როდის დაიწყეს პრეისტორიულმა ადამიანებმა საცვლების ჩაცმა? — ახალი კვლევა გვპასუხობს
საცვლები დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ გიფიქრიათ, როდის დაიწყეს ადამიანებმა მისი ჩაცმა? ციმბირში მდებარე დენისოვას გამოქვაბულში მიკვლეული საკერავი ნემსები მიუთითებს, რომ პრეისტორიული ჰომინინები ამგვარ სამოსს 40 000 წლის წინ უკვე ქმნიდნენ და იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ არქაული ადამიანები ტყავის ფრაგმენტებს ერთმანეთთან ძვლებისგან დამზადებული ერთგვარი სადგისებით ჯერ კიდევ 70 000 წლის წინ კრავდნენ. ნახვრეტის მქონე ნემსების გამოყენება ბევრად რთული პროცესია, ამიტომ საინტერესოა, მაინც რატომ უნდა გაერთულებინათ საქმე?
დენისოვას გამოქვაბულში დენისოველები, ნეანდერტალელები და ჰომო საპიენსები სხვადასხვა პერიოდში ცხოვრობდნენ, რაც 100 000 წელს გაგრძელდა. ეს ემთხვევა დროს, როცა გამყინვარებისას გლობალური ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა. შესაბამისად, მაშინდელი ჰომინინები როგორღაც უნდა გამთბარიყვნენ, რისი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაც რამდენიმე ფენა სამოსის ჩაცმაა.
"თბოიზოლაციის გასაუმჯობესებლად რამდენიმე ფენის გაერთიანება ტანსაცმლის უმარტივესი პრინციპიდან მომდინარეობს, რომელიც კანთან ახლოს აირის მომწყვდევას გულისხმობს, რათა სითბო არ დაიკარგოს.
ნახვრეტიან ნემსებსა და თერმულად უფრო ეფექტიანი სამოსის ფიზიოლოგიურ საჭიროებას შორის ასოციაცია ნათელია. ამას კავშირი აქვს საცვლებთანაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ლოგიკის მიუხედავად, გვიანი პლეისტოცენის ეპოქის დროინდელი დამაჯერებელი მტკიცებულებები მწირია", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, შესაძლებელია, ამ პერიოდის ადამიანებისთვის კანზე დატანილი საღებავებით თვითგამოხატვა უკვე ტანსაცმელს ჩაენაცვლებინა, რომელიც ადრინდელზე დახვეწილი იყო. ამავდროულად, ის სხეულის დიდ ნაწილს ფარავდა, შესაბამისად ტატუები და ნაკაწრებით შექმნილი სიმბოლოები უბრალოდ აღარ გამოჩნდებოდა.
ამგვარად, შესაძლოა, საკერავ ნემსებს და მათი დახმარებით შექმნილ სამოსს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ სოციალური დანიშნულებაც ჰქონოდა. სავარაუდოდ, ისინი განსაკუთრებით დეკორაციული მიზნისთვის გამოიყენებოდა, მაგალითად ტყავზე ბეწვის ან ნიჟარების მისამაგრებლად.
"ეს ორგვარი დანიშნულება ერთმანეთს ემთხვევა. საცვლების თერმული საჭიროება ტანსაცმლის სრულ და უწყვეტ გამოყენებას შეესაბამება, რაც მისი ზედაპირის მორთვით კანის მოხატვის ჩანაცვლებას შეუწყობდა ხელს", — ამბობენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები