პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
საჰარის დასავლურ უდაბნოში, გიზასა და ლიშტს შორის არსებულ ვერტიკალურ მონაკვეთში, 30-ზე მეტი პირამიდაა ჩამწკრივებული, მათ შორის თავად გიზის დიდი პირამიდაც.
ისინი მდინარე ნილოსისგან მოშორებით მდებარეობს, მაგრამ, ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ძველად ასე სულაც არ ყოფილიყო. კერძოდ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს გასაოცარი ნაგებობები ახლოს იყო მდინარის ერთ-ერთ განშტოებასთან, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრა.
ამის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მეცნიერებმა სატელიტური მონაცემები გამოიყენეს და პირამიდებთან ახლოს მდინარის განშტოების კვალის ძებნას შეუდგნენ. მათ ასეთ პოტენციურ ადგილს მართლაც მიაგნეს და გეოფიზიკური კვლევებისთვის იქიდან ნიმუშები აიღეს.
ეს მასალა ნილოსის 64-კილომეტრიან განშტოებაზე მიანიშნებს, რომელიც ძველად არსებობდა. მას სპეციალისტებმა Ahramat შეარქვეს, რაც არაბულად "პირამიდებს" ნიშნავს. მკვლევრები ამბობენ, რომ წყლის ამ ნაკადის სიგანე ზოგიერთ არეალში ნახევარ კილომეტრს ან უფრო მეტს აღწევდა, ანუ ის არა პატარა, არამედ ერთ-ერთი მთავარი განშტოება უნდა ყოფილიყო.
სავარაუდოდ, Ahramat-მა გაქრობა დაახლოებით 4200 წლის წინ დაიწყო, პირამიდების აგების შემდგომ საუკუნეებში. ამის მიზეზი ძლიერი გვალვები უნდა გამხდარიყო, საბოლოოდ კი განშტოების ადგილს ქარით მონაბერი ქვიშა გადაჰფენოდა. დიდი ალბათობით, მის მსგავსად გაქრა ნაპირებზე გაშენებული დასახლებებიც.
ეს მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელია, ეგვიპტელებს Ahramat პირამიდებს აგებისას გამოეყენებინათ. კერძოდ, მძიმე ლოდების ხმელეთზე გადაადგილების ნაცვლად მათ საშუალება ექნებოდათ, ისინი ნავებით გადაეზიდათ და ადამიანებიც ამ გზით გადაეყვანათ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები