ისტორიაში პირველად, ონკოლოგიურ პაციენტს მთლიანი ხორხი გადაუნერგეს
მასაჩუსეტსში მცხოვრები 59 წლის მარტი კედიენი გახდა მსოფლიოში პირველი პაციენტი, რომელსაც მიმდინარე სიმსივნური დაავადების დროს მთლიანი ხორხი გადაუნერგეს. ეს ოპერაცია იმედის მომცემია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სიმსივნემ ხმა დააკარგვინა.
ხორხი მილის ფორმის სტრუქტურაა, რომელიც საყლაპავის წინა მხარეს, ტრაქეის მაღლაა, განლაგებული. ის ხმის იოგებს შეიცავს, რომლის მეშვეობითაც საუბრისას ბგერებს გამოვცემთ. ასევე, მასშია ხორხსარქველიც, რომელიც ტრაქეაში საკვების ან სითხის მოხვედრისგან გვიცავს.
შესაძლოა, ხორხი ტრავმის შედეგად დაზიანდეს ან მისი ამოკვეთა ყელის კიბოს გამო გახდეს საჭირო. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ამით ვერბალური კომუნიკაცია იზღუდება, ტრანსპლანტატის ჩადგმა კი მარტივი პროცედურა არაა. სწორედ ეს განაპირობებს ისეთი პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას, რომელთაც მსგავსი ოპერაცია ჩაუტარდათ.
მეიოს კლინიკაში მომუშავე ექიმებმა მარტი კედიენს ხორხი 2024 წლის 29 თებერვალს გადაუნერგეს, მაგრამ მისი შემთხვევა გამორჩეულია, რადგან ამ დროს სიმსივნე ჰქონდა. მანამდე კაცს კიბოს ქსოვილების მოსაშორებლად რამდენიმე პროცედურა ჩაუტარდა, მაგრამ ამან მეტყველებისა და ყლაპვის პრობლემები გამოიწვია და ტრაქეოსტომული მილის ჩადგმა გახდა საჭირო.
ონკოლოგიურ პაციენტებში ხორხის გადანერგვა უცხო სხეულის მიუღებლობის საწინააღმდეგო პრეპარატების პრობლემას უკავშირდება. ასეთი მედიკამენტები იმუნურ სისტემას ასუსტებს, რაც სიმსივნის გავრცელების რისკს ზრდის. კედიენი მსგავს თერაპიას თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ უკვე გადიოდა, რამაც აჩვენა, რომ ამას მის დაავადებაზე, ქონდროსარკომაზე, უარყოფითი გავლენა არ ჰქონდა.
საბოლოოდ, 10-თვიანი ლოდინის შემდეგ, სათანადო ზომის დონორი ხორხი გამოჩნდა, რომლის გადანერგვასაც ექიმებმა 21 საათი მოანდომეს. ერთმანეთთან დააკავშირეს ყლაპვისა და ხმის მაკონტროლებელი ნერვებიც. 3 კვირაში პაციენტმა პირველი სიტყვა თქვა — "გამარჯობა". მისი ახალი ხორხის ფუნქციები დროთა განმავლობაში უმჯობესდება.
ამ სამედიცინო შემთხვევის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Mayo Clinic Proceedings გამოქვეყნდა.
კომენტარები