ოკეანეები "ბნელი გემებითაა" სავსე — ამას სატელიტური მონაცემების მიხედვით შექმნილი რუკები მოწმობს
მკვლევრებმა სპეციალური რუკები შექმნეს და ზღვაში უზარმაზარი ადამიანური აქტივობა გამოააშკარავეს, რომელიც აქამდე საჯარო მეთვალყურეობას არ ექვემდებარებოდა. ეს შეუმჩნეველი ნავები თუ გემებია, რომელთაც ხშირად "ბნელ გემებსაც" უწოდებენ. ამისათვის მეცნიერებმა სატელიტური გამოსახულებები, გემების GPS მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენეს.
კვლევა Global Fishing Watch-მა, Google-ის მიერ მხარდაჭერილმა ორგანიზაციამ, გამოაქვეყნა ჟურნალ Nature-ში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოს სამრეწველო სათევზაო გემების 72-76%-ის საჯარო მეთვალყურეობა არ მიმდინარეობს; სატრანსპორტო თუ ენერგიასთან დაკავშირებული გემების აქტივობის თითქმის მესამედი საჯარო სამეთვალყურეო სისტემებიდან საერთოდ დაკარგულია.
უახლეს რუკებამდე ორგანიზაციები, მათ შორის Global Fishing Watch, ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემას (AIS) იყენებდნენ, რათა აქტივობებისთვის თვალი ედევნებინათ. სისტემა მრავალმხრივ შეზღუდულია, ზოგიერთ ქვეყანაში კი გემებზე მისი გამოყენება სულაც არაა სავალდებულო. ამასთანავე, გამოაშკარავებისგან თავის ასარიდებლად შესაძლებელია სისტემის გამორთვაც.
გლობალური მასშტაბით სიტუაციის უფრო ზუსტად აღსაწერად მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს და 2 ათასი ტერაბაიტი მოცულობის სატელიტური მონაცემი გააანალიზეს. ეს მონაცემები ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) Sentinel-1-ის სატელიტებისგან იყო მიღებული.
"სატელიტების მიხედვით რუკების შედგენამ გემების დიდი აქტივობა აჩვენა ოკეანის ისეთ უზარმაზარ არეალებში, სადაც საჯარო სამეთვალყურეო სისტემებით აქამდე გემების მცირედი აქტივობა ფიქსირდებოდა ანდა საერთოდ არ ფიქსირდებოდა", — წერია ნაშრომში.
აქტივობის უდიდესი ნაწილი სამხრეთ აზიაში, სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში, ასევე აფრიკის ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროებზე შეინიშნება.
///
აღმოაჩინეს ისიც, რომ ენერგიის ოფშორული მოპოვება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2020 წლისთვის ახალი ქარის ტურბინების რაოდენობა ნავთობის ახალი სტრუქტურებისას აღემატებოდა. ტურბინები 2021 წელს ოკეანური ინფრასტრუქტურის თითქმის ნახევარს შეადგენდა, ნავთობის სტრუქტურები კი — 38%-ს. მეორე მხრივ, გემები ნავთობის სტრუქტურებს ხუთჯერ ხშირად სტუმრობდა, ვიდრე ქარის ტურბინებს.
რუკები ერთგვარი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენი "ბნელი გემი" არსებობს; ნათელია ისიც, თუ როგორ გაიზარდა საზღვაო აქტივობა ბოლო წლებში. ამჟამად მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა საწვავ წიაღისეულზე დამოკიდებულება და თევზების მარაგის გამოლევა. შესაბამისად, დაფარული აქტივობის გამოაშკარავება ამის უკეთ გააზრებისა და შესაბამისად მოქმედების შანსს იძლევა.
თავისთავად, ნაშრომი ღრმა დასწავლის ალგორითმთა შესაძლებლობების დემონსტრაციაცაა, რომელთაც უამრავ რთულად გასაანალიზებელ მონაცემში ასეთი კანონზომიერებების შემჩნევა შეუძლია.
კომენტარები