როგორ იქცა მოსკოვში გამართული "თითქმის შიშველი წვეულება" პოლიტიკურად
რა მოხდა: დეკემბრის ბოლოს, ცნობილმა რუსმა ბლოგერმა ნასტია ივლეევამ მოსკოვში მდებარე ტექნო-კლუბში წვეულება მოაწყო. მან შოუბიზნესის არაერთი ცნობილი სახე მიიწვია, მათ შორის — ფილიპ კირკოროვი, ლოლიტა, დიმა ბილანი და ქსენია სობჩაკი.
- ღინისძიებაზე დასწრება 1 მლნ რუსული რუბლი (28 000 ლარზე მეტი) ღირდა.
წვეულებაზე სტუმრებისთვის "თითქმის შიშველი" დრესკოდი მოქმედებდა, რის შესაბამისადაც, პოპვარსკვლავები კლუბში გამჭვირვალე სამოსით მივიდნენ. რეპერი Vacio კი ღონისძიებაზე სრულიად შიშველი მივიდა, მას სასქესო ორგანო თეთრი წინდით ჰქონდა დაფარული. მოგვიანებით მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ინსპირაცია ცნობილი ჯგუფის Red Hot Chilli Peppers-ის პლაკატი იყო.
- სტუმრები მხიარულად პოზირებდნენ ფოტოებისთვისა და ვიდეოებისთვის და ჩანდა, რომ წვეულებით ყველა კმაყოფილი იყო, თუმცა, სულ მალე არაერთმა სამთავრობო აქტივისტმა და ორგანიზაციამ პოლიციასა და პროკურატურაში შეიტანეს საჩივრები "ამორალურ საქციელთან" დაკავშირებით. მათ მაგალითად მოჰყავდათ ფილიპ კირკოროვის ცეკვა გამჭვირვალე სამოსით და მოუწოდეს ორგანიზატორებს, გადაეხედათ რეგულაციებისთვის "გეი პროპაგანდისა" და "ნარკოტიკის პროპაგანდის" შესახებ.
- ზნეობის დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ წვეულება ჩატარდა ზუსტად მაშინ, როდესაც რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს ტრადიციულ ღირებულებებს, უკრაინაში ომის ფონზე.
"გეი პროპაგანდა" რუსული ღირებულებების წინააღმდეგ
რუსეთის დუმამ მოსთხოვა სამართალდამცველებს, მოიკვლიონ, დაარღვიეს თუ არა წვეულების ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ მიღებული "აკრძალვა ლგბტ პროპაგანდის" შესახებ და ასევე, პრეზიდენტ პუტინის განკარგულება "ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების" შენარჩუნებისა და განმტკიცების შესახებ.
- თავდაპირველად, წვეულების მონაწილეებს ირონიული დამოკიდებულება ჰქონდათ სოციალურ ქსელებში მსგავსი რეაქციების მიმართ, თუმცა, მოგვიანებით, გამოჩნდა ვიდეო, სადაც კირკოროვი ცდილობდა თავი გაემართლებინა კრემლის წარმომადგენელთან, პირად საუბარში.
- საბოლოოდ, მოვლენებმა კულმინაციას მიაღწია, როდესაც რეპერი Vacio პენისზე წინდის გამო დააკავეს და 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ჯარიმასთან ერთად. სასამართლომ მას ბრალი დასდო ხულიგნობასა და "გეი პროპაგანდაში".
პოპვარსკვლავები წვეულებაზე მისვლას "ნანობენ"
ღონისძიების სტუმრებმა, ამ ყველაფრის შემდეგ, სწრაფად შეცვალეს ტონი და დაიწყეს ვიდეოების გამოქვეყნება, სადაც ამბობენ, რომ არ იცოდნენ ღონისძიების "რეალური ხასიათი", ან "იქ რა დახვდებოდათ".
56 წლის კირკოროვი, რომელიც რუსეთში ისეთივე პოპულარულია, როგორც დასავლეთის ქვეყნებში — მადონა, ამბობს, რომ მომღერლები "უფრო ფრთხილად" უნდა იყვნენ, როდესაც "ამ მძიმე დროში, გმირობის დროში" ღონისძიებაზე წასვლას გადაწყვეტენ.
"მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის არტისტი ვარ, ჩემი ქვეყნის პატრიოტი. არასოდეს მიცდია ვმჯდარიყავი ორ სკამზე, არასოდეს მიმიტოვებია, ან მიღალატია რაიმესთვის. მე მიყვარს ჩემი მსმენელები, ვიაზრებ ჩემს შეცდომას", — თქვა მან.
