სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე — როგორ ზრუნავს TBC გარემოზე
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს მთელი კაცობრიობა დგას, ეკოლოგიური პრობლემებია. ერთი მხრივ, ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და მრავალმხრივი მიდგომების გამოყენებას საჭიროებს. მეორე მხრივ კი, თუნდაც ერთი ადამიანის მიერ, ეკოლოგიაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას, მნიშვნელოვნად პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა შეუძლია. ადამიანებს გვაქვს როგორც ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, ასევე, ამაზე ზრუნვის ვალდებულებაც.
დედამიწისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენ მიერ წარმოებული ერთჯერადი გამოყენების მასალები, რომელთა გადამუშავებაც, სამწუხაროდ, იშვიათად ხდება, მათ გახრწნას კი წლები სჭირდება, რაც ბუნებაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს. ამიტომ, ბოლო პერიოდში სულ უფრო მკაფიო ხდება სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობა.
თიბისი საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც თავისი ერთ-ერთი კამპანიის ფარგლებში სარეკლამო ბანერები გადაამუშავა და მათ ახალი სიცოცხლე შესძინა. ამ სტატიაში ნახავთ, საიდან გაჩნდა ეს იდეა, როგორ დაიგეგმა კამპანია, როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი და საბოლოო შედეგი.
ბრენდი ადამიანი და ბანერების გადამუშავების იდეა
სარეკლამო ბანერების გადამუშავების ინიციატორი იყო ქართული ბრენდი ადამიანი, რომელიც ხელნაკეთ ჩანთებსა და სხვა აქსესუარებს აწარმოებს.
"ძალიან მაწუხებს ამდენი ნარჩენის არსებობა და სულ ვფიქრობდი, ჩემი რესურსები ამ მიმართულებით უფრო აქტიურად გამომეყენებინა", — ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ბრენდის დამფუძნებელი, ნიკოლოზ ლუტიძე — "ვერც კი წარმოიდგენთ, ერთ თვეში რამდენი ტონა მასალა იყრება — მასალა, რომელსაც ძალიან დიდი დრო სჭირდება, რომ ბუნებამ გააქროს. ჩვენ კი, სამწუხაროდ, არ გვაქვს სისტემა, რომელიც მათ გადაამუშავებს და სხვა დანიშნულებას შესძენს", — ამბობს ის.
როგორც ნიკოლოზი გვიყვება, ბაზრის შესწავლის შედეგად აღმოაჩინა, რომ ყოველწლიურად ძალიან დიდი რაოდენობით სარეკლამო ბანერები მზადდება, რომლებიც, როგორც წესი, ერთჯერადი გამოყენებისაა. ნიმუშისთვის მან ბანერებისგან რამდენიმე პროდუქტი დაამზადა, რომლებიც პროექტის სახით, სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციას შესთავაზა.
"თიბისი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ მიმართულებით, ჩემთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რაც ძალიან დასაფასებელია", — ამბობს ნიკოლოზ ლუტიძე. მისი თქმით, თიბისისთან და სარეკლამო კომპანია Playmakers-თან თანამშრომლობით, ჯამში, 160 ცალი რაგბის ბანერი გადამუშავდა და მათგან პრაქტიკული ნივთები — ჩანთები დამზადდა.
"ჩემი ამოცანაა, ეს იდეა სხვა ორგანიზაციებმაც აიტაცონ, რათა რაც შეიძლება მეტი მასალა გადამუშავდეს. მაქვს ახალი იდეებიც, რომელთა შეთავაზებასაც ვაპირებ. იმედი მაქვს, ეს არ იქნება ერთჯერადი და იქნება მასშტაბური", — აღნიშნავს ნიკოლოზი.
რატომ მაინცდამაინც რაგბის ბანერები?
2023 წელს, თიბისიმ რაგბის მსოფლიოს თასს მასშტაბური მხარდამჭერი კამპანია — "ერთად გავიმარჯვებთ" მიუძღვნა, რომლის ფარგლებშიც ვიდეორგოლთან და სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად, რაგბის სარეკლამო ბანერების სერია დამზადდა. სარეკლამო კომპანია Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, კოკა ქამუშაძე გვეუბნება, რომ ნიკოლოზ ლუტიძის მიერ შეთავაზებული იდეა რაგბის სარეკლამო კამპანიის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა:
"ვიფიქრეთ, რომ ქალაქში გაკრული ბანერებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა კამპანიის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა. უკვე გამოყენებული მასალის სხვა დანიშნულებით გამოყენება ერთგვარ უწყვეტ ჯაჭვს ქმნის და გვარწმუნებს, რომ რაღაცის გასაკეთებლად, არ არის აუცილებელი, ყოველ ჯერზე, ახალი რესურსი იხარჯებოდეს", — ამბობს ის.
კოკას თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მასალის გადამუშავებით მიღებული პროდუქტი, იქნება ეს ჩანთა თუ სხვა ნებისმიერი ნივთი, იყოს საინტერესო და მიმზიდველი, რათა ხალხმა მისი გამოყენება დაიწყოს.
"თუ გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი ჩვენი ყოველდღიური მოხმარების საგანი გახდება, უფრო და უფრო მეტი ბრენდი მიაქცევს ამას ყურადღებას, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში, გარემოზე დადებითად აისახება", — აღნიშნავს კოკა ქამუშაძე.
თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მაყაშვილი კი იმის შესახებ გვესაუბრება, თუ რატომ იყო მათთვის საინტერესო ამ კამპანიაში მონაწილეობა.
ის ამბობს, რომ გამოყენებული მასალების გადამუშავება, ნარჩენების გონივრულად მართვა და რესურსების დაზოგვა გლობალურად მნიშვნელოვანი საკითხია.
"ჩვენ, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს თიბისის საქმიანობამ გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაზე. ჩვენი მიზანი, არა მხოლოდ კარგი ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება, არამედ პოზიტიური სოციალური ტენდენციების ხელშეწყობაცაა. სარეკლამო მასალების გადამუშავების ინიციატივაც სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია", — გვეუბნება ალექსანდრე მაყაშვილი.
მისი თქმით, ეს თიბისის პირველი კამპანია იყო, რომლის ფარგლებშიც სარეკლამო ბანერები გადამუშავდა. თუმცა, საზოგადოების უკუკავშირი იმდენად დადებითი იყო, რომ აპირებენ, გამოყენებული ბანერებით ახალი პროდუქციის შექმნა ტრადიციად აქციონ და მათგან ლამაზი და პრაქტიკული ნივთები შექმნან.
კომენტარები