით გადაადგილდება, მეორე კი — პირიქით. ამის მიზეზი სწორედ პლანეტის ეკვატორზე მოქმედი ძლიერი ჭავლური ნაკადებია.

ატმოსფერული რუკის შედგენის პროცესში აღმოჩნდა, რომ პლანეტის პოლუსები დანარჩენ რეგიონებზე ცივია, ხოლო განათებულ და ჩაბნელებულ (დღისა და ღამეულ) ნახევარსფეროებს შორის ტემპერატურული სხვაობა შეინიშნება. ეს მიუთითებს, რომ WASP-127b-ს ამინდის რთული და დინამიკური სისტემა აქვს.

ეგზოპლანეტების კვლევის სფერო სწრაფად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ მეცნიერებს მხოლოდ მასისა და რადიუსის გაზომვა შეეძლოთ, დღეს კი თანამედროვე ტელესკოპები შესაძლებლობას იძლევა, რომ შორეული ციური სხეულის ატმოსფერო დეტალურად გავაანალიზოთ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი კვლევები მეტწილად ხმელეთზე განლაგებული ობსერვატორიების მეშვეობით ხორციელდება. ამჟამად ჩილეში შენდება ESO-ს უკიდურესად დიდი ტელესკოპი, რომელიც მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ეგზოპლანეტების ამინდის კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლონ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.