10 მსოფლიო ვარსკვლავი, რომელიც ევროვიზიაზე მონაწილეობდა და ეს არ იცოდი
ფოტო: On.ge
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 200 მილიონამდე ტელემაყურებელი ადევნებს თვალს. 1956 წელს კონკურსის დაარსებიდან დღემდე ევროვიზიამ არაერთი მომავალი მსოფლიო ვარსკვლავი აღმოაჩინა. გავიხსენოთ თუნდაც იტალიური როკჯგუფი Måneskin, რომელმაც 2021 წელს ევროვიზიაზე გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო სცენები დაიპყრო.
ევროვიზიის სცენაზე მსოფლიო ვარსკვლავები სტუმარი არტისტის რანგშიც გამოჩენილან. მაგალითად, 2016 წელს კონკურსზე ჯასტინ ტიმბერლეიკმა იმღერა, 2019 წლის ევროვიზიის ფინალზე კი მადონაც ვიხილეთ. და ის თუ იცით, რომ ლეგენდარული რივერდანსი სულაც საგანგებოდ ევროვიზიისთვის შეიქმნა?
თუმცა, ამ სტატიაში მათზე კი არა, იმ ვარსკვლავებზე მოგიყვებით, რომლებიც, Måneskin-ის მსგავსად, დაძაბული კონკურსის მონაწილეები იყვნენ.
1. სელინ დიონი
სანამ სელინ დიონს მსოფლიო გაიცნობდა და მის შესრულებულ My Heart Will Go On-ზე ცრემლებს დავღვრიდით, 20 წლის კანადელი მუსიკოსი 1988 წლის ევროვიზიაზე შვეიცარიის სახელით გამოჩნდა და ამ კონკურსის პირველ გამარჯვებულ ქვეყანას მეორე მოგებაც მოუტანა. დუბლინში გამართულ ფინალზე სელინმა სიმღერა Ne partez pas sans moi ("ჩემ გარეშე ნუ წახვალ") შეასრულა და საერთაშორისო ჟიურისგან ჯამში 137 ქულა, მეორეადგილოსან ბრიტანეთზე მხოლოდ 1 ქულით მეტი მიიღო.
"დამიკავშირდნენ და მთხოვეს, [კონკურსზე] წარმედგინა ქვეყანა, რომელიც ჩემი სამშობლოც კი არაა", — ხუმრობით გაიხსენა სელინმა ევროვიზიის გამოცდილება რამდენიმე წლის წინ, — "მაშინ მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა გახლდით, სიმღერა კი არაჩვეულებრივი იყო. გადავწყვიტე, არ მეფიქრა, რომ იქ ყველას წარმოვადგენდი. რასაკვირველია, არ მინდოდა, იმედი ვინმესთვის გამეცრუებინა. ამიტომ, სცენაზე დავდექი და მთელი გულით ვიმღერე. ეს გამოსვლა კი ჩემი კარიერის შესანიშნავი დასაწყისი აღმოჩნდა, ასე რომ, ნამდვილად კარგი დრო იყო".
2. ლარა ფაბიანი
ზუსტად იმ წელს, სელინ დიონმა რომ კონკურსი მოიგო, ევროვიზიის სცენაზე ამომავალი ბელგიელი ვარსკვლავი ლარა ფაბიანიც დადგა. მუსიკოსი, რომელიც დღეს უკვე 20 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრანგულენოვან შემსრულებლად მიიჩნევა, მაშინ ევროფესტივალზე ლუქსემბურგის სახელით მონაწილეობდა. ლარას საკონკურსო სიმღერამ, Croire ("მჯერა"), ჯამში 90 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა. თუმცა, კომპოზიცია მოგვიანებით ევროპაში ჰიტად იქცა და ნახევარ მილიონამდე ეგზემპლარად გაიყიდა.
3. ტოტო კუტუნიო
სხვა ყველაფერზე რომ არაფერი ვთქვათ, იტალიამ ევროვიზიას ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიტი, Nel blu, dipinto di blu, იგივე Volare, აჩუქა, რომლითაც 1958 წლის კონკურსზე დომენიკო მოდუნიომ მე-3 ადგილი დაიკავა.
თუმცა, იტალიამ ევროფესტივალზე თავისი ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავიც გაგზავნა. ტოტო კუტუნიო მაშინ, 1990 წელს, უკვე 46 წლის იყო (რითაც იმ დროისთვის ევროვიზიის ყველაზე ასაკოვან გამარჯვებულად იქცა). ზაგრებში გამართულ ევროფესტივალზე კი მისმა საკონკურსო სიმღერამ Insieme: 1992 ("ერთად: 1992"), რომელიც ევროპას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, იტალიას მეორე გამარჯვება მოუტანა. სიმღერის სათაურში თარიღი მიუთითებდა ევროკავშირის შექმნაზე, რომელიც სწორედ 1992 წლისთვის იგეგმებოდა.
