ფლორიდელ კაცს, რომელსაც შაკიკი გაურთულდა, ტვინში ჭიის ლარვები აღმოაჩნდა
ფლორიდაში მცხოვრებ კაცს, რომელიც შაკიკის გართულებას ჩიოდა, ტვინში ლენტისებური ჭიის ლარვები აღმოაჩნდა. ექიმების აზრით, ინფიცირება ცუდად მომზადებული ბეკონის ჭამამ გამოიწვია. სამედიცინო შემთხვევაზე გამოცემაში American Journal of Case Reports ვკითხულობთ.
52 წლის კაცმა ექიმს თავიდან იმ მიზეზით მიაკითხა, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში შაკიკი საგრძნობლად გაურთულდა. შეტევები მას თითქმის ყოველკვირეულად ჰქონდა; ტკივილი ძალიან ძლიერი იყო და შაკიკის მედიკამენტებზე არ რეაგირებდა.
პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია დაუნიშნეს, რომელმაც ტვინში რამდენიმე ცისტა — სითხით სავსე ბუშტი — გამოავლინა. ექიმებმა იეჭვეს, რომ კაცს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება ჰქონდა.
დამატებითმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ცისტები პარაზიტის, ლენტისებური ჭიის (იგივე თასმისებური ჭია), ლარვები ყოფილა. ისინი კაცის ტვინში დასახლდნენ და ინფექცია გამოიწვიეს, სახელად ნეიროცისტიცერკოზი.
CDC-ს მიხედვით, ცისტიცერკოზი ინფექციაა, რომელსაც ლენტისებური ჭიის კვერცხების გადაყლაპვა იწვევს. კვერცხები ხშირად უკვე ინფიცირებული ადამიანის განავლიდან ვრცელდება. ისინი შემდგომ ლარვის შემცველ ცისტებად იქცევა, რომლებსაც ტვინის, კუნთებისა თუ სხვა ქსოვილების ინფიცირება შეუძლია.
ნეიროცისტიცერკოზი დაავადების კონკრეტული ფორმაა, რომლის დროსაც ლარვებით ტვინი ინფიცირდება. ამის რისკი მაღალია ისეთ ადგილებში, სადაც სანიტარია ნაკლებადაა დაცული და ღორებიც თავისუფლად დარბიან.
ამ შემთხვევაში კაცს ტიპური რისკფაქტორები არ ჰქონია: მას სარისკო ადგილებში არ უმოგზაურია, არ ჰქონია კონტაქტი ღორებთან და არც ცუდ სანიტარულ პირობებში უცხოვრია. მეორე მხრივ, იგი გამოტყდა, რომ მთელი თავისი ცხოვრება მსუბუქად, ანუ არასაკმარისად, მომზადებულ ბეკონს მიირთმევდა.
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ კაცის ტვინში პარაზიტი "ავტოინფექციის" გზით აღმოჩნდა. სავარაუდოდ, პაციენტს თასმისებური ჭია თავიდან ნაწლავებში გაუჩნდა (ტენიოზი) ბეკონის მირთმევის შედეგად. როგორც ჩანს, ფეკალიებში გამოყოფილი კვერცხები მან ისევ შეჭამა (ხელების ცუდი ჰიგიენის გამო), ამან კი საბოლოოდ ნეიროცისტიცერკოზი გამოიწვია.
კაცს სტეროიდებითა და ანტიპარაზიტული პრეპარატებით უმკურნალეს. თავის ტკივილმა გაუარა, ტვინში არსებული ცისტები კი დაპატარავდა.
CDC-ს მიხედვით, ნეიროცისტიცერკოზი აშშ-ში იშვიათი დაავადებაა და მისი პრევენცია შესაძლებელია. იმისათვის, რომ ლენტისებური ჭიებით ინფიცირება ავირიდოთ თავიდან, ხორცი შესაბამის ტემპერატურაზე უნდა მოვამზადოთ. ცისტიკერკოზის საპრევენციოდ, უმჯობესია, საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ და საკვებთან შეხებამდე ხელები კარგად დავიბანოთ.
კომენტარები