არქტიკის თოვლში მზისგან დამცავი კრემის კომპონენტები აღმოაჩინეს
არქტიკის თოვლში მეცნიერებმა სხვადასხვა ნივთიერება აღმოაჩინეს, რომლებიც, ჩვეულებრივ, პირადი ჰიგიენის პროდუქტებში გვხვდება. კერძოდ, მათ მზისგან დამცავ კრემში შემავალი ნივთიერებები იპოვეს სვალბარდის არქიპელაგის მყინვარებზე. შესაძლოა, ამ ნაერთებმა იქ მობინადრე ცხოველთა ჯანმრთელობა დააზიანოს.
თოვლი ბროგერჰალვოიას ნახევარკუნძულის ხუთი მყინვარიდან შეაგროვეს 2021 წლის აპრილსა და მაისში. ზოგიერთი ადგილი დასახლებებთან ახლოს იყო, ზოგი კი მეტად შორეული და იზოლირებული გახლდათ.
მეცნიერებმა ნიმუშები სხვადასხვა დამაბინძურებელ ნივთიერებაზე შეამოწმეს. ამ ნაერთებს ყოფა-ცხოვრებაში უკვე ვიყენებთ, თუმცა გარემოზე მათი შესაძლო გავლენა კვლავაც დასაზუსტებელია.
"ბევრი დამაბინძურებელი ნივთიერება, რომლებიც გამოვიკვლიეთ, მათ შორის ბენზოფენონ-3, ოქტოკრილენი, ეთილექსილ მეთოქსიცინამატი და ეთილექსილ სალიცილატი, აქამდე არქტიკის თოვლში არასოდეს აღმოუჩენიათ", — განაცხადა მარიანა დ'ამიკომ, კვლევის მთავარმა ავტორმა.
ოფიციალურ რელიზს თუ დავუჯერებთ, ზოგიერთი დამაბინძურებელი ნივთიერების განაწილება სიმაღლის მიხედვით იცვლება.
აღნიშნულ ქიმიურ ნაერთთა უმეტესობა დაბალ ადგილებზე უფრო მეტი იყო. გამონაკლისია ოქტოკრილენი და ბენზოფენონ-3 — ულტრაიისფერი სხივების გამფილტრავი ნივთიერებები, რომლებიც მზისგან დამცავ კრემებში ხშირად გამოიყენება. ეს ორი ნაერთი მყინვართა ზედა ნაწილში უფრო ჭარბად შეინიშნებოდა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ეს ნივთიერებები მაღლა ატმოსფეროს ცირკულაციას აეტანა.
"შედეგები აჩვენებს, რომ შორეულ ადგილებში დამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობა შორი მოქმედების ატმოსფერულ ტრანსპორტს შეიძლება მიეწეროს", — განმარტა მარკო ვეკიატომ, ნაშრომის თანაავტორმა — "რეალურად, ყველაზე დიდი რაოდენობით ზამთარში დალექვისას აღმოჩნდა. ზამთრის დასასრულს ევრაზიიდან მომავალი ჰაერის დაბინძურებული მასები არქტიკამდე უფრო მარტივად აღწევს".
აღმოჩენილმა ნივთიერებებმა წყლის ცხოველთა ჯანმრთელობაზე შეიძლება იმოქმედოს, მათ შორის, მათი ენდოკრინული და ჰორმონული სისტემები დააზიანოს. შესაბამისად, კვლევა მნიშვნელოვანია, რათა არქტიკაში მიმდინარე მოვლენები უყურადღებოდ არ დარჩეს და გარემოს დაცვა მოხერხდეს.
ნაშრომი ჟურნალში Science of the Total Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები