ისტორიაში პირველად, მთვარეზე უარყოფითი იონები დააფიქსირეს
ჩინეთის მისია Chang'e 6-ის ფარგლებში მთვარეზე გაშვებულ კოსმოსურ აპარატზე დამონტაჟებულმა ევროპულმა ხელსაწყომ იქ უარყოფითი იონები დააფიქსირა, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია.
დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე ამგვარი ნაწილაკების აღმოჩენა სპეციალისტებს მისი გრუნტის, რეგოლიტის, ქიმიური შედგენილობის უკეთ შესწავლაში დაეხმარება. ასეთ იონებს ევროპული კოსმოსური სააგენტოს სპეციალური დეტექტორის NILS მეშვეობით NASA-ს პროგრამა Apollo-ს სახელობის კრატერის სამხრეთ ნაწილში, მთვარის შორეულ მხარეს, მიაკვლიეს.
დედამიწას მზის შტორმებისგან მაგნიტური ველი იცავს, რომელიც მთვარეს არ აქვს. შესაბამისად, მის თხელ ატმოსფეროში არსებული აირები — ჰელიუმი, ამიაკი, მეთანი, ნახშირორჟანგი და ა.შ. — ვარსკვლავის სხივებთან ურთიერთქმედებისას იონიზაციას მარტივად განიცდის. ეს დამუხტული ნაწილაკები გრუნტის შესახებ ინახავს ინფორმაციას, რადგან აირები სწორედ იქ მიმდინარე პროცესებისას წარმოიქმნება, მაგალითად, ასტეროიდებთან შეჯახებისას.
2012 წელს მთვარის ზედაპირიდან 20 000 კილომეტრის მოშორებით NASA მისია ARTEMIS-მა დადებითი იონები დააფიქსირა, რომლებშიც მეტი პროტონია, ვიდრე ელექტრონი. მათგან განსხვავებით, უარყოფითი იონები ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ნარჩუნდება და ზედაპირიდან შორ მანძილზე ვერ ადის. მათი რაოდენობის გარკვევა მთვარისა და მზის ურთიერთქმედების შესახებ მეტის გაგების საშუალებას მოგვცემს.
იონების დეტექტორმა ფუნქციონირება მთვარეზე ჩინური აპარატის დაჯდომიდან 5 საათის შემდეგ დაიწყო და ორი დღის განმავლობაში მუშაობდა. მან საერთო ჯანში 3-საათიანი მონაცემები შეაგროვა, სასურველზე 3-ჯერ მეტი. ასევე, გადახურების საფრთხესაც წარმატებით გაუძლო.
რაც შეეხება თავად Chang'e 6-ს, მან, ისტორიაში პირველად, მთვარის შორეულ მხარეს გრუნტის ნიმუშები მოიპოვა და ორბიტაზე გაგზავნა, საიდანაც ზონდი ამ მასალას დედამიწამდე მოიტანს და 25 ივნისს ხმელეთზე ჩამოუშვებს.
კომენტარები