ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია OpenAI, როგორც ჩანს, ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავს. ესაა Writing Style, ანუ წერის სტილის, ფუნქცია, რომელიც სხვა აპლიკაციებს დაუკავშირდება და კომუნიკაციის ჩვენებურ სტილს აქედან აითვისებს. დაუზუსტებელია, როდის ან თუ გახდება იგი ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. ინფორმაციას პლატფორმა Bleeping Computer ავრცელებს.

ფუნქცია ამჟამად მომხმარებელთა პატარა ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი. ეკრანებზე შემდეგი შეტყობინება ჩნდება: "ChatGPT მიერთებული აპლიკაციებიდან აიღებს მაგალითებს და შენი სტილით დაწერს".

ფოტო: Gael / X

პლატფორმა X-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ეკრანის ანაბეჭდი გამოაქვეყნა. სურათის მიხედვით, ჩატბოტს შეგვიძლია სამი კატეგორიის მაგალითები მივაწოდოთ: ყოველდღიური შეტყობინებების (Messaging), მეილებისა (Email) და დოკუმენტებში წერის (Documents).

OpenAI-მ, მაგალითად, აპლიკაცია Slack ყოველდღიური შეტყობინებების კატეგორიაში გააერთიანა, ხოლო Google Drive და Notion — დოკუმენტებისაში. Gmail, ცხადია, მეილების კატეგორიას მიაკუთვნა.

აპლიკაციების შეკავშირების შემდეგ ChatGPT-ს შეეძლება გაიგოს, ბუნებრივად როგორ ვწერთ ხოლმე სხვადასხვა სივრცეში, და თავადაც ამ სტილით წეროს. სასურველი ტონის მითითება ან მაგალითების ჩატში მიწოდება აღარ დაგვჭირდება.

ცნობისთვის, მსგავსი ფუნქცია — Claude Styles — უკვე აქვს ჩატბოტ Claude-ს, თუმცა ამ შემთხვევაში აპლიკაციების დაკავშირება მეტადაა წამოწეული წინა პლანზე. Claude-ის ფუნქციის მეშვეობით შეგვიძლია, ნაწერის ნიმუშები ავტვირთოთ ან ჩავსვათ, შემდეგ კი ჩვენზე მორგებული სტილი დავაგენერიროთ ჩვენივე კომუნიკაციის მანერის მიხედვით.

როგორც ჩანს, OpenAI-ს ექსპერიმენტი იმითაა განსხვავებული, რომ ChatGPT-ს შეეძლება, უკვე არსებული ნიმუშები გამოიყენოს მიერთებული აპლიკაციებიდან. ჩატბოტს შედეგად ბევრად მეტ რეალურ მაგალითზე ექნება წვდომა და იმის შედარებასაც შეძლებს, როგორ განსხვავდება ჩვენი სტილი მეილების, შეტყობინებების ან უფრო დიდი დოკუმენტების წერისას.

Bleeping Computer-ის მიხედვით, OpenAI-მ უკვე დაადასტურა, რომ Writing Style ფუნქციას ტესტავს, თუმცა დაუზუსტებელია, როდის ან თუ გახდება იგი ფართოდ ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.