მკვლევრებმა ღორის ტვინი სიკვდილიდან ერთი საათის შემდეგ "გააცოცხლეს"
მეცნიერებმა ღორის ტვინის აქტივობა ცირკულაციის შეწყვეტიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ აღადგინეს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტვინის ფუნქციონირება რამდენიმე საათის განმავლობაშიც შეინარჩუნეს.
ეს უზარმაზარი წინგადადგმულ ნაბიჯია იმისთვის, რათა პაციენტს უეცარი გულის გაჩერების შემდეგ ტვინის ფუნქციონირება აღუდგინონ. ამით ექიმებს პაციენტის გულის გაჩერების შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი დრო მიეცემათ.
მკვლევრებმა ამისთვის დაუზიანებელი ღვიძლი გამოიყენეს, ორგანო, რომელსაც სხეული სისხლის გასაწმენდად იყენებს. მეცნიერებმა ღვიძლი სიცოცხლის მხარდამჭერ იმ სისტემაში ჩართეს, რომელიც დროის გასვლის შემდეგ ტვინის გასაცოცხლებლად გამოიყენეს.
გულის გაჩერება სისხლის ნაკადის სწრაფი შეწყვეტის გამო უამრავ პრობლემას იწვევს ორგანიზმში. სისხლის მიმოქცევის ვარდნას იშემია ეწოდება. ამ დროს ტვინში სერიოზული დაზიანებები ხდება. პროცესი სწრაფად ვითარდება და რამდენიმე წუთში უკვე ტვინი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.
ცნობილია, რომ მრავალორგანული იშემია გულის გაჩერების შემდეგ ტვინის აღდგენაში გარკვეულ როლს ასრულებს. მიუხედავად ამისა, ამ მხრივ ცალკეული ორგანოები ბოლომდე გამოკვლეული არ არის.
ბოლო წლებში მეცნიერები თავის ტვინის დაზიანებების შესაზღუდად ღორის მოდელებს იყენებდნენ. და, აი, ახლა ჩინეთში, სუნ იატ-სენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა იშემიის შემდეგ ტვინის აღსადგენად ღვიძლის როლი შეისწავლეს.
მკვლევრებმა სისხლის მიმოქცევის კონტროლში ღვიძლის ჩართულობა ლაბორატორიაში გამოზრდილ 17 ღორზე შეამოწმეს. ერთ ექსპერიმენტში თავის ტვინის 30-წუთიანი იშემიის ქვეშ ღორების ორი ჯგუფი მოახვედრეს. აქედან ერთი ჯგუფი ღვიძლის იშემიის ქვეშაც იყო. ამის პარალელურად, საკონტროლო ჯგუფს იშემია არ გადაუტანია.
ღორების ევთანაზიის შემდეგ მათი თავის ტვინი შეისწავლეს. საკონტროლო ჯგუფს ტვინის ყველაზე ნაკლები დაზიანება ჰქონდა. თუმცა, ჯგუფს, რომელსაც ღვიძლის იშემია არ გადაუტანია, ტვინის ბევრად უფრო ნაკლები დაზიანება აღენიშნებოდა, ვიდრე ღვიძლის იშემიის გადატანილ ჯგუფს.
შემდეგი ეტაპის ფარგლებში დაუზიანებელი ღვიძლი სიცოცხლის მხარდამჭერ სისტემაში ჩართეს. ეს ევთანაზიის შემდეგ ამოღებული თავის ტვინის გასაცოცხლებლად მოხდა. სწორედ ეს კვლევა დაეხმარება მეცნიერებს მეტი გაიგონ იმაზე, თუ როგორ აღადგინონ დაზიანებული ტვინი.
სიცოცხლის მხარდამჭერ სისტემაში შედიოდა ხელოვნური გული და ფილტვები, რითაც სითხე ტვინში გადადიოდა. ერთ ჯგუფში სისტემაში ღორის ღვიძლი ჩართეს. ამას ღვიძლის მეშვეობით ტვინის ნორმათერმული აპარატის პერფუზია ეწოდება.
ტვინი სიცოცხლის მხარდამჭერ სისტემას 10 წუთის შემდეგ შეუერთეს. ღვიძლის გარეშე ტვინში ელექტრული აქტივობა ნახევარ საათში გამოჩნდა და ამის შემდეგ თანდათან შესუსტდა.
ექსპერიმენტმა მოიცვა სხვადასხვა დაყოვნებებიც. მკვლევრებმა ღვიძლით მხარდაჭერილ სისტემაში ტვინი ჩართეს 30, 50, 60 და 240-წუთიანი ინტერვალებით. ყველაზე საინტერესო 50-წუთიანი ინტერვალი იყო. ამ დროის შემდეგაც კი, ტვინმა განაახლა ელექტრული აქტივობა და ეს მდგომარეობა 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა, იქამდე, სანამ ექსპერიმენტი არ შეწყვიტეს.
აღსანიშნავია, რომ ტვინში, რომელსაც ჟანგბადი 60 წუთის განმავლობაში არ მიეწოდება, აქტივობა მხოლოდ სამი საათით დაბრუნდა. ეს შეიძლება იყოს კრიტიკული ინტერვალი იმისა, თუ რა არის ტვინის აღდგენისთვის დროის ლიმიტი.
მკვლევრების თქმით, ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ გულის გაჩერების შემდეგ ტვინის აღდგენაში დიდი როლი სწორედ ღვიძლს აქვს.
კვლევა ჟურნალ EMBO Molecular Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები