აღმოაჩინეს უძველესი ტყის კვალი, რომელიც 390 მილიონი წლის წინანდელია
მეცნიერებმა ინგლისის სანაპიროს მაღალ კლდეებში ტყის უძველეს კვალს მიაგნეს. ის 390 მილიონი წლის წინანდელია. Calamophyton-ის გვარში შემავალი, პალმის მსგავსი, ხეები 3-4 მილიონი წლით უფრო ადრინდელია, ვიდრე ნიუ-იორკში აღმოჩენილი ნიმუშები, რომლებსაც რეკორდულად ძველის სტატუსი აქამდე ჰქონდა.
წითელი ქვიშაქვის კლდეებში სპეციალისტებმა ხეების ფესვების, ტოტებისა და სხვა ნაწილების მიერ დატოვებული ანაბეჭდები გამოავლინეს. ისინი დევონური პერიოდის მცენარეებს ეკუთვნის, როცა ზღვის დონის შემცირებამ ორი სუპერკონტინენტი წარმოშვა — გონდვანა და ევროამერიკა.
მშრალ ხმელეთზე ცხოველები და პრიმიტიული მცენარეები მალევე გავრცელდა. ამ უკანასკნელს თავდაპირველად ფესვები, ფოთლები, თესლები, სპორები და წყლისა თუ საკვები ნივთიერებების გადამტანი სისტემა არ ჰქონდა, ამიტომ სანაპიროებთან ხარობდა. Calamophyton-ში ფესვები და გადამტანი ქსოვილები უკვე გვხვდებოდა, მაგრამ მათი სიმაღლე მხოლოდ 2-4 მეტრს აღწევდა, ტოტები კი თხელი და ღრუიანი იყო. მსგავსი ნიმუშები აშშ-ში, გერმანიასა და ჩინეთშიცაა მიკვლეული.
აღსანიშნავია, რომ უძველესი ხეების კვალი იმ ადგილებშია აღმოჩენილი, სადაც ისინი გაიზარდა ან წაიქცა. ეს მეცნიერებს მაშინდელი ეკოსისტემის უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევს. მაგალითად, დაადგინეს, რომ ეს მცენარეები ერთმანეთთან ახლოს იყო განლაგებული და საკმაოდ მჭიდრო ტყეს ქმნიდა.
ისინი დღეს არსებულ ხეებს სრულებით არ ჰგავდა. მათ ქვეშ მიწაზე ჯერ ბალახიც კი არ იყო წარმოქმნილი. Calamophyton-ზე ფოთლების ნაცვლად ასობით პატარა ტოტი იყო, რომლებიც დაბლა ცვიოდა, რასაც მაშინდელ ლანდშაფტზე ჰქონდა გავლენა.
ვარაუდობენ, რომ არსებობის განმავლობაში ამ ხეებიდან 800-მდე ასეთი ტოტი ცვიოდა. ეს კი მაშინდელი ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მიწისთვის ორგანულ მატერიას ქმნიდა.
ამგვარი ტყეების გარშემო მდინარეები მიედინებოდა, ამიტომ სეზონური დატბორვები ხშირი იყო. მცენარეული საფარი წყლის ნაკლებობასაც განიცდიდა, ამიტომ მათში უფრო ღრმა ფესვები განვითარდა. ამან ფერდობებისა და სხვა გეოლოგიური წარმონაქმნების ფორმირებას შეუწყო ხელი და ხეების ახალი კოლონიის გასაზრდელად წინაპირობა შექმნა.
სწორედ ხმელეთისა და წყლის ურთიერთქმედების შედეგად შემოინახა დღემდე ამ ხეების კვალი. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of the Geological Society გამოქვეყნდა.
კომენტარები