რატომ გაქრა ციდან ასობით მასიური ვარსკვლავი — შესაძლოა, მეცნიერებს პასუხი ჰქონდეთ
მასიური ვარსკვლავები სიკვდილისას ფეთქდება, რასაც სუპერნოვას, იგივე ზეახალს, უწოდებენ. ამის მიუხედავად, არსებობს ასობით მნათობი, რომლებიც ცაზე ადრე ჩანდა, ახლა კი არა, მაგრამ მათი აფეთქების კვალი არ დაფიქსირებულა. მაინც რა დაემართა ამ ობიექტებს?
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები აღნიშნულ კითხვაზე პოტენციურ პასუხს გვთავაზობენ. მათი აზრით, ზოგიერთი ვარსკვლავი შავ ხვრელად გადაქცევისას სრულ კოლაფსს განიცდის. ეს მოვლენა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მას ვერაფერი აღწევს თავს, შესაბამისად ამ ფენომენს სიკაშკაშე არ ახასიათებს.
ამას სპეციალისტები ბინარული სისტემის VFTS 243 მაგალითზე ასკვნიან, რომელშიც შავი ხვრელის ფორმირების დროინდელი სუპერნოვას კვალი არ შეინიშნება. წესით, მზეზე მინიმუმ 8-ჯერ მასიური მნათობის სიკვდილისას სივრცეში მისი გარე შრეები იფანტება, რომლებიც მტვრისა და აირის უზარმაზარ ღრუბელს წარმოქმნის. ეს მატერია ასობით ათასი ან მილიონობით წლის განმავლობაში ნარჩუნდება. რაც შეეხება ბირთვს, მას საკუთარი გრავიტაცია კოლაფსისკენ უბიძგებს, ეს კი, პირვანდელი მასის მიხედვით, ან ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოქმნის, ან შავ ხვრელს.
არის სხვაგვარი შემთხვევებიც: თუ აფეთქება არაპროპორციულია, ამას სივრცეში ბირთვის გატყორცნა შეუძლია. მისი ტრაექტორია საშუალებას იძლევა, რომ თავდაპირველი მდებარეობა დადგინდეს, მაგრამ თუ ზეახლად ანთებიდან საკმარისი დროა გასული, შესაძლოა, ღრუბელი გამქრალი იყოს. სამაგიეროდ გატყორცნის კვალი უფრო დიდხანს ნარჩუნდება.
ახლა კი VFTS 243-ს დავუბრუნდეთ. მასში არსებული ვარსკვლავი დაახლოებით 7.4 მილიონი წლისაა. ის მზეზე 25-ჯერ მასიურია, შავი ხვრელი კი — 10-ჯერ. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი უხილავია, რადგან მის გრავიტაციას სინათლეც კი ვერ უსხლტება, მაგრამ ამ ობიექტის შესახებ კომპანიონ მნათობზე მისი გავლენის შესწავლის გზით ვიგებთ.
მაგალითად, გამოსადეგია ვარსკვლავის ორბიტაზე დაკვირვება, რომელიც თითქმის იდეალურად წრიულია. ეს და სხვა ფაქტორები მიუთითებს, რომ შავი ხვრელი სუპერნოვას შორს არ გაუტყორცნია, რაც ახალი კვლევის ფარგლებში დადასტურდა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ის სრული კოლაფსის შედეგად პირდაპირ, სუპერნოვას გარეშე, ფორმირებულიყო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები