"მაუწყებლის" ცნობით, კომპანია "შპს საქნახშირმა" სავარაუდოდ, 100-ზე მეტი მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლა.

ამავე ინფორმაციით, მეშახტეებისთვის უცნობია გათავისუფლების მიზეზი, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტების თანახმად, თავად მეშახტეები სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს პოლიტიკური პოზიციებს უკავშირებენ.

"დღეს მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების გათავისუფლება შახტიდან, იმის გამო, რომ მქონდა განსხვავებული აზრი, არ გავხდი რუსების მონა, ვერ მოახერხეს ჩემი დაშინება, იყო დამუქრებაც, ამის ნიადაგზე მოხდა ჩემზე შურისძიება. გამათავისუფლეს იმ კომპანიიდან, სადაც 18 წელი ვმსახურობდი, სადაც ექვსი წლის წინ სიკვდილს ჩავხედე თვალებში", — წერს ტყიბულელი მეშახტე გიორგი აბულაძე

სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა მოქალაქე თამარ ჩხაიძემაც, რომელიც წერს, რომ კომპანიამ რეორგანიზაცია და შემცირებები დაიწყო, ხოლო გათავისუფლებულთაგან უმეტესობა ოპოზიციის მხარდამჭერია.

"მოგესალმებით მეგობრებო, ვიცი არათემატურია, მაგრამ უნდა დავწერო, სხვა პლატფორმა არ მაქვს ასეთი ხალხმრავალი.

ტყიბულის შახტიდან (შპს საქნახშირი) 100-ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვეს დღეს, შემცირებები და რეორგანიზაცია იწყებაო განაცხადეს, მაგრამ ძირითადად ოპოზიციურად მოწყობილი ადამიანები გამოუშვეს, კიდევ იგეგმება შემცირებებიო.

თუ ვინმე ხართ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვინც შრომით საკითხებზე, ძალიან გთხოვთ დაინტერესდეთ ამ ფაქტით. დავუდგეთ გვერდით ამ ხალხს, თითქმის ყველა მათგანს სესხები აქვს და ცუდ დღეში აღმოჩნდნენ", — წერს თამარ ჩხაიძე.