- მიუხედავად ბოდიშებისა, ღონისძიებების ორგანიზატორებმა უკვე დაიწყეს იმ მუსიკოსების კონცერტების გაუქმება, რომლებიც "შიშველ წვეულებას" ესწრებოდნენ.
- ტელეკომპანიებმა განაცხადეს, რომ საახალწლო კონცერტებიდან ამოჭრიდნენ მათ სიმღერებს, რომლებიც წინასწარ იყო ჩაწერილი.
- ხელახლა გადაიღეს კომედიური ფილმიც კი, რომელიც ახალი წლის ღამემდე ცოტა ხნით ადრე უნდა გასულიყო ეთერში.
სწორედ ის ხალხი, ვინც ომის დაწყების შემდეგ, კრემლის მიმართ საკუთარი ერთგულება რუსეთში დარჩენით და კონცერტების გამართვით გამოხატა, ახლა უპრეცედენტო ზეწოლას გაინცდის, მილიონიანი აუდიტორიის წინაშე.
რაზე მიუთითებს კრემლის რეაქცია
მოვლენების განვითარება მიუთითებს "პუტინის რუსეთის ტოტალიტარულ დეგრადაციაზე", — ამბობს არტემი ტროიცკი, მუსიკის რუსი კრიტიკოსი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.
- "ხალხი ფიქრობდა, რომ კრემლი ომს აწარმოებდა მხოლოდ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა, რეალურად, ახლა ხდება ისეთი რაღაცები, რაც უჩვეულო იქნებოდა ქვეყნისთვის ჯერ კიდევ გასულ წელს", — თქვა მან "დოიჩე ველესთან".
რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც აწესებს ტოტალურ კონტროლს, დასძინა ტროიცკიმ. მისივე თქმით, ხელსაყრელ მდგომარეობაში არ აღმოჩნდა არც რუსული პოპ-ინდუსტრია.
- "თითქმის ყველა ნიჭიერმა მუსიკოსმა დატოვა რუსეთი. ვინც დარჩნენ, არიან ან მხოლოდ რამდენიმე მამაცი მებრძოლი, ან — თავხედი კონფორმისტები, რომლებიც მხარს უჭერენ ხელისუფლებაში მყოფებს, რათა უზრუნველყონ მათი კეთილდღეობა და უსაფრთხოება", — თქვა მან.
რუსი პოლიტოლოგი, დიმიტრი ორეშკინი, რომელიც ასევე ემიგრაციაში ცხოვრობს, ამბობს, რომ ესტრადის ვარსკვლავების დასჯა კოორდინირებული კამპანია იყო.
"მათ რომ არ გაეგოთ, რომ ბრძანება "ზემოდან" მოვიდა, სინანულს არ გამოხატავდნენ", - განუცხადა მან DW-ს.
ომი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა
ორეშკინმა თქვა, რომ რუსულ იდეოლოგიაში პარადიგმის ცვლილებას ხედავს. წარსულში კრემლის პოლიტიკა მიზნად ისახავდა ომის დისტანცირებას მასებისგან, "დევიზით: ჩვენი ცხოვრება გრძელდება, არავინ უნდა იტანჯოს, ყველაფერი კარგადაა და ჩვენ ვმართავთ წვეულებებს. მაღაზიები სავსეა, სანქციებს წარმატებით ვებრძვით, ეკონომიკა იზრდება, ყველა ცეკვავს და მღერის."
- მისი თქმით, ქვეყანა ახლა "საომარი მდგომარეობაშია". "ბევრისთვის მიუღებელია, "საზოგადოებისთვის შიშველი საჯდომის ჩვენება", — ამბობს ორეშკინი.
- მან, განაცხადა, რომ გზავნილი ნათელია — ომი აღარ მიმდინარეობს "სადღაც შორს" და ის ახლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
ორეშკინმა, ასევე, აღნიშნა, რომ მოსკოვში გამართული წვეულება შესანიშნავი შესაძლებლობა იყო აქტუალური პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად:
"პროპაგანდას ესაჭიროება საერთო მტერი, განტევების ვაცი, რომელიც რთულ დროს ხალხს კონსოლიდაციას უწევს, პოპულისტური პოზიციის მიხედვით: "დავსაჯოთ ეს დეკადენტური ელიტები, მაშინ უბრალო ხალხიც უკეთესი იქნება“.
კომენტარები