შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის რთული ფორმები იმაზე ადრე გაჩენილიყო, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა
მეცნიერებმა ახალი კვლევით დაასკვნეს, რომ შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლის რთული ფორმები იმაზე დაახლოებით 1.5 მილიარდი წლით ადრე გაჩენილიყო, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. ამაზე აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე 2.1 მილიარდი წლის წინ დალექილი ქანების ანალიზის შედეგები მიანიშნებს.
ზღვის ამ დანალექში სპეციალისტებმა ფოსფორისა და ჟანგბადის მაღალ კონცენტრაციას მიაგნეს, რაც აქტიურ ევოლუციურ პროცესს უკავშირდება. აქამდე 635 მილიონი წლის წინანდელი ამგვარი კვალი იყო აღმოჩენილი, რომელიც უძველესად მიიჩნეოდა, მაგრამ შესაძლოა, პირველი ბიოლოგიური აფეთქება, სინამდვილეში, სწორედ 2.1 მილიარდი წლის წინ მომხდარიყო.
სპეციალისტთა მიერ შესწავლილ ფრენსვილის აუზში საკმაოდ ბევრი ისეთი ნამარხია მიკვლეული, რომელთა დანახვაც მიკროსკოპის გარეშეა შესაძლებელი. აქამდეც გამოთქმულა ვარაუდი, რომ ისინი დედამიწაზე არსებული სიცოცხლის პირველი რთული ფორმებია, მაგრამ ახლა მეცნიერებმა სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინეს.
მათ წყალში საკვები ნივთიერებების რაოდენობის ზრდა ორი კონტინენტის შეჯახებასთან დააკავშირეს, რასაც წყალმარჩხი ზღვა უნდა წარმოექმნა. იქ ე.წ. ციანობაქტერიული ფოტოსინთეზისთვის სათანადო პირობები იქნებოდა, ეს კი წყალქვეშ რთული ბიოლოგიური პროცესებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნიდა, რაც ორგანიზმების მრავალი სახესხვაობის განვითარებას განაპირობებდა (როგორც ზომის, ისე სტრუქტურის მხრივ).
იქიდან გამომდინარე, რომ წყლის ასეთი ბუნებრივი რეზერვუარი გლობალური ოკეანისგან განცალკევებით იყო, იქ მცხოვრები არსებები სხვაგან ვერ გავრცელდებოდნენ და დიდხანს ვერც გადარჩებოდნენ. ამას წყალქვეშა ვულკანების აქტიურობაც შეუშლიდა ხელს.
შესაბამისად, ახალი კვლევის თანახმად გამოდის, რომ დედამიწაზე სიცოცხლის რთული ფორმების ევოლუცია ორ ეტაპად მოხდა: ჯერ 2.1 მილიარდი წლის წინ, შემდეგ კი 1.5 მილიარდი წლის წინ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Precambrian Research გამოქვეყნდა.
კომენტარები