ახალი კვლევის თანახმად, ნებისმიერი გვამის ხრწნისას იგივე მიკროორგანიზმები გროვდება ადგილზე, განურჩევლად სხეულის ადგილმდებარეობისა და გარემო პირობებისა. მეცნიერებმა ეს მიკრობული ქსელის შესწავლით დაადგინეს. ეს სოკოები თუ ბაქტერიები გვამის ხრწნისას მუდმივად გვხვდება, თუმცა სხვა გარემოში — იშვიათად.

ტექნიკურად რომ განვმარტოთ, ხრწნა ორგანული მასალის შთანთქმაა სხვა ორგანიზმების მიერ. მიკრობებს, რომლებიც გვამების ხრწნისას გროვდებიან, ორგანული მასალების დაშლის კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. თავის მხრივ, ხრწნა იმ პროცესებისგან განსხვავებული მოვლენაა, როდესაც ორგანული ნარჩენებს რაიმე ფიზიკური ფაქტორი ანადგურებს, თუნდაც წყალი.

როგორც წესი, ხრწნისას მკვდარი სხეული საკვებ რესურსად გამოიყენება. ბევრი ორგანიზმი გვამს გამრავლების, "შთამომავლების" გაზრდისა და თავის შეფარების მიზნითაც იყენებს. როგორ დაუნდობლადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. სწორედ მკვდარი მასალის გადამუშავებით ინარჩუნებს ეკოსისტემები სიცოცხლეს — სუნთქავს ნიადაგი, იზრდება მცენარეები და გვაქვს საკვები.

ცნობილია, რომ მიკრობულ ქსელებს ხრწნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა მათი ეკოლოგია ჯერაც ბუნდოვანია. როგორც ნაშრომის ავტორები წერენ, ეს ხელს გვიშლის, რომ ეკოსისტემის ფუნქციონირებას ბოლომდე ჩავწვდეთ და ზუსტი მოდელები შევქმნათ. რთული გასაგებია ისიც, თუ რამდენად გამძლეა სისტემა და როგორია ბიოგეოქიმიური ნახშირბადისა თუ საკვები ნივთიერებების დონეები.

მეცნიერებს იმის სიღრმისეულად შესწავლა სურდათ, თუ როგორ და რომელი მიკრობთა ჯგუფები იკრიბებიან ხრწნისას. ამისათვის მკვლევრებმა 36 დამარხული ადამიანის გვამი გამოიკვლიეს, რომლებიც მეცნიერებისთვის იყო მიძღვნილი.

ასევე იხილეთ: როგორ მივყიდოთ საკუთარი სხეული მეცნიერებას და რას მივიღებთ სანაცვლოდ? — 9 გზა

სხეულები სამ სხვადასხვა ადგილას იყო ჩამარხული სხვადასხვა გარემოში. განსხვავებული იყო წელიწადის დროებიც. მკვლევრებმა გვამების კანისა და გარშემო არსებული მიწის ნიმუშები სიკვდილის დადგომიდან 21 დღის შემდეგ აიღეს.

///

კვლევით დადგინდა, რომ 36-ვე გვამში მიკრობთა ერთი და იგივე ჯგუფები იყრიდა თავს, დამარხვის ადგილისა და წელიწადის დროის განურჩევლად. ეს ჯგუფები იშვიათად შეინიშნებოდა ისეთ გარემოში, სადაც არაფერი იხრწნებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მხოლოდ იქ იყრიდა თავს, სადაც ადამიანის ან ცხოველის გვამი იყო.

ამის მიზეზს რაც შეეხება, მკვლევართა აზრით, შესაძლოა, მიკროორგანიზმთა შეჯგუფებაში მწერები მონაწილეობდნენ და სოკოები თუ ბაქტერიები ერთი მკვდარი ცხოველიდან მეორემდე გადაჰქონდეთ.

საგულისხმოა, რომ მკვლევრებმა მანქანური დასწავლის მოდელი გამოიყენეს და ხრწნის მიკრობული ქრონოლოგიის მიხედვით სწორად დაადგინეს, როდის მოკვდა ადამიანი. მაშასადამე, მიგნება თავისთავად საინტერესოა, თუმცა, შესაძლოა, მან პრაქტიკული გამოყენებაც პოვოს კრიმინალისტიკაში, კერძოდ, სიკვდილის დროის დადგენის კუთხით.

ნაშრომი გამოცემაში Nature Microbiology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.