რომელ ცხოველს შეუძლია ერთდროულად ყველაზე მეტი ნაშიერის გაჩენა
ჩვენს პლანეტაზე ცხოველთა მილიონობით სახეობაა, რომელთა რეპროდუქციული მახასიათებლებიც ევოლუციის პროცესში კონკრეტული საჭიროებების მიხედვით ჩამოყალიბდა. ზოგიერთი არსება ერთ ჯერზე მხოლოდ რამდენიმე ნაშიერს აჩენს, ზოგი კი — ძალიან ბევრს, მაგრამ რომელი მათგანია ამ მხრივ რეკორდსმენი?
ეს საკმაოდ რთული კითხვაა, რადგან, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, რას მოვიაზრებთ ნაშიერში. თუ ეს გამეტებია, ანუ გასანაყოფიერებელი კვერცხუჯრედები და სპერმა, მაშინ პირველობა თევზებს ეკუთვნით, რომლებიც ენერგიის დაზოგვის მიზნით ორგანიზმიდან სწორედ გამეტებს გამოყოფენ.
მაგალითად, Mola mola-ს სახეობის თევზების სხეულში ქვირითის რაოდენობა 300 მილიონს უტოლდება, მაგრამ უცნობია, რამდენი მათგანი ნაყოფიერდება წყალში. დიდი ალბათობით, ყველა მათგანი არა, რადგან ძალიან მრავალრიცხოვანი პოპულაცია არ აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არსებები მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნებიან, რადგან თევზჭერის შემთხვევითი მსხვერპლები ხდებიან.
თუკი უკვე განაყოფიერებული კვერცხების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ რეკორდსმენის წოდება ისეთ სოციალურ მწერებს ეკუთვნით, როგორიც Dorylus wilverthi-ს სახეობის ჭიანჭველები არიან. მათი კვერცხების რაოდენობა 3-დან 4 მილიონამდეა. მდედრი და მამრი ნაშიერების სასურველ სიმრავლეზე დაყრდნობით დედოფალი ირჩევს, რამდენი მათგანი განაყოფიერდეს.
ფრინველებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ნაცრისფერი გნოლები (Perdix perdix) არიან, რომლებიც 22-მდე კვერცხს დებენ. რაც შეეხება ე.წ. ცოცხლად მშობიარობას, საინტერესო ფენომენი გვხვდება მამრ ზღვის ცხენთევზებში, რომლებიც 2000-მდე ნაშიერს აჩენენ. ხმელეთზე მცხოვრები სახეობებიდან აღსანიშნავია შხამიანი გველგესლა Bitis arietans, რომელიც ერთდროულად 156 წიწილს აჩენს.
ნაშიერების რაოდენობის სხვაობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობაა. მაგალითად, ისეთი სახეობები, რომლებიც დიდხანს არ ცოცხლობენ, უფრო მრავალრიცხოვან შთამომავლობას ტოვებენ. რაოდენობა ნაკლებია მაშინ, როცა ნაშიერები განვითარების პირველ ეტაპზე მშობლის ზრუნვასა და ყურადღებას საჭიროებენ, რაც მათგან დიდ ენერგიას მოითხოვს.
იმავე მიზეზით ცოცხლად მშობიარე სახეობებში უფრო ნაკლები ნაშიერი გვხვდება, ვიდრე სხვებში. თუ ცხოველები ჯგუფებად ცხოვრობენ (როგორც ჭიანჭველები), შედარებით მეტი შთამომავლობა ჰყავთ, რადგან ერთობლივი ძალებით მათი კარგი თავდაცვა უზრუნველყოფილია.
ამის მიუხედავად, ეს ერთგვარი რეპროდუქციული ჩარჩოები ყველაზე არ ვრცელდება, რისი დასტურიც თაგვები და კურდღლები არიან. ისინი ცოცხლად მშობიარობენ, თუმცა საკმაოდ დიდი რაოდენობის ნაშიერები ჰყავთ. ზოგიერთი კვერცხისმდებელი ხოჭო კი პირიქით, მხოლოდ 3 კვერცხს დებს. ასეთი გამონაკლისების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი გარემო-პირობების ცვლილება შეიძლება იყოს.
მაშასადამე, კითხვაზე, თუ რომელი ცხოველი აჩენს ერთდროულად ყველაზე მეტ ნაშიერს, ცალსახა პასუხი არ გვაქვს, რადგან რეპროდუქციული პროცესები მრავალფეროვანია.
კომენტარები