ნაკაწრები თავის ქალაზე — ეგვიპტელები სიმსივნის მკურნალობას 4000 წლის წინ ცდილობდნენ
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2686-2345 წლებს შორის პერიოდის თავის ქალა შეისწავლეს. მასზე დიდი ზომის სიმსივნური წანაზარდის ნიშანია ისევე, როგორც შედარებით მცირე ზომის 30-მდე მეტასტაზური წარმონაქმნის.
ანალიზმა აჩვენა, რომ მათ გარშემო ნაკაწრებია, რომლებიც ისეთი ბასრი საგნის კვალი უნდა იყოს, როგორიც ლითონის ინსტრუმენტია. აქედან ასკვნიან, რომ ეს ძველეგვიპტელების მიერ სიმსივნის მკურნალობის 4000 წლის წინანდელ მცდელობაზე მიანიშნებს. მეცნიერთა თქმით, თავად "პაციენტი" 30 წელს გადაცილებული კაცი იყო.
სიმსივნის უძველესი აღწერა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1600 წლით დათარიღებულ პაპირუსზეა დატანილი და, სავარაუდოდ, უფრო ადრეული წყაროს ასლია. იქ მკერდის კიბოზეა საუბარი და ნათქვამია, რომ ამის მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. ახალი მიგნება კი სწორედ სიმსივნესთან პირდაპირ დაკავშირებულ ქირურგიულ ჩარევაზე მიუთითებს.
"ესაა ის, სადაც თანამედროვე მედიცინა იწყება", — აცხადებენ ავტორები.
მათ სხვა თავის ქალაც გააანალიზეს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 664-343 წლებს შორის პერიოდში მცხოვრებ შუახნის ქალს ეკუთვნოდა. ზემოხსენებული კაცის მსგავსად, სიმსივნური წარმონაქმნი მის თავის ქალაზეც იყო. ორ სხვა ადგილას ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებები შეინიშნებოდა, თუმცა უკვე შეხორცებული. აქედან ასკვნიან, რომ ძველ ეგვიპტეში ამგვარი ტრავმის სამკურნალოდ კარგი სამედიცინო საშუალებები ჰქონდათ, სიმსივნის საწინააღმდეგოდ კი — არა.
ამის მიუხედავად, უკანასკნელი კვლევა მიანიშნებს, რომ ეგვიპტელები კიბოს მკურნალობას მაინც ცდილობდნენ. მეცნიერებს სურთ, უფრო ძველი ნიმუშებიც შეისწავლონ, რადგან ვარაუდობენ, რომ სიმსივნის ამოკვეთის მცდელობას წინ უფრო ადრინდელი ცოდნა უსწრებდა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები