ინდოეთის კოსმოსურმა სააგენტომ (ISRO) დედამიწის ორბიტაზე რენტგენული ობსერვატორია XPoSat გაუშვა, რაც მსოფლიოს მასშტაბით 2024 წლის პირველი კოსმოსური მისია იყო.

რაკეტა PSLV სატიშ თჰავანის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან პირველ იანვარს, ადგილობრივი დროით 9:10 საათზე, აფრინდა. 22 წუთის შემდეგ ზონდმა ხმელეთიდან 650 კილომეტრ სიმაღლემდე მიაღწია.

469 კილოგრამი წონის ეს ხელოვნური თანამგზავრი ინდოეთის პირველი რენტგენული აპარატია. მასზე ორი სამეცნიერო ხელსაწყოა დამონტაჟებული: POLIX-ის სახელით ცნობილი პოლარიმეტრი და სპექტროსკოპი XSPECT.

///

ზონდის მიერ მოპოვებულ მონაცემებს ისეთი კოსმოსური ფენომენების გამოსაკვლევად გამოიყენებენ, როგორიცაა შავი ხვრელები, ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებები, აქტიური გალაქტიკური ბირთვები და ნეიტრონული ვარსკვლავები.

ფოტო: ШЫКЩ

მისიის დაგეგმილი ხანგრძლივობა 5 წელია. აღსანიშნავია, რომ მის ფარგლებში რაკეტის მეოთხე საფეხური ორბიტული პლატფორმის სახით გამოიყენეს, რომელშიც ტვირთია მოთავსებული. ამ უკანასკნელის რაოდენობა 10-ია და POEM-3-ად წოდებულ მოდულშია თავმოყრილი.

ისინი ISRO-სა და IN-SPACe-ს ეკუთვნის, რომელიც კოსმოსის სექტორში კერძო აქტივობების ხელშემწყობი და მაკონტროლებელი სამთავრობო სააგენტოა. ექსპერიმენტულ ტვირთს შორისაა ელემენტ ტანტალისგან დამზადებული საფარველი მასალა, ორკომპონენტიანი საწვავი, პლანეტათაშორისი მტვრის საზომი და სხვა.

POEM-3 შედარებით დაბლა, ხმელეთიდან 350 კილომეტრ სიმაღლეზე, განლაგდა. ეს ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მის ხანმოკლე არსებობას შეუწყობს ხელს, რათა საბოლოოდ მან ნარჩენები არ წარმოქმნას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.