ჩვენგან 27 400 სინათლის წლის დისტანციაზე მდებარე ბინარულ სისტემა 4U 1820-30-ში არის ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც უსწრაფესად ბრუნავს. კერძოდ, ის საკუთარი ღერძის გარშემო წამში 716 ბრუნს ასრულებს. დღემდე მხოლოდ ერთი პულსარია ცნობილი, რომელიც იმავე სიჩქარით მოძრაობს.

"თუ ამას მომავალი დაკვირვებებიც დაადასტურებს, 4U 1820-30-ში შემავალი ნეიტრონული ვარსკვლავი ხილულ სამყაროში აქამდე დაფიქსირებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ობიექტის სტატუსს მიიღებს", — აცხადებენ ასტრონომები.

ნეიტრონული ვარსკვლავი მასიური მნათობის ბირთვია, რომელმაც სიცოცხლის დასასრულს კოლაფსი განიცადა. ეს მაშინ ხდება, რომ ატომების სინთეზური რეაქციები სათანადოდ ვეღარ მიმდინარეობს და გრავიტაციასაც ვეღარაფერი ეწინააღმდეგება. ამას აფეთქება მოჰყვება, საბოლოოდ კი მხოლოდ მკვრივი ბირთვი რჩება.

ფოტო: Chris Smith/Walt Feimer/NASA

4U 1820-30-ის არსებობის შესახებ 1980-იანი წლებიდან ვიცით. მასში ორი ობიექტია — ზემოხსენებული ნეიტრონული ვარსკვლავი და თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი (სხვა მნათობის ბირთვის ნარჩენი), რომლებიც სიახლოვის გამო ერთმანეთის გარშემო მოძრაობას სულ რაღაც 11.4 წამს ანდომებს.

ამ პროცესში ნეიტრონული ვარსკვლავი კომპანიონისგან მატერიას იზიდავს, რომელიც ზედაპირზე გროვდება, მკვრივდება და ცხელდება, რაც თერმობირთვული აფეთქებებით სრულდება. სწორედ ეს მოვლენა შეისწავლეს მეცნიერებმა NASA-ს რენტგენული ტელესკოპით NICER, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა დამონტაჟებული.

აფეთქებებისას ნეიტრონული ვარსკვლავი მზეზე 100 000-ჯერ კაშკაშა შეიძლება გახდეს. სპეციალისტებმა 2017-დან 2022 წლამდე 15 ამგვარი "ანთება" დააფიქსირეს და ერთ-ერთი მათგანის ანალიზისას 716-ჰერციანი სიხშირის რხევები დააფიქსირეს. ეს ნიშნავს, რომ აფეთქების დროს ნეიტრონული ვარსკვლავი ბრუნავდა.

აქედან ასკვნიან, რომ შესაძლებელია, აღნიშნული ობიექტი რენტგენული პულსარი იყოს. ესაა სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც პოლუსებიდან ტალღებს პერიოდულად გამოყოფს, რაც პულსებს მოგვაგონებს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.