13 წლის ბიჭი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც ტეტრისის ფინალში გავიდა
ვიდეოთამაში ტეტრისი, ალბათ, ყველას გაუგონია და ერთხელ მაინც უთამაშია. წლების განმავლობაში ეგონათ, რომ მისი ფინალური ეტაპი 29-ე დონე იყო, როცა თამაშის სიჩქარე მაქსიმუმს აღწევდა. ამის მიუხედავად, მოთამაშეებმა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ეს დონეც გადალახეს, მაგრამ ბოლოში აქამდე არავინ გასულა.
დონეების ზრდასთან ერთად თამაშში ხარვეზები ფიქსირდება და აგურების ფერი იცვლება. 2021 წელს პროგრამისტმა გრეგ ქენონმა ხელოვნური ინტელექტი StackRabbit შექმნა, რომელმაც ამ ხარვეზიანი საფეხურების გადალახვა შეძლო და 237-ე ეტაპამდე მივიდა, როცა თამაშმა ფუნქციონირება შეწყვიტა და უბრალოდ "გაიყინა".
ტეტრისის ფინალად სწორედ ეს მიიჩნევა.
მსგავსი რამ იმიტომ ხდება, რომ თამაშის ალგორითმი მაღალ დონეებზე უკვე არაეფექტიანი, რადგან არავის ეგონა, რომ ოდესმე ამ ეტაპებამდე ვინმე მიაღწევდა. შესაბამისად, გარკვეული ხარვეზები იჩენს თავს, ვინაიდან თამაში ინსტრუქციებს კოდისგან აღარ იღებს, არამედ ოპერატიულ მეხსიერებას აღიქვამს კოდად.
თუ შედეგად შეჩერების ბრძანება იგზავნება, ეს თამაშს "ყინავს". მოთამაშეებმა აღმოაჩინეს, რომ ამგვარი რამ 237-ე დონეზე ბევრად ადრეც შესაძლებელია, 155-ე დონეზე, თუ აგურების ერთი ხაზი გათავისუფლდება.
2023 წლის დეკემბრის მიწურულს 13 წლის ბიჭმა, უილის გიბსონმა, სწორედ ამ ეტაპამდე მიაღწია, მაგრამ თამაშის შეჩერება არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, 157-ე დონეზე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და ისტორიაში პირველად, ტეტრისის ფინალში გავიდა. აქამდე ადამიანს ეს არ უქნია.
"როდესაც ეს თამაში დავიწყე, მის გატეხას ან გამარჯვებას არ ველოდი. ეს საშუალო მაჩვენებლის, დონის, ხაზებისა და 19-იანი ანგარიშის მსოფლიო რეკორდია", — აცხადებს გიბსონი.
კომენტარები