2023 წლის საფონდო ბირჟის მიმოხილვა
ანალიტიკოსების შეფასებით, 2022 წელს ბაზარმა ბოლო ათწლეულში ყველაზე მძიმე პერიოდი გადააგორა, რამაც 2023 წელზეც მოახდინა გავლენა და შესაბამის მაჩვენებლებზე აისახა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წელი ინვესტორებისთვის მუდმივად მარტივად მიმდინარეობდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შედარებით პოზიტიური პერიოდი წლის დასაწყისზე მოდიოდა.
ამ სტატიაში საფონდო ბირჟისა და ბაზრის მდგომარეობას აშშ-ის ეკონომიკის მიხედვით განვიხილავთ და ძირითად მაჩვენებლად S&P 500-ის ინდექსს გამოვიყენებთ, რომელიც საკუთარ თავში 500 უმსხვილესს კომპანიას აერთიანებს.
ბაზრის ზოგადი მაჩვენებლები
თუ რიცხვებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, S&P 500 წლიურად 21%-ით არის გაზრდილი. წლის ყველაზე მეტად მზარდ სექტორებად ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და ეგრეთ წოდებული მომხმარებელთა დისკრეციული სექტორის აქციები სახელდება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ტექნოლოგიური აქციებით გაჯერებული Nasdaq Composite 37%-ით არის გაზრდილი. ამასთან, Dow Jones Industrial Average, რომელიც ეგრეთ წოდებული ლურჯი ჩიპის აქციებს აერთიანებს, წლიურად 11%-იან ზრდას აჩვენებს.
როგორც უკვე აღინიშნა, აღდგენისა და მკვეთრი ზრდის მიმართულებით S&P 500-ში ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციებისა და მომხმარებელთა დისკრეციული სექტორების აქციები გამოირჩეოდნენ. რაც შეეხება თავდაცვისა და კომუნალური მომსახურების სექტორებს, მათ 2023 წელს ყველაზე ნაკლებ ზრდა აჩვენეს.
უფრო კონკრეტულად, 2023 წლის ბაზრის სიძლიერე შემდეგმა შესანიშნავმა შვიდეულმა განაპირობა — Apple (AAPL), Amazon (AMZN), Alphabet (GOOG, GOOGL), Nvidia (NVDA), Meta Platforms (META), Microsoft (MSFT) და Tesla (TSLA).
საბანკო კრიზისი
ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ში რეგიონულმა საბანკო კრიზისმა 2023 წლის გაზაფხულზე ბაზარი მნიშვნელოვნად შეარყია. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ ყველაფრის ფონზე არსებული სტაბილურობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
როგორც ცნობილია, კრიპტოში ინვესტირების მზარდმა ზარალმა, კომერციულ უძრავ ქონებაში ინვესტირებისა და ობლიგაციების ღირებულების მკვეთრმა ვარდნამ, არაერთი ბანკი დააზარალა. მათ შორის: Silvergate Bank, Silicon Valley Bank, Signature Bank და First Republic Bank. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აშშ-ის რეგიონული ბანკების აქციების ფასები დაეცა, რადგან ინვესტორებმა ინდუსტრიის მიმართ ნდობა დაკარგეს.
უნდა ითქვას, რომ კრიზისის განმუხტვაში მნიშვნელოვანი როლი ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ითამაშა. ცენტრალურმა ბანკმა ბანკებისთვის გადაუდებელი სესხები გასცა, რამაც საბანკო სექტორის მომხმარებლების მისამართით დადებითი სიგნალი გაუშვა. ამასთან, რამდენიმე მსხვილმა ბანკმა (მათ შორის PMorgan Chase (JPM) და New York Community Bancorp (NYCB)) კრიზისში მყოფი ბანკების აქტივების შესაძენად მზადყოფნა გამოთქვა.
ამის პარალელურად, ოფიციალური პირები გამუდმებით არწმუნებდნენ აშშ-ის მოქალაქეებს, რომ საბანკო ინდუსტრია სტაბილურად იყო და მათი დეპოზიტები უსაფრთხოდ ინახებოდა. საბოლოოდ კი, ხანმოკლე კრიზისი აქციების ბაზრის შედარებით მცირე ვარდნით დასრულდა.
ტოპ საინვესტიციო მიმართულებები
2023 წლის ტოპ საინვესტიციო მიმართულებებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ChatGPT და სხვა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები, რომლებმაც ქარიშხალივით გადაუარეს მსოფლიოს. ინვესტორები ამბობენ, რომ ბაზარი ჯერ კიდევ გრძელვადიანი AI ტექნოლოგიური ბუმის ადრეულ ეტაპზეა. მათი თქმით, AI მომავლის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 2022 წლის კრიპტოზამთარი საბოლოოდ გალღვა 2023 წლის დასაწყისში. შესაბამისად, Bitcoin-ის (BTC) ღირებულება წლიურად 128%-ით არის გაზრდილი.
ბუნებრივია, ოქტომბერში ისრაელის მხრიდან ჰამასისთვის ომის ოფიციალურად გამოცხადებამ უარყოფითი გავლენა ინვესტორებზეც მოახდინა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მსგავსი კრიზისები ზოგიერთი სექტორისთვის შესაძლებლობების შექმნის საშუალებადაც იქცევა ხოლმე. მაგალითისთვის, ასეთ დროს იზრდება ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტები, რამაც აერონავტიკისა და თავდაცვის სექტორის ისეთი აქციების ზრდას შეუწყო ხელი, როგორებიცაა: TransDigm (TDG) და Kratos Defense & Security Solutions (KTOS)
რა იქნება 2024 წელს
2023 წელს ბაზრის რყევის მთავარ ფაქტორებად მაინც ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთების ზრდა სახელდება. როდესაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ეს ბიზნესსა და მომხმარებლებს კრედიტის აღების მოტივაციას უკარგავს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე.
უნდა ითქვას, რომ ეკონომისტები და ანალიტიკოსები 2024 წლის წინ საფონდო ბირჟის პერსპექტივაზე კეთილგანწყობილნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას მოახდენს, ფედერალური სარეზერვო სისტემის პროგნოზით, ის მაინც დადებით მაჩვენებელზე დარჩება.
ანალიტიკოსების პროგნოზით, S&P 500-ში შემავალი კომპანიების შემოსავლების ზრდას მომდევნო წლისთვის 11,6%-ით პროგნოზირებენ. ამასთან, მათი ვარაუდით, აღნიშნული ინდექსის ფასი საშუალოდ 10%-ით გაიზრდება.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში 31 დეკემბრამდე აქციაა — საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
კომენტარები