თბილი დეკემბერი, ანუ რატომ ისხამს ხე ტყემალს ზამთრის დასაწყისში
გახსოვთ, დაახლოებით ორი წლის წინ მარტში თბილისში გადაუღებლად რომ თოვდა? წელს დეკემბერში ხილის მოსავალი გვაქვს და ვარდები ისევ ყვავიან. უფრო კონკრეტულად, სამეგრელოში დეკემბერში მწვანე ტყემლის დაკრეფაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ტყემლის ყვავილობა გაზაფხულზე იწყება, ხოლო მოსავალი მაისი-ივნისშია მოსალოდნელი.
სანამ რაიმე ახალი შეთქმულების თეორია გამოჩნდება, რომელიც გეტყვით, რომ დეკემბერში მოსხმული ტყემალი ხელოვნური ინტელექტის ნაყოფია, ან ზამთარში აყვავებული ყვავილებით დაგარწმუნებენ, რომ კლიმატის ცვლილება არ არსებობს, იქამდე გავარკვიოთ, რაშია საქმე.
ნაყოფის მოსხმა, ზაფხულის სითბური ტალღები, მოსავლის სეზონი, ცხოველების მიგრაცია და ა.შ. ბუნებრივი მოვლენებია, რომლებიც სეზონურობით გამოირჩევა. კლიმატის კრიზისმა ბევრი სეზონური მოდელის ცვლილება გამოიწვია, მათ შორის გაზაფხულზე თოვლის დნობის დროის ცვლილება, ხანძრებისა და მცენარეულობის ზრდის სეზონების გახანგრძლივება, ტბის ზედაპირის გაყინულ მდგომარეობაში ყოფნის დროის შემცირება და ა.შ. ამ ყველაფერს, თავის მხრივ, მთელი რიგი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია ეკოსისტემებში, ეკონომიკასა და საზოგადოებაშიც.
2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ანგარიში "სეზონურობა და კლიმატის ცვლილება: აშშ-ში დაკვირვებული ფაქტების მიმოხილვა" შეერთებული შტატების მაგალითზე განიხილავს, როგორ შეუძლია კლიმატის კრიზისს სეზონური ტენდენციების შეცვლა. ანგარიში კლიმატისა და სეზონური ცვლილებების ურთიერთკავშირის გამოსავლენად კლიმატის ინდიკატორებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მრავალწლიან დაკვირვებებს იყენებს.
კლიმატის ცვლილების გავლენა სეზონურობაზე
კლიმატის ცვლილება სეზონურობაზე რამდენიმე სახის გავლენას ახდენს: პირველ რიგში, იცვლება წლის დრო, როცა გარკვეული მოვლენა ხდება. ამის მაგალითია, მთებში ადრეული თოვლის დნობა, რაც, შემცირებულ თოვლის საფართან ერთად, წყლის ხელმისაწვდომობაზე ახდენს გავლენას, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის ზრდის პიკის დროს. თავის მხრივ, ამან, შესაძლოა, შეამციროს მიღებული მოსავალი, ან სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ადრინდელთან შედარებით, მეტი მიწისქვეშა წყლის შთანთქმა გამოიწვიოს.
მეორე მაჩვენებელი სეზონების ხანგრძლივობაა, რაც იმას განსაზღვრავს, რამდენ ხანს გრძელდება ესა თუ ის მოვლენა წლის განმავლობაში. მაგალითად, გაზაფხულზე თოვლის დნობის შედარებით ადრე დაწყება, ან შემოდგომით ყინვების გვიან დადგომა მცენარეების ზრდის სეზონს ახანგრძლივებს და ფოთლების მოსხმისა და ყვავილობის დროებს ცვლის. შესაბამისად, იზრდება გარკვეული მცენარეების დამტვერვის სეზონი, რაც სეზონური ალერგიების დროსაც ახანგრძლივებს. ასე რომ, თუ ალერგიული ხართ, დროა ცხოველური პროდუქტების და ენერგიის მოხმარება შეამციროთ, რათა ნაკლებად შეუწყოთ ხელი კლიმატის ცვლილებას და, შესაბამისად, ალერგიების სეზონის გახანგრძლივებას.
მესამე ფაქტორი ცვალებადობაა, რაც სეზონური მოვლენების ინტენსივობისა და სიხშირის შეცვლას გულისხმობს. მაგალითად, უფრო ხანგრძლივი ექსტრემალური სიცხეების სეზონს შეუძლია გაზარდოს ხანძრების სიხშირე, ინტენსივობა და მასშტაბი. თავის მხრივ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს არამხოლოდ ტყეების და ცოცხალი ორგანიზმების ჰაბიტატების, ასევე ადამიანების საცხოვრებლისა თუ მოსავლის განადგურება და ჰაერის დაბინძურება კვამლით, ფერფლით, კანცეროგენებით და ა.შ.
სეზონურობა დინამიკურია და მისი მახასიათებლები და შესაბამისი მოვლენების დრო, ხანგრძლივობა და ინტენსივობა წლიდან წლამდე გარკვეულ ფარგლებში ბუნებრივად იცვლება. ასევე შეიძლება შეიცვალოს მოვლენები, რომლებიც კონკრეტულ სეზონებთან ასოცირდება. მაგალითად, ზოგიერთი წელი უფრო ცხელი ზაფხულით ხასიათდება, ზოგი უფრო თოვლიანი ზამთრით, ზოგიერთ სეზონზე კი უფრო ძლიერი ქარიშხლებია. თუმცა, ანთროპოგენური კლიმატის კრიზისი სეზონურობაში ხანგრძლივ ცვლილებებს იწვევს და ფუნდამენტურად ცვლის იმას, თუ როგორ განიცდიან ადამიანები და ბუნებრივი სისტემები სეზონურ მოვლენებს.
ექსტრემალური მოვლენები
კლიმატის ცვლილების მთავარი და ყველაზე შესამჩნევი ეფექტი ატმოსფეროს ტემპერატურის მატებაა, რასაც მოჰყვება უფრო თბილი ზამთრები (არ გამორიცხავს ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურებს), ნალექიანობის მოდელებში თოვლის წვიმით ჩანაცვლება, სახეობებში სეზონური აქტივობების, მაგალითად მიგრაციისა და გამრავლების დროისა და ადგილის ცვლილება, მავნებლების გეოგრაფიული გავრცელების არეალის გაფართოება, მათი შემოსევების გახშირება, ექსტრემალური მოვლენების, მათ შორის ხანძრების, სითბური ტალღებისა და ქარიშხლების მოსალოდნელობისა და ხანგრძლივობის გაზრდა, და ა.შ.
სითბურ ტალღებს, რომლებიც უფრო და უფრო ინტენსიური და ხშირი ხდება, მზის დარტყმის, სასუნთქი გზების თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ხანძრების სეზონისა და მცენარეების დამტვრიანების პერიოდის გახანგრძლივებამ, შესაძლოა, ჰაერის ხარისხის კიდევ გაუარესება გამოიწვიოს და ალერგიებისა და ასთმის მქონე ადამიანებს შეუქმნას საფრთხე.
კლიმატის მოვლენების სიხშირისა და ხანგრძლივობის ზრდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანებზე. ექსტრემალური მოვლენების, მაგალითად, სითბური ტალღებისა და ხანძრების სეზონის გახანგრძლივების და მათი ინტენსივობისა და სიხშირის ზრდის გამო, ადამიანებს უფრო ხშირად და უფრო დიდი ხნის განმავლობაში გვიწევს ამ მოვლენებთან გამკლავება, რისთვისაც მეტი რესურსი და ძალისხმევა გვჭირდება. მაგალითად, ზემოხსენებული ანგარიშის მიხედვით, დასავლეთ აშშ-ში ხანძრების სეზონი, რომელიც ახლა უფრო ხშირი და დამანგრეველი ხანძრებით ხასიათდება, უფრო ადრე იწყება და ადრინდელთან შედარებით უფრო გვიან, შემოდგომით სრულდება.
სეზონურობის ცვლილება კლიმატის ცვლილების ხელშესახები მაგალითია, რომელიც შედარებით ხანმოკლე დროის განმავლობაში დაიკვირვება. იქიდან გამომდინარე, რომ სეზონური მოვლენები და მისი კავშირი კლიმატთან კარგად გვესმის, ზემოაღნიშნული პროცესების გაანალიზება, შესაძლოა, იმის დანახვაში დაგვეხმაროს, თუ როგორ შეიძლება გამოვლინდეს კლიმატის კრიზისით გამოწვეული სეზონური ცვლილებები უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში.
დაკვირვებები სეზონურობაზე
სეზონურობაზე დაკვირვებები ხშირად გამოიყენება კლიმატის ცვლილების და მისი შედეგების მონიტორინგისა და გაანალიზებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ კლიმატი ხანმოკლე ცვლილებებს ბუნებრივად განიცდის, მეცნიერებს დიდი ხნის დაკვირვებები სჭირდებათ იმისთვის, რომ სეზონურობაზე კლიმატის კრიზისის გავლენა ფუნდამენტურად შეისწავლონ და ანთროპოგენური ეფექტები ბუნებრივი ცვლილებებისგან განსახვავონ. ქვემოთ ცხრილში მოყვანილი ინდიკატორები კი იმის გამოა შერჩეული, რომ მათ ხანგრძლივი ეფექტის მქონე ცვლილებების გამოვლენა შეუძლია.
მთავარი დაკვირვებები:
- 1973 წლის მონაცემებთან შედარებით, ჩრდილოაღმოსავლეთ და ჩრდილო ცენტრალურ დასავლეთ აშშ-ში ტბის ზედაპირზე ყინული 24 დღით ადრე ლღვება, წყალი კი 10 დღით გვიან იყინება.
- 1940 წლის მონაცემებთან შედარებით, დასავლეთ და ჩრდილო აღმოსავლეთ აშშ-ში გაზაფხულზე თოვლი საშუალოდ 8 დღით ადრე იწყებს დნობას.
- 1924 წლის მონაცემებთან შედარებით, ალასკაზე მდინარეებზე ყინულის მტვრევა საშუალოდ 3 დღით ადრე იწყება.
- 1955 წლის მონაცემებთან შედარებით, დასავლეთ აშშ-ში დაგროვილი თოვლის მასა 9 დღით ადრე იწყებს დნობას.
- 1979 წლის მონაცემებთან შედარებით, ალასკაზე არქტიკული ყინულის დნობის სეზონი საშუალოდ 38 დღით გახანგრძლივდა.
- 1979 წლიდან მოყოლებული, კონტინენტურ აშშ-სა და ალასკაზე სეზონი ყინვების გარეშე ყოველ ათწლეულში 4 დღით ხანგრძლივდება.
- 1980-იანი წლებიდან, დასავლეთ აშშ-ში ხანძრების სეზონი უფრო ადრე იწყება.
- 1981 წლიდან, კონტინენტურ აშშ-ში ფოთლებისა და ნაყოფის მოსხმის პერიოდი უფრო ადრე იწყება.
- 1921 წლიდან, ვაშინგტონში ალუბლის ყვავილობის პიკი 6 დღით ადრე დაიკვირვება.
- 1961 წლის მონაცემებთან შედარებით, აშშ-ის 50 დიდ ქალაქში სითბური ტალღების სეზონი 47 დღით მეტ ხანს გრძელდება.
- 1995 წლიდან, ცენტრალურ აშშ-ში ამბროზიის დამტვრიანების სეზონის ხანგრძლივობის მატება 6 დღიდან 3 კვირამდე მერყეობს.
- 1985 წლიდან, კონტინენტურ აშშ-ში ვეგეტაციური პერიოდი 2 კვირით გაიზარდა (გაზაფხულის ბოლო ყინვები უფრო ადრე შეინიშნება, შემოდგომის პირველი ყინვები კი უფრო გვიან).
არაერთი თანამედროვე კვლევა სეზონურობის დაკვირვებულ ცვლილებებს ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ კლიმატის კრიზისს მიაწერს.
კლიმატის ცვლილება სეზონურ მოვლენებს მთელ მსოფლიოში ცვლის. მაგალითად, მსოფლიოს მასშტაბით ეკოსისტემებში კლიმატის ცვლილება ისეთ პროცესებზე ახდენს გავლენას, როგორებიცაა მთელი რიგი ორგანიზმების, მათ შორის მცენარეების, ფრინველების, ძუძუმწოვრების, თევზების და სხვათა ნაყოფის განვითარება და გამრავლება. ამ მაგალითების უმრავლესობა ხმელეთის ეკოსისტემებიდანაა, თუმცა მსგავსი დაკვირვებების რიცხვი იზრდება საზღვაო ეკოსისტემებიდანაც. დამატებით, მსოფლიოს არაერთ ადგილას შემცირდა ცივი ამინდის ექსტრემალური მოვლენების ალბათობა.
უნდა აღინიშნოს, რომ სეზონური ცვლილებები არა რაიმე იზოლირებულ სისტემაში ხდება, არამედ დროსა და სივრცეში უკავშირდება ერთმანეთს. ზამთრის საშუალო ტემპერატურის შემცირებამ, ან თოვლიანი სეზონის შემოკლებამ, შესაძლოა, მთელ რიგ ეკოლოგიურ და სოციალურ პროცესებზე მოახდინოს გავლენა. მაგალითად, უფრო თბილი ზამთარი ხელსაყრელ პირობებს ქმნის მავნებლების გავრცელებისთვის, რომლებიც ვეგეტაციური სეზონის შემდეგ ახლა უფრო ადვილად გადარჩებიან და მოსავალს შემდეგ სეზონზეც თავისუფლად შეუტევენ.
მოსავლისთვის კი, თბილი ზამთარი არახელსაყრელ გარემოს წარმოადგენს, რადგან ზოგიერთ მცენარეს სიცივე სჭირდება იმისთვის, რომ შემდეგ სეზონზე ხილი მოისხას. თბილ ზამთრებს, შეუძლია, მთებში დაგროვილი თოვლის მასა და გაზაფხულზე ნადნობი თოვლის მოცულობა შეამციროს, რომლითაც შემდეგ მდინარეები და წყალსაცავები იკვებებიან. შესაბამისად, მცირდება წყლის რესურსი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების გასარწყავებისთვის და მოსახლეობის წყლით მომარაგებისთვისაა საჭირო. ეს უარყოფითად მოქმედებს რეგიონულ სოფლის მეურნეობაზე, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, რომლებიც უკვე განიცდის წყლის დეფიციტს. შედეგად ვიღებთ ნაკლებ მოსავალს, რაც უარყოფითად აისახება იმ საზოგადოებასა და ბიზნესებზე, რომლებიც ამ უკანასკნელზე არიან დამოკიდებულნი.
თბილი სეზონების გახანგრძლივებამ, განსაკუთრებით კი ექსტრემალურმა ტემპერატურებმა და ნალექიანობის მოდელების შეცვლამ, შესაძლოა, ვექტორული დაავადებების გავრცელების გეოგრაფიული დიაპაზონი გაზარდოს, ასევე გაახანგრძლივოს დაავადების გადამტანი ტკიპების, კოღოების და სხვა მწერების აქტიურობის პერიოდი. მტკნარი და ზღვის წყლების ტემპერატურის მატებამ, შესაძლოა, მავნე წყალმცენარეების, ბაქტერიების, ვირუსებისა და პარაზიტების ზრდის სეზონები გაახანგრძლივოს, რაც წყლით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის.
აქედან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია, თუ რატომ ისხამს ხე ხილს დეკემბერში. მცენარეებსა და ცხოველებს სეზონურ ცვლილებებზე საპასუხო რეაქცია აქვთ, რაც სეზონების შეცვლის კარგი ინდიკატორია. როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ხანგრძლივდება მოსავლის ზრდის სეზონი, ზამთრის ყინვების სეზონი კი მოკლდება. ასე რომ, წლევანდელი დეკემბერი ზამთარი არ გეგონოთ, კლიმატის ცვლილების შედეგად გახანგრძლივებული შემოდგომაა.
მასალა შექმნილია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის პროგრამის "გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია NEXT.On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს WFD-ის შეხედულებებს.
კომენტარები