რა როლი ჰქონდა ირმის ნახტომს ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში
ძველი ეგვიპტელები მზის, მთვარისა და პლანეტების ასტრონომიული ცოდნით არიან ცნობილები. თუმცა, აქამდე ზუსტად არ ვიცოდით, თუ რა როლი ჰქონდა ირმის ნახტომს ეგვიპტურ რელიგიასა და კულტურაში.
პორტსმუთის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა ქალღმერთ ნუთსა და ირმის ნახტომს შორის "კავშირი" გამოავლინეს.
ნუთი ცის ქალღმერთია, რომელიც ეგვიპტურ მითოლოგიაში ცაში გამოსახული ქალის სახითაა წარმოდგენილი. ის დედამიწის ღმერთი გების დაა და მას ვარსკვლავების დედად აღიქვამდნენ. მას ხშირად ფეხის წვერებსა და ხელის თითებზე დაყრდნობილ ახალგაზრდა ქალად გამოსახავდნენ ხოლმე, რომელიც დედამიწასა და თავის ძმას ზემოდან დაჰყურებს. ნუთი დედამიწის დამცველიცაა და მზის ციკლში მთავარ როლს ასრულებს. ის მზეს ჩასვლისას "შთანთქავს" და შემდეგ ამოსვლისას მას "შობს".
"ქალღმერთ ნუთზე ინფორმაციას გალაქტიკებზე წიგნის წერისას გადავაწყდი. მაშინ ირმის ნახტომთან დაკავშირებულ მითოლოგიას ვიკვლევდი და ჩემი შვილები მუზეუმში წავიყვანე. ისინი ნუთის გამოსახულებით მოიხიბლნენ და სულ მასზე მეკითხებოდნენ, აინტერესებდათ თუ ვინ იყო ის", — თქვა ასტროფიზიკის ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ორ გრაურმა.
ამან გრაურის ინტერესი გააღვივა. მან ასტრონომიისა და ეგვიპტოლოგიის გაერთიანებით ქალღმერთის შესწავლა დაიწყო. ასტროფიზიკოსს აინტერესებდა რამდენად იყო დაკავშირებული ნუთი ირმის ნახტომთან.
დოქტორმა გრაურმა უძველესი წყაროები და ეგვიპტის ღამის ცის რუკები შეისწავლა. მან იპოვა დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ირმის ნახტომი ნამდვილად დაკავშირებული იყო ნუთთან.
კვლევა ძველ ეგვიპტურ ტექსტებს ეყრდნობა და ამტკიცებს, რომ ირმის ნახტომი ნუთის ღვთაებასთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული. გრაურის თქმით, ზამთარში ირმის ნახტომი ნუთის გაშლილ ხელებს აღნიშნავდა, ხოლო ზაფხულში, ზეცაში მის ხერხემალს მიჰყვებოდა.
ეს ირმის ნახტომის სეზონურ "ცვლილებასთანაა" დაკავშირებული. ცნობისთვის, ირმის ნახტომი ზაფხულის თვეებში აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იცვლის პოზიციას, ხოლო ზამთარში ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.
რაც საინტერესოა, კვლევის თანახმად, ცის ქალღმერთი სწორედ რომ გალაქტიკის ცნობილ გამოსახულებას ფარავს. გრაური განმარტავს, რომ "ზამთარში ირმის ნახტომი ნუთის მკლავებთანაა კვეთაში, ხოლო ზაფხულის თვეებში მის ტანთან (ხერხემალთან)".
მეტიც, გრაურმა ეგვიპტური შეხედულებები სხვა კულტურების რწმენებთანაც დააკავშირა და აჩვენა მსგავსება, თუ როგორ განმარტავს სხვადასხვა საზოგადოება ირმის ნახტომს. გრაურის თქმით, ნუტი გარკვეულწილად ფრინველების მიგრაციასთანაცაა დაკავშირებული.
კვლევა Journal of Astronomical History and Heritage-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები