საიდან მოიტანეს უძველესმა მშენებლებმა სტოუნჰენჯის გიგანტური ლოდი — კვლევა
სტოუნჰენჯი, იდუმალი პრეისტორიული ადგილი უილტშირში (ინგლისი), არქეოლოგების გაოცებას აგრძელებს.
დღესაც კი, მისი აშენებიდან ათასობით წლის შემდეგ, ადამიანები სტოუნჰენჯთან ხშირად იკრიბებიან. ამ ნაგებობაზე ყველას სმენია, მაგრამ ზუსტად დღესაც არ ვიცით, თუ რისთვის აიგო ის. ბევრს მიაჩნია, რომ ის ასტრონომიული განლაგების გათვალისწინებით შეიქმნა.
საყურადღებოა ე.წ. საკურთხევლის ქვა, ექვსტონიანი მასიური ლოდი, რომელიც სტოუნჰენჯის ცენტრშია მოთავსებული. ადრე ითვლებოდა, რომ ამ ლოდის წარმომავლობა უელსთან იყო დაკავშირებული.
თუმცა, ბოლო კვლევამ, რომელსაც კურტინის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდა, ბევრი რამ თავდაყირა დააყენა. ირკვევა, რომ ეს კონკრეტული ქვა შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოიტანეს. ცნობისთვის, ხსენებული რეგიონი სულ მცირე 700 კილომეტრითაა დაშორებული სტოუნჰენჯიდან.
"ეს გასაოცარია! ჩნდება შეკითხვა, თუ როგორ გადაიტანეს ასეთი მასიური ქვა ამხელა მანძილზე. გასათვალისწინებელია, რომ საუბარია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2600 წელზე", — თქვა კურტინის უნივერსიტეტის პლანეტარულმა მეცნიერმა და კვლევის ავტორმა, ენტონი კლარკმა.
ქიმიური შემადგენლობის ანალიზი
ამ კვლევისთვის მეცნიერებმა გაანალიზეს საკურთხევლის ქვის ფრაგმენტების მინერალური მარცვლის შემადგენლობა. მათ ამ მინერალების ასაკი და შემადგენლობა გეოლოგიურ ჩანაწერებს შეადარეს.
საინტერესოა, რომ საკურთხევლის ქვის მინერალური შემადგენლობა ჩრდილო-აღმოსავლეთ შოტლანდიაში აღმოჩენილ ქანებთანაა თანხვედრაში. სწორედ ამან გამორიცხა ის, რომ ქვა უელსიდანაა.
ტრანსპორტირება
ამ ადგილის მშენებლობა პირველად 5000 წლის წინ დაიწყო და ის დროთა განმავლობაში ახლდებოდა.
სტოუნჰენჯი ორი ძირითადი ტიპის ქვისგან შედგება: ესენია დიდი სარსენის ლოდები და შედარებით პატარა ცისფერი ლოდები, რომლებიც, სავარაუდოდ, უელსიდანაა შემოტანილი.
მიუხედავად ბევრი კვლევისა, ის თუ რისთვის აშენდა სტოუნჰენჯი ჯერ კიდევ საკამათოა. ერთი რამ ფაქტია, სტოუნჰენჯის მშენებლებს უდავოდ ჰქონდათ მკვეთრი ინტერესი მზის ციკლის მიმართ. ეს სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო ნეოლითურ კულტურებში არამიწიერი ცხოვრების მზის ციკლთან გაიგივებასთან. თუმცა კვლევის ავტორების თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტოუნჰენჯი ერთგვარი გიგანტური კალენდარი იყო.
"სტოუნჰენჯის კალენდარი" ემყარება იმ აზრს, რომ 30 თავდაყირა განთავსებული ქვიდან თითოეული წარმოადგენს მზის დღეს. ეს თვის განმეორებადი დღეებია. იმისთვის, რომ წელიწადი შეიკრას საჭიროა მივაღწიოთ 365-ს. ამისთვის 30 უნდა გავამრავლოთ 12-ზე. თუმცა, რიცხვი თორმეტი სტოუნჰენჯის ნაგებობებში არსად გვხდება.
ასევე: რისთვის აშენდა სტოუნჰენჯი? — კვლევა
შესაბამისად, რისთვის შეიქმნა სტოუნჰენჯი? ეს კითხვა კვლავაც აქტუალურია და რთულია ზუსტი პასუხის თქმა. ვერსიები ბევრია, მათ შორის არ არის გამორიცხული ნაგებობას მხოლოდ რელიგიური დანიშნულება ჰქონოდა. მეტიც, ეს შეიძლება სულაც ნადირობასთან იყოს დაკავშირებული.
თუმცა, ამის მიღმა არსებობს სხვა საინტერესო შეკითხვაც, კერძოდ — როგორ მოხერხდა ასეთი მძიმე ლოდების ტრანსპორტირება ძალიან დიდ მანძილზე?
"ასეთი მასიური ტვირთის სახმელეთო ტრანსპორტირება შოტლანდიიდან სამხრეთ ინგლისში უკიდურესად რთული იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ ქვა წყლის საშუალებით უნდა გადმოეტანათ", — აღნიშნულია კვლევაში.
ეს გვაფიქრებინებს, რომ 5000 წლის წინ ადამიანებს მძიმე ტვირთის დიდ მანძილზე გადატანა შეეძლოთ. შესაბამისად, განვითარებული იქნებოდა ვაჭრობაც.
არქეოლოგების თქმით, სხვა კვლევებიც მეტყველებს იმაზე, რომ ნეოლითურ ევროპას კარგად განვითარებული საზღვაო სატრანსპორტო ქსელები და გემებიც კი ჰქონდა.
კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები