AI-ს ადამიანის სქესის გარჩევა 90%-იანი სიზუსტით შეუძლია — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი მოდელი შექმნეს, რომელიც ტვინის სკანირებით მიღებული გამოსახულებების საფუძველზე 90%-იანი სიზუსტით არჩევს, ქალს ეკუთვნის იგი თუ კაცს.
"კვლევის მთავარი მიზანი ისაა, რომ სქესი სასიცოცხლო როლს თამაშობს ადამიანის ტვინის განვითარებაში, დაბერებაში და სხვადასხვა ფსიქიატრიული თუ ნევროლოგიური დაავადებების გამოვლენაში", — განმარტავს სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორი ვინოდ მენონი, ფსიქიატრიისა და ქცევის შემსწავლელი მეცნიერებების პროფესორი.
მეცნიერები დიდი ხანია ვერ თანხმდებიან იმაზე, აქვს თუ არა გავლენა ან რა გავლენა აქვს ადამიანის სქესს ტვინის სტრუქტურასა თუ ფუნქციონირებაზე. ცნობილია, რომ სასქესო ჰორმონები ჰორმონთა გამოყოფაზე ზემოქმედებს, თუმცა სქესისა და ტვინის კონკრეტული განსხვავებების ერთმანეთთან დაკავშირება საკმაოდ რთული საქმეა.
მენონმა და მისმა გუნდმა დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი და დიდი მონაცემთა ბაზები გამოიყენეს, რათა ტვინის გამოსახულებები შეესწავლათ.
ადამიანის ტვინში ზოგი რეგიონი უფრო მკაფიოდ ნათდება იმის მიხედვით, კაცისაა იგი თუ ქალის. მკვლევრებმა კონკრეტულ ადგილებს მიაგნეს, რომლებიც მოდელს ამის განსაზღვრაში ყველაზე უკეთ დაეხმარებოდა.
მოდელმა წინა მეთოდებზე უკეთ იმუშავა და საკმაოდ დიდი სიზუსტით განასხვავა ერთმანეთისგან კაცებისა და ქალების ტვინები. ეს ფაქტი შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ ტვინში სქესთან დაკავშირებული განსხვავებები მართლაც არსებობს. მოდელი განსხვავებულ მონაცემებზეც ერთნაირად მუშაობს, ეს კი უკეთესი სანდოობის მანიშნებელია.
"ჯანმრთელი ზრდასრულების ტვინში მუდმივი და განმეორებადი სქესობრივი განსხვავებების აღმოჩენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა ფსიქიატრიული და ნევროლოგიური დაავადებების კუთხით სქესისათვის დამახასიათებელ სუსტ წერტილებს მივაგნოთ", — ამბობს მენონი.
მკვლევრებმა თავიანთი AI მოდელი ტვინის დაახლოებით 1 500 გამოსახულებაზე შეამოწმეს. ხელოვნური ინტელექტი ძირითადად ხვდებოდა, კაცს ეკუთვნოდა გამოსახულება თუ ქალს.
"ეს საკმაოდ სანდო მტკიცებულებაა იმისა, რომ სქესი ადამიანის ტვინის აგებულების ძლიერი დეტერმინანტია", — აცხადებს მენონი — "მკვლევარმა ჩვენი მოდელები შეიძლება, მაგალითად იმის დასადგენად გამოიყენოს, თუ ტვინებს შორის არსებული რა განსხვავებები უკავშირდება დასწავლის პრობლემებს ანდა სოციალურ ფუნქციონირებაში არსებულ განსხვავებებს. სწორედ ამ ასპექტების უკეთ შესწავლა გვსურს, რათა ადამიანებს ამ გამოწვევებთან ადაპტირებასა თუ მათ დაძლევაში დავეხმაროთ".
მეცნიერებს იმის გაგებაც სურდათ, თუ რამდენად შეიძლებოდა სხვა მოდელის გამოყენება იმის პროგნოზის გასაკეთებლად, რამდენად კარგად გაართმევდნენ ადამიანები თავს სხვადასხვა დავალებას. ეს იმ თავისებურებების მიხედვით, რომლებიც კაცებსა და ქალებს შორის განსხვავდება.
მათ კაცებისა და ქალებისთვის ცალკეული ორი მოდელი შექმნეს. ორივე მათგანი კოგნიტიური ფუნქციონირების პროგნოზს უკეთ აკეთებდა მაშინ, როდესაც შესაბამის სქესს აანალიზებდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლებელია, ქალისა და კაცის ტვინის მუშაობას შორის არსებული განსხვავებები მათ ქცევაზეც ისახებოდეს.
მკვლევრებმა მოდელი სქესთან დაკავშირებული განსხვავებებზე დასაკვირვებლად გამოიყენეს. მეორე მხრივ, მათი თქმით, იგი იმის საკვლევადაც შეიძლება გამოგვადგეს, თუ რა კავშირია ტვინის მახასიათებლებსა და ნებისმიერ კოგნიტიურ უნარსა თუ ქცევას შორის.
კვლევის მიგნებები ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა 19 თებერვალს.
კომენტარები