რა ვიცით მარსის ზედაპირზე არსებულ ღრმულებზე და როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება
მარსის ეკვატორთან ახლოს, Arsia Mons-ის სახელით ცნობილი ვულკანის მიმდებარედ, რამდენიმე მეტრი სიგანის ღრმულია, რომელსაც ზედა სურათზე ვხედავთ. ის NASA-ს ზონდზე Mars Reconnaissance Orbiter (MRO) დამონტაჟებულმა კამერამ HiRISE გადაიღო.
ღრმული ტარსისის რეგიონშია განლაგებული, სადაც კიდევ ორი სხვა ვულკანი გხვდება. ეს არეალი ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული და წითელი პლანეტის სხვა ტერიტორიებთან შედარებით დაახლოებით 10 კილომეტრით უფრო შემაღლებულია.
ჩვენი მეზობელი ციური სხეულის წარსულში აღნიშნული რეგიონი ვულკანურად ძალიან აქტიური იყო, შესაბამისად, იქ ლავის სადინარი არხების ფორმირება გასაკვირი არაა. ზედაპირის ქვეშ არსებული ასეთი ღრუ ადგილები რადიაციისგან თავის დასაცავად გამოსადეგია და არაა გამორიცხული, სამომავლოდ ამ მიზნით ასტრონავტებმაც გამოიყენონ.
მაშ, შეიძლება თუ არა, რომ ზემოხსენებული ღრმულიც მსგავს არხებს უერთდებოდეს? მეცნიერებს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ, მაგრამ ამის ალბათობას არ უარყოფენ.
ვიცით, რომ ასეთი წარმონაქმნები ვულკანური აქტიურობის პირდაპირი შედეგია. ზემოხსენებულ არეალში რამდენიმე მსგავსი ღრმულია, რომლებიც შესაძლოა, ლავის არხებში შესასვლელი ან მათი კოლაფსირებული ნაწილი იყოს.
ერთ-ერთი სურათი, რომელიც ქვემოთაა წარმოდგენილი, ღრმულის განათებულ შიდა კედელს გვიჩვენებს. ეს მიანიშნებს, რომ შეიძლება, ის ცილინდრის ფორმის წარმონაქმნი იყოს და არაფერს უერთდებოდეს.
ამგვარი ადგილები დედამიწაზე, კერძოდ ჰავაიზე არსებული ვულკანების მიმდებარედაც, გვხვდება. მათ ღრუ კრატერები ეწოდება და ქვაბულებსა თუ ლავის არხებს არ უკავშირდება.
ისინი მიწისქვეშა არეალებში მომხდარი კოლაფსის შედეგადაა ფორმირებული, რაც ვულკანების ამოფრქვევას მოჰყვება ხოლმე. ნაპრალი ჯერ სიღრმეში ჩნდება, შემდეგ კი ზედაპირამდე ადის და მიწის ჩავარდნას განაპირობებს.
მსგავსი კრატერები დედამიწაზე, საბოლოოდ, მცენარეებით იფარება, მაგრამ მარსზე თავდაპირველი სახით ნარჩუნდება. ჰავაიზე მათი სიღრმე 6-დან 186 მეტრამდეა, სიგანე კი 8-1140 მეტრს აღწევს. შედარებისთვის, სულ პირველ ფოტოზე აღბეჭდილი მარსის ღრმული ზედაპირიდან 178 მეტრ სიღრმეშია.
ამის მიუხედავად, წითელ პლანეტაზე უფრო დიდი ზომის "ქვაბულებიცაა", როგორიც, მაგალითად, ქვედა ვიდეოშია ნაჩვენები. ის ვულკან Pavonis Mons-ზეა განლაგებული და მის შიგნით სიცარიელე მოჩანს, მაგრამ ზუსტი სტრუქტურა უცნობია.
ასეა თუ ისე, არ გამორიცხავენ, რომ ეს ადგილები მომავალში ასტრონავტების თავშესაფრად იქცეს, მაგრამ მანამდე ისინი უეკიპაჟო მისიების განმავლობაში უნდა გამოვიკვლიოთ.
კომენტარები