პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადამიანის ტვინის მიკროსკოპული სტრუქტურების შესასწავლად რევოლუციური მეთოდი წარმოადგინეს. კვლევა, რომელსაც ბენჯამინ კრიკმორი ხელმძღვანელობდა, პერსპექტიულია და მას შეუძლია გაზარდოს ჩვენი ცოდნა ტვინის დაავადებების მხრივ — მათ შორის ალცჰაიმერისა და გაფანტული სკლეროზის შესახებ.

ტრადიციულად, მეცნიერები თავის ტვინის უჯრედული სტრუქტურების რთული დეტალების შესასწავლად ელექტრონულ მიკროსკოპს იყენებენ. თუმცა, ამ მეთოდს აქვს პრობლემები, როგორიცაა უჯრედის სტრუქტურის ცვლილება ქიმიკატების დამატებისა და ქსოვილის ფიზიკური ჭრის გამო.

არსებობს ალტერნატიული მიდგომაც, კრიო-ელექტრონული ტომოგრაფია (კრიო-ET), რომელიც უფრო მკაფიო სურათებს გვთავაზობს, მაგრამ აქაც არის პრობლემები. ეს მეთოდი გაყინვას მოითხოვს, რაც წარმოქმნის ყინულის კრისტალებს და ეს ბუნებრივ ანატომიას არღვევს.

და აი ახლა, კრიკმორმა და მისმა გუნდმა ადამიანის ტვინის ულტრასტრუქტურის შესასწავლად ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავეს. გაკვეთის შედეგად მიღებული ტვინის ქსოვილის ცოცხლად გაყინვით, მათ გადალახეს ტრადიციული გაყინვის მეთოდების პრობლემები.

"გაკვეთის დროს ქსოვილის შენარჩუნების ყველაზე გავრცელებული გზა მისი საყინულეში მოთავსება და შემდეგ გამოყენებაა. თუმცა, ნელ-ნელა გაყინვა, შემდეგ გადნობა და ისევ გაყინვა ქსოვილის სტრუქტურას აზიანებს. ასეთ დროს მემბრანები იშლება და ვკარგავთ სტრუქტურას", — განმარტა კრიკმორმა პრესრელიზში.

მეთოდის ყველაზე გასაოცარი ასპექტი ბევრად უფრო სქელი ნიმუშების სწრაფად გაყინვის უნარია. შედეგეად, ეს ყველაფერი ყინულის კრისტალების წარმოქმნის გარეშე ხდება, რაც მნიშვნელოვანი პროგრსია. გარდა ამისა, ეს მეთოდი სქელი ნიმუშების უფრო სწრაფად დამუშავების საშუალებას იძლევა და ვიღებთ ბევრად უფრო მკაფიო გარჩევადობის გამოსახულებას.

პერსპექტივა

ინოვაციური მიდგომის გამოყენებით, მკვლევრებმა უპრეცედენტო შედეგებს მიაღწიეს. მათ ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანის ტვინის უჯრედები კომპლექსურად შეისწავლეს.

მეთოდმა გამოავლინა ტაუს ფიბრილები, ალცჰაიმერის დაავადების დამახასიათებელი ნიშანი და აჩვენა უჯრედული კომპონენტები, რომლებიც ამ ბოჭკოების დაშლას ცდილობენ. გარდა ამისა, მკვლევრებმა ვიზუალურად გამოავლინეს და გაზომეს მიელინი, გადამწყვეტი ნერვული ფუნქციის გარსი, რომელიც ვლინდება დაავადებებში, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი.

"ჩვენ შევძელით და შევქმენით მეთოდი, რომელიც ტვინის დაავადებების მოდელირებასა და შესწავლას მათ ბუნებრივ მდგომარეობაში ახდენს", — აღნიშნა კრიკმორმა.

ადამიანის ტვინის ულტრასტრუქტურის ბუნებრივ მდგომარეობაში შესწავლის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ იმედებს აჩენს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.