ფიზიკოსი ლორენცო გავასინო ამბობს, რომ მან კარგად ცნობილი "ბაბუის პარადოქსი" გადაჭრა. მისი ვარაუდით, ეს პარადოქსი წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობას სულაც არ გამორიცხავს.

მაგრამ რა არის ბაბუის პარადოქსი? წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ დროის მანქანა, რომლის მეშვეობითაც მიემგზავრებით წარსულში, რათა თქვენი ბაბუა მოკლათ მანამდე, სანამ მას შვილი ეყოლება. თუ ამას წარმატებით იზამთ, თქვენი მშობელი ვერ დაიბადება, შესაბამისად, ვერც თქვენ იარსებებთ და ამ მკვლელობასაც ვერ ჩაიდენთ.

ეს ე.წ. აზრითი ექსპერიმენტია, მაგრამ აჩვენებს, რომ წარსულში მოგზაურობა ლოგიკურ წინააღმდეგობებს მოიცავს. სწორედ ამის გამო, სტივენ ჰოკინგმა ქრონოლოგიის დაცვის ჰიპოთეზა წამოაყენა — იდეა, რომ შესაძლოა, ფიზიკის ჯერ კიდევ უცნობი კანონები არსებობდეს, რომლებიც დროში მოგზაურობას ბუნებრივად ეწინააღმდეგება.

ამის მიუხედავად, დღევანდელი ფიზიკის მიხედვით, დროში მოგზაურობა საბოლოოდ გამორიცხული ჯერ კიდევ არაა. აინშტაინის თეორიების მიხედვით, შესაძლებელია, დახურული დროის მსგავსი მრუდები არსებობდეს, სადაც დრო-სივრცე ისეა დეფორმირებული (მაგალითად, ზემასიური შავი ხვრელის გარშემო), რომ ობიექტი ან დამკვირვებელი შეძლებს, თავის საწყის წერტილს დაუბრუნდეს.

ამ საკითხის გამოკვლევას ვანდერბილტის უნივერსიტეტში მომუშავე ლორენცო გავასინო ცდილობს. მან გააანალიზა სცენარი, სადაც დრო-სივრცულ მრუდში კოსმოსური ხომალდი მოძრაობს. თუ ეს უჩვეულო გზა მარყუჟს წარმოქმნის, მაშინ ხომალდი საწყის წერტილს დაუბრუნდება. იმის გასარკვევად, არის თუ არა ეს წარსულში მოგზაურობა, მეცნიერის აზრით, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას, თუ რა ემართება ამ პროცესში ეკიპაჟს, ანუ ნაწილაკთა მაკროსკოპულ სისტემას.

ფიზიკის კანონების უმეტესობა დროში "წინ" და "უკან" ერთნაირად მუშაობს, მაგრამ თერმოდინამიკის მეორე კანონი სხვაგვარია. მისი მიხედვით, დროთა განმავლობაში ყველაფერი ბუნებრივად უფრო მოუწესრიგებელი ხდება. მაგალითად, სითბო ცხელიდან ცივში გადადის, ხოლო იზოლირებულ სისტემაში ენტროპია (სისტემის მოუწესრიგებლობის საზომი) ყოველთვის იზრდება. ეს აჩვენებს, რომ დრო სწორხაზოვნად წინ მიიწევს — თქვენ არ შეგიძლიათ, მოხარშული კვერცხი "განხარშოთ", ეს პროცესი დროში შეუქცევადია.

გავასინოს კვლევის მიხედვით, მრუდში ჰიპოთეზური ხომალდის გადაადგილებისას თერმოდინამიკური ეკვილიბრიუმისკენ ენტროპია იზრდება. ამის მიუხედავად, იმისთვის, რომ სამყაროს თანმიმდევრულობა შენარჩუნდეს, თავდაპირველი მდგომარეობა უნდა დაბრუნდეს. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკის კანონების თანახმად, ხომალდის მიმდებარედ არსებული არასტაბილური ნაწილაკი ეკვილიბრიუმამდელ მდგომარეობაში უნდა დაბრუნდეს. როცა გზაში სპონტანურად დაშლილი ნაწილაკი მარყუჟის საწყისს მიუახლოვდება, ის იმავე დროში უნდა რეკონსტრუირდეს, რაც დაშლას დასჭირდა.

გავასინოს კიდევ ერთი დასკვნა არის ის, რომ, პუანკარეს დაბრუნების თეორემის თანახმად, მრუდში მოგზაურობის დროს შეძენილი მოგონებები წაიშლება. წარსულში გადასული ადამიანი ახალ ცოდნას ვერ შეიძენს. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ სამყარომ თანმიმდევრულობა შეინარჩუნოს.

გავასინო აღნიშნავს, რომ მისი ნაშრომი თვითშეთანხმების პრინციპს კვანტური მექანიკის საფუძველზე ამტკიცებს, თანაც დამატებითი დაშვების გარეშე. თუმცა, ის არ ადასტურებს, რომ ზემოხსენებული მრუდები მართლაც არსებობს. ასეც რომ იყოს, ეს სამეცნიერო ფანტასტიკის წარმოდგენებისგან განსხვავებული იქნება.

ფიზიკოსის კვლევა, რომელიც გამოცემაში Classical and Quantum Gravity გამოქვეყნდა, ბუნების "შემოქმედებით" ძალას ცხადყოფს. ასევე, მის უნარს, შეინარჩუნოს წესრიგი, თუნდაც დროში მოგზაურობის ურთულეს პროცესში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.