მამრობითი სქესის მოზარდ ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ენერგეტიკულ სასმელთან შერეული ალკოჰოლის მიღებას კოგნიტიური ფუნქციების პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

იტალიელი მეცნიერები მღრღნელების სხვადასხვა ჯგუფს კვლევის ფარგლებში ენერგეტიკულ სასმელს, ალკოჰოლს ან მათ ნაზავს ასმევდნენ. 53 დღის განმავლობაში ისინი აკვირდებოდნენ, როგორ იმოქმედებდა ეს ცხოველთა ტვინის მუშაობაზე, რაც მისი სკანირებითა და ქცევითი ტესტებით გასაზღვრეს.

აღმოჩნდა, რომ იმ ვირთხებში, რომლებიც შერეულ სასმელს სვამდნენ, დასწავლისა და დამახსოვრების უნარები შეიცვალა. ასევე, ცვლილებები დაფიქსირდა ჰიპოკამპუსის არეში, ტვინის ნაწილში, რომელიც სწორედ ახალი ინფორმაციის დამახსოვრებაზეა პასუხისმგებელი.

ვირთხის ჰიპოკამპუსი.

ფოტო: Getty

ალკოჰოლიცა და ენერგეტიკული სასმელიც ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ უკანასკნელი კვლევა მიუთითებს, რომ ეს გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, შესაძლოა, ამან ჰიპოკამპუსის ელასტიკურობაზე იქონიოს გავლენა და მისი ფუნქციონირება შეაფერხოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად ვირთხების ტვინში ზოგიერთი პროცესი გააქტიურდა, მაგალითად ნეირონების ზრდის მაპროვოცირებელი ცილის წარმოქმნა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. პირიქით, შედეგმა ელექტროფიზიოლოგიურ და მოლეკულურ დონეზე არსებული პრობლემების სახით იჩინა თავი, მათ შორის ქცევის ცვლილებით.

ჯერჯერობით გაურკვეველია, იგივე ცვლილებებს იწვევს თუ არა ენერგეტიკული სასმლისა და ალკოჰოლის ნაზავი ადამიანებში. ამის გასაგებად დამოუკიდებელი კვლევის ჩატარებაა საჭირო. ასევე, საინტერესოა, რა სხვაობას გვაძლევს სქესი, რადგან, წესით, ჰორმონებს ამ პროცესებში საკუთარი წვლილი უნდა შეჰქონდეს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Neuropharmacology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.