მეცნიერებმა ბიორობოტული გული შექმნეს და ის მუშაობს
ნამდვილი გულის ქსოვილისა და რბილი რობოტული ტექნოლოგიის შერწყმით, მეცნიერებმა ბიორობოტული გული შექმნეს, რომელიც ცოცხალი ორგანოს მსგავსად მუშაობს. მსგავსი მოდელის შექმნა აქამდე შეუძლებელი იყო და მეცნიერების თქმით, ამას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
ბიორობოტული გულის ადამიანზე გამოყენებამდე ჯერ კიდევ კვლევებია საჭირო. ტექნოლოგიას სიმულატორებსა და ცხოველების მოდელებზე გამოცდიან.
ამჟამინდელი სიმულატორების ვარგისიანობის ვადა მცირეა, შესაბამისად, მათი გამოცდა მხოლოდ რამდენიმე საათის გამავლობაშია შესაძლებელი. ცხოველებზე ცდები ძვირი, შრომატევადი და მორალური კუთხით საკამათოა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა ცხოველების გამოყენების აუცილებლობის შემცირების. და აი დღეს, ჩვენ სულ უფრო მეტი ორგანო გვაქვს, რომელსაც ლაბორატორიაში ზრდიან, ასევე გახშირდა კომპიუტერული მოდელები.
ახლა ამ სიას შეგვიძლია ბიორობოტული გული დავამატოთ.
"ახალ სიმულატორს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მათთვის, ვინც გულის სარქვლის სხვადასხვა მდგომარეობასა და ინტერვენციებს სწავლობს. ეს შეიძლება იყოს ქირურგიული ტრენინგის პლატფორმა კლინიკოსებისთვის, სამედიცინო სტუდენტებისთვისა და სტაჟიორებისთვის", — თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა და ბიოსამედიცინო ინჟინერმა ელენ როშმა.
გუნდი ფოკუსირებული იყო დაავადებაზე, რომელსაც მიტრალური რეგურგიტაცია ეწოდება. ეს გავლენას ახდენს დაახლოებით 24,2 მილიონ ადამიანზე. ამ დარღვევის დროს, მიტრალური სარქველი მარცხენა წინაგულსა და გულის პარკუჭს შორის არ იხურება სწორად, რაც ნიშნავს, რომ სისხლი შეიძლება არასწორი გზით მიედინება.
პაციენტებისთვის ამან შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სიმპტომი, ქოშინით დაწყებული კიდურების შეშუპებით გაგრძელებული და გულის უკმარისობაც კი. პრობლემის გამოსასწორებლად ქირურიგიული ჩარევა შესაძლებელია, მაგრამ სარქვლის უაღრესად რთული სტრუქტურის გამო ოპერაცია რთულია.
ჯანმრთელი და დაავადებული მიტრალური სარქვლის შესწავლის ახალი ხერხის შესაქმნელად, მკვლევრებმა ღორის გული გამოიყენეს. გულიდან სქელი კუნთი ამოიღეს, რომელიც აკრავს მარცხენა პარკუჭს და ჩაანაცვლეს ის რობოტული სილიკონის ტუმბოთი. გაბერვისას ტუმბო იკუმშება და ამუშავებს გულს, როგორც ამას ნამდვილი კუნთი აკეთებს, სისხლის ამოტუმბვის ძალით.
ბიორობოტულ გულში სარქველების მოძრაობის ნახვა ქვედა ვიდეოში შეგიძლიათ. რთული წარმოსადგენია, რომ ტუმბოს მოძრაობა სილიკონზეა დამოკიდებული და არა კუნთებზე.
"ქირურგებისთვის ამ პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესო იყო. როდესაც ისინი პაციენტებთან მუშაობენ, პროცესებს ასე თავისუფლად ვერ დააკვირდებიან. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია სისხლი — თუმცა, ბიორობოტულ გულში ხელოვნური სისხლი უფეროა, შესაბამისად ხილვადობა არ იკარგება. მსგავს სისტემაზე წვდომა შეიძლება ფასდაუდებელი იყოს კარდიოქირურგიული სწავლებებისთვის", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
მკვლევრები შექმნილ ტექნოლოგიაზე დიდ იმედებს ამყარებენ. ახლა მათ ბიორობოტული გულის წარმოების დროის შემცირება სურთ. ასევე შესაძლებელია ღორის გულის ჩანაცვლება 3D პრინტერით დაბეჭდილი სინთეზური ადამიანის გულით.
კვლევა ჟურნალ Device-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები