კატის ყოლა შესაძლოა, შიზოფრენიის რისკს ზრდიდეს — კვლევა
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა კატის ყოლასა და შიზოფრენიის გაორმაგებულ რისკს შორის გარკვეული კავშირი გამოავლინეს. მათ ბოლო 44 წელში 11 სხვადასხვა ქვეყანაში ამ საკითხის შესახებ გამოქვეყნებული 17 ნაშრომი შეისწავლეს.
ეს მოსაზრება პირველად 1995 წელს გაჟღერდა და გაზრდილი რისკის პოტენციურ მიზეზად პარაზიტი ტოქსოპლაზმა (Toxoplasma gondii) დასახელდა. ბავშვობაში კატებთან სიახლოვეს ყოფნასა და შიზოფრენიის განვითარებას შორის მიმართება სხვა კვლევებმაც ცხადყო, მაგრამ აკადემიურ წრეებში ამის საპირისპირო დასკვნების მქონე ნაშრომებიც გამოქვეყნდა.
აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებული პარაზიტი მეტწილად უსაფრთხოა და თერმულად სათანადოდ დაუმუშავებელი საკვებით, დაბინძურებული წყლით ან ინფიცირებული კატის ნაკბენითა თუ მის ფეკალიებთან კონტაქტით შეიძლება გავრცელდეს. არაა გამორიცხული, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისას მან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეაღწიოს და ნეირომედიატორებზე იქონიოს გავლენა. ამ მხრივ ის შესაძლოა, პიროვნულ ცვლილებებს, ფსიქოზურ სიმპტომებსა და სხვადასხვა აშლილობას დაედოს საფუძვლად, მათ შორის შიზოფრენიას, თუმცა ზუსტი მიზეზ-შედეგობრიობა დადასტურებული არაა. უცნობია ისიც, თუ რამდენად სწორია, ეს პირდაპირ კატებს მივაწეროთ.
ასეა თუ ისე, სამეცნიერო ნაშრომების ზემოხსენებული კონტრასტის გამო სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ამ თემაზე არსებული დოკუმენტები გაეანალიზებინათ.
"კატის ყოლასა და შიზოფრენიასთან დაკავშირებული აშლილობების გაზრდილ რისკს შორის მნიშვნელოვან დადებით მიმართებას მივაგენით. სტატისტიკური ცვლადების გათვალისწინებით დავადგინეთ, რომ კატებთან კონტაქტში მყოფ ინდივიდებს დაახლოებით ორჯერ მეტი შანსი აქვთ, რომ შიზოფრენია განუვითარდეთ", — აცხადებენ ავტორები.
ყურადსაღებია, რომ გაანალიზებული კვლევებიდან უმეტესობაში მიზეზ-შედეგობრივი მექანიზმები დასახელებული არ იყო, ანუ მათში ასეთი მოცემულობის პოტენციურად განმაპირობებელი ფაქტორები განხილული არაა ან მონაცემები ძალიან მწირადაა წარმოდგენილი.
გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ ასაკობრივ დიაპაზონში (ბავშვობასთან, მოზრდილობასთან, ზრდასრულობასთან თუ ხანდაზმულობასთან) განსაზღვრავს კატის ყოლა შიზოფრენიის რისკთან ასოციაციებს. ამის მიუხედავად, ერთ კვლევაში ამ შინაური ცხოველის ნაკბენის მქონე ადამიანებს სხვებთან შედარებით მეტი შიზოტიპური მაჩვენებელი გამოუვლინდათ, მაგრამ ზოგადად კატის ყოლასთან ამ მაჩვენებლების კავშირი არ დადგენილა. ასევე, ნავარაუდებია, რომ მსგავს აშლილობებს შესაძლოა, სულ სხვა პათოგენები იწვევდეს, როგორიც, მაგალითად, Pasteurella multocida-ა.
"ვასკვნით, რომ ჩვენი ანალიზი კატის ყოლასა და შიზოფრენიულ აშლილობებს შორის ასოციაციას მხარს უჭერს. ამის მიუხედავად, საჭიროა უფრო ხარისხიანი კვლევების ჩატარება, რომლებიც ბევრად მასშტაბური იქნება, რათა გაირკვეს, მართლაც არის თუ არა კატის ყოლა მენტალური აშლილობების რისკშემცვლელი ფაქტორი", — ამბობენ მეცნიერები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Schizophrenia Bulletin გამოქვეყნდა.
კომენტარები