ყოველ 2.4 მილიონ წელში ერთხელ მარსი დედამიწის ოკეანეების დინებებს ცვლის
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც წყალქვეშა გეოლოგიურ მონაცემებს ეყრდნობა, ყოველ 2.4 მილიონ წელში ერთხელ მარსის გავლენით დედამიწის ოკეანეების დინებები იცვლება.
"ამის ახსნა მხოლოდ ერთი რამით შეიძლება: ეს მზის გარშემო მოძრაობისას მარსისა და დედამიწის ურთიერთქმედების ციკლებს უკავშირდება", — აცხადებენ მეცნიერები.
ამ პერიოდული ცვლილებების შესახებ ბოლო წლებში შევიტყვეთ. ესაა 2.4 მილიონწლიანი ციკლები, რომლებიც ჩვენი და წითელი პლანეტის კონკრეტული ორბიტული განლაგებითაა განპირობებული. მსგავსი მოვლენის გეოლოგიური მტკიცებულებები იშვიათია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ციკლის პიკის დროს დედამიწაზე მზის რადიაცია იმატებს და უფრო თბილ კლიმატს მიღებთ.
რა თქმა უნდა, ეს ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ გლობალურ დათბობას არ უკავშირდება ისევე, როგორც მილანკოვიჩის ციკლები, რომლებიც უფრო ხანმოკლე პერიოდულობისაა. ისინი იუპიტერთან და სატურნთან, მარსზე ბევრად მასიურ პლანეტებთან, ურთიერთქმედების შედეგია.
მარსის ზემოქმედების შესასწავლად სპეციალისტები ოკეანეების სიღრმეში არსებულ დინებებს დააკვირდნენ. მათ სურდათ გაეგოთ, იცვლებოდა თუ არა ისინი მაშინ, როცა კლიმატი უფრო თბილი იყო. ნაპრალებიანი ქანები სწრაფ დინებებზე მიუთითებს, მყარი კი პირიქით, ნელზე.
293 ღრმაოკეანური ნიმუშის ანალიზისას ავტორებმა 387 ნაპრალოვანი წარმონაქმნი გამოავლინეს, რომლებიც ბოლო 70 მილიონ წელშია ფორმირებული. მათში სწორედ 2.4 მილიონწლიანი ციკლურობა შენიშნეს, რაც მარსისა და დედამიწის ურთიერთქმედების პერიოდულობას ემთხვევა. ასევე, ეს რღვევები თბილი კლიმატური პირობების დროსაა გაჩენილი.
ასეთი პერიოდია პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმი, რომელიც დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ იყო. მაშინ გლობალურმა ტემპერატურამ 8 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა, რასაც სხვადასხვა ფაქტორთან აკავშირებენ, მათ შორის შეიძლება იყოს წითელი პლანეტის გავლენაც.
"ჩვენი ღრმაწყლოვანი მონაცემები, რომლებიც 65 მილიონ წელს ფარავს, მიანიშნებს, რომ შედარებით თბილ ოკეანეებში უფრო ძლიერი ცირკულაციაა. ეს ოკეანეს არააქტიურობისგან პოტენციურად დაიცავს მაშინაც კი, თუ ატლანტის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია შენელდება ან შეწყდება", — ამბობენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები