არის თუ არა თხევადი წყალი მარსზე? — შესაძლოა, ეს "მარსძვრაზე" დაკვირვებით გავიგოთ
ამჟამად მარსი მშრალი და უსიცოცხლო პლანეტაა, მაგრამ დიდი ხნის წინ იქ ტბები და ოკეანეები იყო. დღესდღეობით ამ ციურ სხეულზე წყალი ყინულის სახით ჯერ კიდევაა შემორჩენილი, მაგრამ თხევად მდგომარეობაში ის ჯერჯერობით არ აღმოგვიჩენია. ამის მიუხედავად, არაა გამორიცხული, მსგავსი რეზერვუარები ზედაპირისგან მოშორებით, სიღრმეში, გვხვდებოდეს.
თუ ეს ასეა, მაშინ როგორ უნდა მივაკვლიოთ მათ? შესაძლოა, ამაში "მარსძვრებზე", ანუ მარსზე არსებულ სეისმურ ბიძგებზე, დაკვირვება დაგვეხმაროს.
საქმე ისაა, როცა მსგავსი სეისმური აქტიურობისას ტალღები სხვადასხვა შედგენილობის მქონე შრეებში გადაადგილდება, ის სუსტ ელექტრომაგნიტურ ველს წარმოქმნის და ამ ფენების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი მონაცემების გაანალიზების გზით თხევადი წყლის მიგნებაცაა შესაძლებელი.
"თუკი ზედაპირის ქვემოთ მოძრავი 'მარსძვრები' წყალში გაივლის, ეს გასაოცარ და უნიკალურ სიგნალებს წარმოქმნის. ისინი მიგვანიშნებს იმ წყლის შესახებ, რომელიც მარსზე ამჟამადაა", — აცხადებენ სპეციალისტები.
ამ ტექნიკას სეისმოელექტრული მეთოდი ეწოდება, რომელიც სრულიად ახალი არაა. გეოლოგები მას აქ, დედამიწაზე, ცდიან, რათა მიწისქვეშა სითხეებს მიაგნონ, მაგრამ ეს მარტივი არაა, რადგან ასეთი რეზერვუარებისა და სხვა ტენიანი ადგილების სიგნალები ერთმანეთში ირევა.
დიდი ალბათობით, აღნიშნული მეთოდის გამოყენება მარსზე უფრო ეფექტიანი იქნება, რადგან მისი ზედაპირის ქვეშ არსებული შრეები ძალიან მშრალია. თუ იქ წყალი მართლაცაა, მის სიგნალს მარტივად ამოვიცნობთ. ფაქტობრივად, წითელ პლანეტაზე ხელის შემშლელი სეისმური "ხმაური" არაა, რის გამოც სუფთა მონაცემების მიღების უფრო მეტი შანსია.
მეცნიერები გეგმავენ, რომ "მარსძვრების" შესახებ უკვე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია შეისწავლონ, რომელიც NASA-მ მისია InSight-ის განმავლობაში, 2018-2022 წლებში, მოიპოვა. ამ აპარატზე სეისმომეტრიც იყო დამონტაჟებული და მაგნიტომეტრიც, რაც ორივე წყაროს მიერ შეგროვებული მონაცემების გაანალიზებისა და მათზე სეისმოელექტრული მეთოდის დატესტვის საშუალებას იძლევა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში JGR Planets გამოქვეყნდა.
კომენტარები