4. ხულიო იგლესიასი
დღეს ესპანეთი, იტალიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, დიდი ხუთეულის წევრია (ქვეყნები, რომლებსაც ევროვიზიის ორგანიზებაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ) და ყოველ წელს პირდაპირ, ნახევარფინალის გარეშე ხვდება კონკურსის ფინალში. ამის მიუხედავად, ესპანელებმა ევროვიზია ბოლოს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1969 წელს მოიგეს.
მომდევნო წელს ესპანეთმა კონკურსზე დღეს უკვე ლეგენდარულ შემსრულებლად მიჩნეული ხულიო იგლესიასი გამოუშვა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. 1970 წლის ევროვიზიაზე იგლესიასმა სიმღერა Gwendolyne ("გვენდოლინი") შეასრულა, მაგრამ მხოლოდ 8 ქულა მიიღო და შვეიცარიასთან და საფრანგეთთან მოუწია მე-4 ადგილის გაყოფა. თუმცა, ამას იგლესიასთვის სულ არ შეუშლია ხელი, ქცეულიყო მსოფლიო ვარსკვლავად — 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, უამრავი ჯილდოთი (მათ შორის, გრემის) და თავისი სახელობის ვარსკვლავით ჰოლივუდის დიდების ხეივანში.
5. ოლივია ნიუტონ-ჯონი
იმ წელს, როცა ევროვიზიაზე ხულიო იგლესიასმა იმღერა, გაერთიანებული სამეფო კონკურსზე მერი ჰოპკინმა წარადგინა, რომელსაც უკვდავი ჰიტით, Those Were the Days, შეიძლება იცნობდეთ. მერიმ სამშობლოს ევროვიზიაზე მე-2 ადგილი მოუტანა, ბრიტანეთმა კი რამდენიმე წლის შემდეგ, 1974-ში, როცა ევროვიზიის ორგანიზება წინა წლის გამარჯვებული ლუქსემბურგის ნაცვლად ითავა, კონკურსისთვის ავსტრალიელი მუსიკოსი, ოლივია ნიუტონ-ჯონი, შეარჩია.
Long Live Love ("დღეგრძელ იყოს სიყვარული") — ასე ერქვა სიმღერას, რომელიც ოლივიამ მასპინძელი ქვეყნის სახელით შეასრულა ევროვიზიაზე. მან ჯამში 14 ქულა მოაგროვა და ლუქსემბურგთან და მონაკოსთან გაიყო მე-4 ადგილი. ოლივიამ კი, რომელსაც პოპულარობა არც მანამდე აკლდა, ევროვიზიის შემდეგ კიდევ უფრო დიდი კარიერული მწვერვალები დაიპყრო. გრემის ოთხგზის გამარჯვებულმა მუსიკოსმა სიცოცხლის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.
6. Blue
ოლივია ნიუტონ-ჯონის მე-4 ადგილის შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ ევროვიზიაზე გამარჯვება კიდევ სამჯერ შეძლო, ბოლოს — 1997 წელს. მას მერე მსოფლიოში მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნის შედეგები ისე გაუარესდა, რომ 2010-იანებში ბრიტანეთს არათუ მოგება, ათეულში მოხვედრაც კი სანატრელი გაუხდა. ამ ათწლეულში კი მათ საუკეთესო შედეგი ჯგუფმა Blue-მ მოუტანა 2011 წელს.
2010-ში განცდილი ფიასკოს, მორიგი ბოლო ადგილის შემდეგ, ბრიტანეთის მაუწყებელმა BBC-მ ევროვიზიაზე ქვეყნის წარმომადგენლად 2000-იანების პოპულარული ბოიბენდი Blue დაასახელა. სხვათა შორის, როგორც კონკურსანტის დასახელებას, ასევე საკონკურსო სიმღერის გამოსვლას, გაერთიანებულ სამეფოში კრიტიკა მოჰყვა. ჯგუფმა კი ევროვიზიის ფინალში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, დენს-პოპ კომპოზიცია I Can ("შემიძლია") შეასრულა და მე-11 ადგილს დასჯერდა.
7. ენგელბერტ ჰამპერდინკი
2011-ის სტრატეგია გაერთიანებულმა სამეფომ მომდევნო წელსაც გამოიყენა და კონკურსზე კვლავაც პოპულარული შემსრულებელი გაგზავნა. თუმცა, ისევ იგივე შეცდომა დაუშვა: ენგელბერტ ჰამპერდინკი კი ცოცხალი ლეგენდაა, მაგრამ 60-იანების ვარსკვლავი რეტრო-ბალადით რომ დიდ წარმატებას ვერ მიაღწევდა, ამის წინასწარ გათვლა ალბათ შეიძლებოდა.
ჰამპერდინკმა, რომლის სახელზეც ლამის 70-წლიანი კარიერა და 140 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია, 2012 წლის ევროვიზიის ფინალი გახსნა სიმღერით Love Will Set You Free ("სიყვარული გაგათავისუფლებს"). იმ დროისთვის 76 წლის მუსიკოსმა ჟიურისა და ტელემაყურებლისგან ჯამში მხოლოდ 12 ქულა მიიღო და ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა.
8. ბონი ტაილერი
BBC-ის ეს უჩვეულო სტრატეგია 2013-შიც გაგრძელდა: ბრიტანეთმა ევროვიზიაზე კვლავაც მსოფლიო ვარსკვლავი, ამჯერად 80-იანების ლეგენდა, ბონი ტაილერი, წარადგინა. სხვა თუ არაფერი, მსმენელი ტაილერისგან ალბათ როკს უფრო მოელოდა, ვიდრე ბალადას. ალბათ ამის ბრალიცაა, რომ საკონკურსო კომპოზიციამ Believe in Me ("ჩემი გჯეროდეს") ფინალში მხოლოდ მე-19 ადგილის დაკავება შეძლო.
თუმცაღა, რასაკვირველია, ბონი ტაილერი ლეგენდად რჩება. გრემის სამგზის მფლობელი მუსიკოსი კარიერას აგრძელებს, მისი რეტრო ჰიტები კი, როგორებიცაა Total Eclipse of the Heart და If You Were a Woman (And I Was a Man) ჩვენს დროშიც დიდი სიყვარულით სარგებლობს და ახალი თაობის მუსიკოსების, მაგალითად, ავა მაქსის, შთაგონებას განაგრძობს.
9. Flo Rida
BBC-ის პრობლემა ალბათ ისიც იყო, რომ ვერ ითავსებდა: ევროვიზია სიმღერის კონკურსია და არა შემსრულებლების. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კაშკაშა ვარსკვლავს წარადგენ კონკურსზე. თუმცა, მსოფლიო ვარსკვლავზე იმედები მაინც დაამყარა სან-მარინომ 2021 წელს.
ევროვიზიის მონაწილეებიდან ყველაზე პატარა ქვეყანა მაინცდამაინც შთამბეჭდავი შედეგებით არ გამოირჩევა, თუმცა, კონკურის გულშემატკივრებს სან-მარინო მაინც განსაკუთრებულად უყვართ. ეს ქალაქ-სახელმწიფო ევროფესტივალის ფინალში სულ სამჯერ მოხვდა და აქედან ერთი სწორედ ცნობილ ამერიკელ რეპერს, Flo Rida-ს, უკავშირდება; 2021 წელს მან სან-მარინო იტალიელ პოპვარსკვლავ სენჰიტთან ერთად წარადგინა, სიმღერით Adrenalina ("ადრენალინი"). უჩვეულო დუეტმა და ენერგიულმა სიმღერამ, საბოლოოდ, ფინალში 50 ქულა მოაგროვა და 22-ე ადგილი დაიკავა.
10. ABBA
დაბოლოს: მეეჭვება, ABBA-ის და ევროვიზიის კავშირზე აქამდე არ გცოდნოდათ, მაგრამ ლეგენდარულ შვედულ პოპჯგუფს ამ ჩამონათვალში ვერაფრით გამოვტოვებდით.
1974 წელს, როცა ABBA-მ ევროვიზიაზე შვედეთი წარადგინა, ჯგუფს ეს ლეგენდად ქცეული სახელი სულ რამდენიმე თვის შერჩეული ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ბენდის წევრებმა, ერთადაც და ცალ-ცალკეც, მანამდეც ცადეს ბედი შვედეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში, თუმცა, გამარჯვება ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, მესამე მცდელობამ გაამართლა: ჯგუფი, საკონკურსო სიმღერით Waterloo ("ვატერლოო"), 1974 წლის ევროვიზიაზე აღმოჩნდა და შვედეთს კონკურსზე პირველი გამარჯვება მოუტანა.
უცნობია, ზუსტად რამდენი ჩანაწერი გაყიდა ABBA-მ ვარსკვლავური მოღვაწეობის პერიოდში, მაგრამ ეს რიცხვი ასეულობით მილიონს შეადგენს. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის საევროვიზიო სიმღერა კი დღეს უკვე პოპის კლასიკაა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2005 წელს, ევროვიზიის 50 წლის იუბილეზე, Waterloo კონკურსის ისტორიაში საუკეთესო სიმღერად დასახელდა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
8 თებერვალს "თავისუფლების მოედნის" ფორუმი – "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართება 8 თებერვალს "თავისუფლების მოედნის" ფორუმი – "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა
გადახედვა
-
ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში? ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში?
-
ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი? ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
გადახედვა
-
ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს
გადახედვა
-
ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება 11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა
-
ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე? როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე?
გადახედვა
-
ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა
გადახედვა
-
ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი
გადახედვა
-
მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს?
-
სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომენტარები