ნახეთ: პოლარული ციალის ტალღები, რომლებიც ატმოსფეროს "შეზანზარებამ" წარმოქმნა
ასტროფოტოგრაფმა ჯეფ დეიმ ისლანდიის ცაზე გასაოცარი და უიშვიათესი ფენომენი დააფიქსირა. მის ობიექტივში კაშკაშა მწვანე პოლარული ციალი მოხვდა, რომელსაც უჩვეულო ტალღისებური სტრუქტურა ჰქონდა.
ნათების ასეთი ფორმა დედამიწის ატმოსფეროსთან მზიდან წამოსული ნაწილაკების შეჯახების შედეგად ჩნდება. ამ დროს ჩვენი პლანეტის აირადი გარსი "ზანზარებს", რაც მაგნიტური ტალღების გაჩენას უწყობს ხელს. სწორედ მსგავსი რამ გადაიღო ჯეფ დეიმ 16 იანვარს სამხრეთ ისლანდიაში მდებარე ვულკანური ტბის, კერიდის, თავზე. მისი თქმით, ეს შთამბეჭდავი სანახაობა რამდენიმე წუთი იყო ხილული.
პოლარული ციალი დედამიწის ატმოსფეროში ვლინდება, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი მზეა,რომლის ატმოსფეროს ზედა ფენაში, გვირგვინში, ხშირად ამოფრქვევები ხდება. მსგავსი მოვლენების შედეგად, რომელთაც კორონული მასის ამოფრქვევები ეწოდება, დედამიწის კოსმოსურ სამეზობლოში ენერგიული ნაწილაკები გამოიყოფა, ძირითადად ელექტრონები და პროტონები. ამგვარი ნაკადი სივრცეში ძალიან სწრაფად გადაადგილდება და ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულამდეც აღწევს.
ისინი დედამიწის ატმოსფეროში ხვდება, სადაც ახალი რეაქციები იწყება. იქ მზის ამოფრქვევის შედეგად გამოთავისუფლებული ნაწილაკები ატმოსფეროს შემადგენელ აირებთან, ჟანგბადთან და აზოტთან, ურთიერთქმედებს და გასაოცარ სანახაობას წარმოქმნის, რომელიც ფერადოვნებით გამოირჩევა. ამგვარი რამ ჩრდილოეთ პოლუსზეც ხდება და სამხრეთშიც, პირველს ავრორა ბორეალისი ეწოდება, ხოლო მეორეს — ავრორა ავსტრალისი.
///
პოლარულ ციალს რაიმე განსაზღვრული ფორმა არ გააჩნია, მაგრამ მისი ერთგვარი ზიგზაგური სტრუქტურა ძალიან იშვიათად წარმოიქმნება. ეს მაგნიტოსფეროს ულტრადაბალი სიხშირის ტალღებითაა განპირობებული, რომლებიც ატმოსფეროსთან მზის ქარის ურთიერთქმედებითაა პროვოცირებული. ჩვეულებრივ, ისინი უხილავია, მაგრამ ზოგჯერ ნათების ფორმაზე აისახება.
"წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის მაგნიტური ველი გიტარის სიმია. ჩვენ სწორედ მის ვიბრაციებს ვხედავთ", — ამბობენ მეცნიერები.
ულტრადაბალი სიხშირის ტალღები სხვადასხვაგვარია და ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: Pi, რომელიც არათანაბარი ტალღური სიგრძეებით ხასიათდება, და Pc, რომელსაც უწყვეტი ტალღურის სიგრძეები აქვს. რომელი მათგანი გადაიღო ასტროფოტოგრაფმა, უცნობია, რადგან მაგნიტური ტალღები სამეცნიერო ხელსაწყოებს არ დაუფიქსირებია.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მოვლენები მზის აქტიურ ფაზაში ხშირია, ჩვენი ვარსკვლავი კი 11-წლიანი ციკლის პიკში სწორედ ახლა შედის. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მომავალში მსგავსი სანახაობა კიდევ ბევრჯერ იჩენს თავს.
კომენტარები