გაზაფხულის ყვავილები ახლა უფრო ადრე ყვავის, ვიდრე დეკადების წინ — კვლევა
მცენარეთა ყვავილობა გარემოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება, როგორიცაა სეზონების მონაცვლეობისას ტემპერატურის ცვლილება, საკვები ნივთიერებების კონცენტრაციის ზრდა, წყლის ხელმისაწვდომობა და ა.შ.
ახალი კვლევით დადგინდა, რომ ეს ფაქტორები ესპანეთში მდებარე დონიანის ეროვნულ პარკში ყვავილობას რამდენიმე კვირით ადრე იწვევს. საშუალო ტემპერატურამ ამ რეგიონში 1°C მოიმატა, მინიმალური ზღვარი კი 2°C-ით გაიზარდა. ამის გამო იქაური ფლორა აპრილის შუა რიცხვებში ისეთ პირობებშია, რომელიც მაისის პირველი კვირისთვისაა დამახასიათებელი.
აღნიშნულ პარკში მცენარეთა 875 ადგილობრივი სახეობაა, მათ შორის ლავანდა, როზმარინი, ოლეანდრი, მაყვალი, ბეგქონდარა, ღვია და სხვა. ესპანელმა და ბრაზილიელმა მეცნიერებმა ამ არეალში არსებული ხეების, ბუჩქებისა თუ ჩირგვების ყვავილობის 35-წლიანი მონაცემები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ყოველ წელს ეს მცენარეები უფრო და უფრო ადრე ყვავილობს. კერძოდ, 1980-იანი წლების შემდეგ ამ პროცესმა 22 დღით ადრე გადაიწია.
ეს მიუთითებს, რომ კლიმატის ცვლილების პარალელურად დონიანის ეროვნულ პარკში გავრცელებული მცენარეების დიდ ნაწილში ბიოლოგიური რიტმი შეიცვალა, რომელსაც ფენოლოგია იკვლევს. "ფენო" ბერძნულად "გამოჩენას", "სინათლეზე გამოსვლას", "გაჩენას" ნიშნავს. ფენოლოგია ბიოლოგიური სასიცოცხლო ციკლების ფენომენს შეისწავლის.
მიმდინარე საუკუნეში ფენოლოგია კლიმატის ცვლილების შედეგების გაანალიზებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამ მონაცემებით დაადგინეს სპეციალისტებმა, რომ მათ მიერ გამოკვლეულ მცენარეთა 80%-მა სეზონზე ნაადრევად დაიწყო ყვავილობა, 68%-მა კი ნაადრევად დაასრულა.
ყველაზე მეტად ეს როზმარინზე აისახა, რომელიც ახლა 92 დღით ადრე ყვავილობს. ზოგ სახეობაში ყვავილობა ჩვეულებრივზე დიდხანს მიმდინარეობს, ამიტომ ყვავილობის პერიოდების თანხვედრა ახალი კომბინაციებით ვლინდება. მწერების მიერ დამტვერვადი მცენარეების ნახევარზე მეტი ერთმანეთს კონკურენციას უწევს, თითქმის 40%-ში კი ყვავილობა ამ კონკურენციის დროით შუალედს არ ემთხვევა, რადგან გადაინაცვლა.
დონიანის ეროვნული პარკი გიბრალტარის სრუტეს ესაზღვრება და მისი მარილიანი ჭაობები ევროპასა და აფრიკას შორის სეზონურად მიგრირებადი ცხოველებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. ეს ნიშნავს, რომ ამ ბიომრავალფეროვანი ეკოსისტემის ცვლილებების შედეგები შესაძლოა, ჩრდილოეთ ევროპასა და სამხრეთ აფრიკაშიც საგრძნობი იყოს.
ასევე, ეს ტერიტორია მრავალი გადამფრენი ფრინველისთვის შეჯვარების ადგილია, ისინი კი იქ არსებულ მწერებსა და მცენარეთა თესლებზე არიან დამოკიდებულნი, რომლებსაც საკვებად იყენებენ. მწერების ხელმისაწვდომობა ყვავილობის პროცესს პირდაპირ უკავშირდება, რადგან სახეობების უმეტესობა იქ სწორედ დამტვერვადია.აქედან გამომდინარე, ნაადრევი ყვავილობა მთლიან ეკოსისტემაზე აისახება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Annals of Botany გამოქვეყნდა.
კომენტარები