1908 წელს არქეოლოგებმა ეგვიპტეში მდებარე ქალაქ ელ-ხარგაში არსებულ სასაფლაოზე 14-17 წლის ასაკის გოგოს მუმია აღმოაჩინეს. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მის ფეხებშორის პლაცენტა და ახალშობილის სხეულიც იყო, საიდანაც დაასკვნეს, რომ ის მშობიარობის გართულებას ემსხვერპლა.

მეცნიერებმა ამ მიგნებიდან საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ მუმიას კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარეს, რათა მის შესახებ მეტი გაეგოთ. შედეგად, მკერდის ღრუში მეორე ნაყოფიც შენიშნეს, რაც ნიშნავს, რომ ის ტყუპებზე იყო ორსულად.

რაც ყველაზე შემზარავია, მუმიის აღმოჩენისას მის ფეხებშუა ნაპოვნ ბავშვს თავი არ ჰქონდა. ახალი ანალიზის მიხედვით, ეს იმით აიხსნება, რომ სხეულის აღნიშნული ნაწილი მშობიარობისას საშოში გაიჭედა იქ ჩარჩა, როცა ტანი უკვე გარეთ იყო გამოსული.

ფოტო: International Journal of Osteoarchaeology

ავტორთა ვარაუდით, ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი ის გახდა, რომ საშოსკენ ბავშვი არა თავით, არამედ ფეხებით იყო მოქცეული. შესაბამისად, ნაყოფმა დაბადება სწორედ ტანით დაიწყო, თუმცა, სავარაუდოდ, თავი გულ-მკერდიდან ასწია, რის გამოც ის გაიჭედა და სხეულის სხვა ნაწილებთან ერთად ვეღარ დაიძრა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამგვარი გართულებული მშობიარობა ძალიან იშვიათია. მათი აზრით, გოგოს მუმიფიცირებისას არ იცოდნენ, რომ ის ტყუპებზე იყო ორსულად, ამიტომ მეორე მკვდარი ნაყოფი დედის სხეულში ჩატოვეს. ამის შემდეგ დიაფრაგმის სახეცვლილებამ ნაყოფს მუცლიდან მკერდის ღრუსკენ უბიძგა.

ფოტო: International Journal of Osteoarchaeology

ავტორების თქმით, მათი კვლევა ცხადყოფს, რამდენად რთული იყო მშობიარობა ადრეულ პერიოდში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი ტყუპებს ელოდებოდა. ცნობილია, რომ ეგვიპტეში ამის თავიდან ასაცილებლად შელოცვებსაც კი მიმართავდნენ, რისი დასტურიც ერთ-ერთ პაპირუსზეცაა შემორჩენილი.

"ის ჰოროსის შობისგან, არასწორი შობისგან და ტყუპების გაჩენისგან უნდა დავიცვათ", — ვკითხულობთ პაპირუსზე.

ახალი ნაშრომი გამოცემაში International Journal of Osteoarchaeology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.