ისტორიაში პირველად, მარსის უდიდეს ვულკანებზე წყლის ყინული დააფიქსირეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყინული დააფიქსირეს მარსზე არსებულ ვულკანებზე, რომლებიც მთელს მზის სისტემაში უდიდესია. ეს მათ ევროპული კოსმოსური სააგენტოს ზონდის Trace Gas Orbiter კამერის CaSSIS მიერ გადაღებულ მაღალი გარჩევადობის ფერად სურათებზე დაყრდნობით შეძლეს.
სპეციალისტებმა ყინულს, უფრო კონკრეტულად კი თრთვილს, ტარსისის რეგიონში მდებარე ვულკანების თავზე მიაგნეს, რომლებსაც მთელი ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს მასშტაბით რეკორდული სიმაღლე გამოარჩევს. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი, ოლიმპი, გარშემო არსებულ ველთან შედარებით 26 კილომეტრ სიმაღლეს აღწევს.
ამ მთებზე ყინულის ფორმირება მოულოდნელია, რადგან ისინი დაბალ განედებზეა განლაგებული, წითელი პლანეტის ეკვატორთან ახლოს. ამის გამო იქ მზის გამოსხივება მეტია, რაც ტემპერატურასაც ზრდის. ამას ისიც ემატება, რომ მარსის ატმოსფერო ძალიან თხელია და ზედაპირს ვერ აგრილებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ვულკანების თავზე თრთვილის თხელი ფენა მზის ამოსვლის პერიოდში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ნარჩუნდება, შემდეგ კი ორთქლდება. მათი თქმით, ყინულის წარმოქმნა ფერდობისკენ მიმართულ ქარს უკავშირდება, რომელსაც ველიდან მაღლა წყლის ორთქლის შემცველი აირები ააქვს. გზად მათი გაგრილება კონდენსაციას იწვევს, რაც დედამიწაზეც გავრცელებულია. სწორედ ამ ფენომენთანაა ბმაში ტარსისის რეგიონისთვის დამახასიათებელი გრძელი ღრუბლის გაჩენა.
მარსის ვულკანებზე თრთვილის ეს ფენა მხოლოდ 1/1000 მილიმეტრი სისქისაა, ანუ ადამიანის თმის ღერის მსგავსი. ამის მიუხედავად, ის საკმაოდ ფართო არეალს ფარავს. მთელი ეს ყინული ცივ სეზონებზე ატმოსფეროსა და ზედაპირს შორის ყოველდღიურად მიმოცვლილი 150 000 ტონა წყლის ეკვივალენტურია, რაც დაახლოებით 60 ოლიმპიური საცურაო აუზის გასავსებად საკმარისია. მსგავსი რესურსი კი შესაძლოა, სამომავლო ეკიპაჟიანი მისიებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
რაც შეეხება თავად კამერას, რომელმაც ეს მიგნება გახადა შესაძლებელი, ის მარსს 2018 წლიდან იკვლევს. CaSSIS მტვრის გადაადგილებას, ნახშირორჟანგის ყინულის სეზონურ ცვლილებებსა და მშრალ ზვავებს აკვირდება. უკვე ვიცით, რომ ეს ინსტრუმენტი თრთვილსაც აფიქსირებს.
მისი მონაცემების ავთენტურობა ავტორებმა Mars Express-ის კამერით HRSC და Trace Gas Orbiter-ის სპექტრომეტრით NOMAD გადაამოწმეს. სართო ჯამში მათ 5000-ზე მეტი გამოსახულება გააანალიზეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები