შაქრის შემცვლელი ქსილიტოლი გულის შეტევისა და ინსულტის გაზრდილ რისკს დაუკავშირეს
ქსილიტოლი შაქრის შემცვლელად გამოიყენება უშაქრო ტკბილეულსა და სხვა პროდუქტებში.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სისხლში ქსილიტოლის შედარებით მაღალი კონცენტრაცია გულის შეტევისა და ინსულტის მომატებულ რისკს უკავშირდება. ქსილიტოლი კალორიების არმქონე დამატკბობელია, რომელიც შაქრის შემცვლელად გამოიყენება უშაქრო ტკბილეულსა და სხვა პროდუქტებში.
კლივლენდის კლინიკის მეცნიერებმა პაციენტების მონაცემები შეისწავლეს; ჩაატარეს როგორც ლაბორატორიული, ასევე კლინიკური ცდები. მათი მიგნებები გამოცემაში European Heart Journal გამოქვეყნდა.
ქსილიტოლი შაქრის სპირტებს განეკუთვნება. იგი შაქრის შემცვლელი ნივთიერებაა, რომელიც ხშირად გამოიყენება უშაქრო ტკბილეულში, საღეჭ რეზინებში, ნამცხვრებსა და კბილის პასტებში. ბოლო ათი წლის განმავლობაში მსგავს ნივთიერებებს — შაქრის სპირტებსა და ხელოვნურ დამატკბობლებს — შაქრის ნაცვლად სულ უფრო ხშირად იყენებენ.
"კვლევა ისევ და ისევ აჩვენებს, რომ შაქრის სპირტები და ხელოვნური დამატკბობლები დაუყოვნებლივ უნდა გამოვიკვლიოთ, მით უმეტეს, რომ ჭარბწონიანობასა და დიაბეტთან საბრძოლველად ესენი ხშირადაა რეკომენდებული", — განაცხადა სტენლი ჰეიზენმა, კვლევის ხელმძღვანელმა — "ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქსილიტოლის შემცველი კბილის პასტა უნდა მოისროლოთ, არამედ უნდა იცოდეთ, რომ სისხლის შედედების რისკები შეიძლება გაიზარდოს, როცა ისეთ პროდუქტს ვიღებთ, რომელშიც ეს ნივთიერება დიდი რაოდენობითაა".
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აშშ-სა და ევროპაში მცხოვრები 3 ათასი პაციენტი შეისწავლეს. გამოვლინდა, რომ სისხლში ქსილიტოლის მაღალი დონეები კავშირში იყო გულის პრობლემების გაზრდილ რისკებთან; ეს რისკები სამი წლის განმავლობაში იყო მომატებული. პაციენტთა მესამედში — მათში, ვისაც სისხლში ყველაზე დიდი რაოდენობით ჰქონდათ ქსილიტოლი — გულის პრობლემების რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე დანარჩენებში.
მიგნებების დასადასტურებლად მკვლევრებმა პრეკლინიკური ტესტირება ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ქსილიტოლი თრომბოციტების შედედებას იწვევს და თრომბოზის რისკს ზრდის.
მეცნიერებმა თრომბოციტების აქტივობა ადამიანთა ორ ჯგუფში შეამოწმეს: ერთის წევრებმა ქსილიტოლით დამტკბარი სასმელი დალიეს, მეორისებმა კი — გლუკოზით დამტკბარი. შენიშნეს, რომ შედედების უნარი ქსილიტოლის მიღებისთანავე მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ეს გლუკოზის შემთხვევაში ასე არ ყოფილა.
ცნობისთვის, ნაშრომის ავტორებმა ერითრიტოლსა და გულსისხლძარღვთა პრობლემებს შორისაც გამოავლინეს კავშირი გასულ წელს.
მათი აზრით, მეტი კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რამდენად უსაფრთხოა გულისთვის ქსილიტოლი ხანგრძლივ პერსპექტივაში. კვლევას რამდენიმე შეზღუდვა ჰქონდა, მათ შორის ისიც, რომ კლინიკური დაკვირვებებით კორელაცია გამოიკვეთა და არა მიზეზშედეგობრივი კავშირი.
მკვლევრები გვირჩევენ, რომ ჩვენზე მორგებული რეკომენდაციების მისაღებად ექიმს გავესაუბროთ და ასე გადავწყვიტოთ, როგორი საკვების მიღება იქნება ჩვენთვის გონივრული.
კომენტარები