არქტიკაში აღმოჩენილი მიკრობები შესაძლოა, ახალი ანტიბიოტიკების შექმნაში დაგვეხმაროს
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის სიღრმეში ცხოვრობენ Actinomycetota-ს ტიპის მიკრობები, რომელთა მიერ წარმოქმნილი ნივთიერებებიც შესაძლოა, სრულიად ახალი ანტიბიოტიკების შექმნაში დაგვეხმაროს. ახალი კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ამ ნივთიერებებს საშიში ბაქტერიების გავრცელებისთვის ხელის შეშლა და მათ მიერ დაავადებების გამოწვევის პრევენცია შეუძლია.
უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ხელმისაწვდომი ანტიბიოტიკების დაახლოებით 70% სწორედ Actinomycetota-ში შემავალ მიკრობებშია აღმოჩენილი, რომელთა დიდი ნაწილიც ნიადაგში გვხვდება. იქიდან გამომდინარე, რომ ამგვარი პრეპარატების მიმართ ბაქტერიები რეზისტენტობას იძენენ, ახალი გზის მოძებნაა საჭირო, რისთვისაც სპეციალისტებმა წყალში მობინადრე მიკროსკოპული ორგანიზმები შეისწავლეს. მიიჩნევა, რომ მათში ქიმიურად უფრო მრავალფეროვანი ნაერთებია, რადგან სხვაგვარი ტემპერატურისა და წნევის მქონე გარემოსთან უწევთ შეგუება.
2020 წელს არქტიკაში განხორციელებული ექსპედიციისას მეცნიერებმა ღრმაოკეანური მიკრობების ნიმუშები შეაგროვეს და აქამდე უცნობ ასობით ნივთიერებას მიაგნეს. ყურადღება იმაზე გამახვილდა, თუ როგორ ზემოქმედებდა თითოეული მათგანი პათოგენურ ნაწლავის ჩხირზე.
მომდევნო ეტაპზე დადგინდა, 4 სახეობის მიერ წარმოქმნილი რომელი ნაერთები უშლიდა ხელს ნაწლავის ჩხირის გავრცელებას ლაბორატორიაში გაზრდილ უჯრედებში. გაირკვა, რომ ორ მათგანს განსაკუთრებულად ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი ჰქონდა. ერთი Rhodococcus-ის გვარის შტამში აღმოაჩინეს, ხოლო მეორე Kocuria-საში.
ამ მიკრობების მიერ გამოყოფილმა ორივე ნაერთმა პათოგენის მიერ უჯრედში შეჭრისა და დაავადების გამოწვევის მცდელობა შეაჩერა, მაგრამ Kocuria-სამ ბაქტერიის ზრდა უფრო მეტად შეაფერხა. როცა ამგვარი პათოგენი ცოცხალია, მაგრამ ორგანიზმს საფრთხეს არ უქმნის, ნაკლები შანსია, რომ რეზისტენტობა ჩამოუყალიბდეს. შესაბამისად, Rhodococcus-ის ანტიბიოტიკური მოქმედება უფრო იმედის მომცემია.
მეცნიერები ამბობენ, რომ ანტიბიოტიკური პოტენციალის შესახებ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, რათა გაირკვეს, გამოდგება თუ არა ეს ნაერთები კლინიკური გამოყენებისთვის.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Microbiology გამოქვეყნდა.
კომენტარები