სატურნის თანამგზავრზე სიცოცხლის კვალის დაფიქსირება ხომალდითაა შესაძლებელი — კვლევა
როცა NASA-ს ზონდმა Cassini-მ სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ენცელადს ჩაუარა, მისი ზედაპირიდან 1 448 კმ/სთ სიჩქარით ამოტყორცნილი ყინულოვანი ნაკადები დააფიქსირა. ეს გეიზერები ციური სხეულის საფარქვეშ არსებული უზარმაზარი ოკეანიდან მომდინარეობს, ამიტომ მეცნიერები განიხილავენ, რამდენადაა შესაძლებელი, მათი შესწავლით სიცოცხლის კვალს მიაგნონ.
ამგვარი ორგანული მოლეკულების გასაანალიზებლად, პირველ რიგში, ისინი დაუზიანებლად უნდა მოვიპოვოთ, რაც, ერთი შეხედვით, დიდი გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს შესაძლებელია.
კერძოდ, ლაბორატორიაში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გეიზერებში არსებული ამინომჟავები შეიძლება კოსმოსურ ხომალდთან "შეჯახებას" გადაურჩეს და გასაანალიზებლად ვარგისი იყოს.
ცდისთვის მათ სპეციალური მოწყობილობა გამოიყენეს, რომელიც შეჯახებების გამოსაკვლევადაა განკუთვნილი. ავტორებმა ელექტრული ძაბვის მქონე ნემსში წყლის გატარებით ყინულის ნაწილაკები შექმნეს, რადგან ის მცირე ზომის წვეთებად გადაიქცა და კრისტალიზაცია განიცადა. შედეგად მიღებული მყარი მატერია სპექტრომეტრში შეიყვანეს და შეჯახებების დროც გამოთვალეს.
ექსპერიმენტის მიხედვით, ყინულში არსებული ამინომჟავები ხომალდთან 15 128 კმ/სთ-მდე სიჩქარით შეჯახებას შეიძლება გადაურჩეს, რაც ენცელადის გეიზერების სისწრაფეს ბევრად აღემატება
გამოდის, რომ, არაა გამორიცხული, კოსმოსურმა აპარატმა სატურნის თანამგზავრის საფარქვეშა ოკეანიდან ამოტყორცნილი დაუზიანებელი ყინული შეაგროვოს და იქ პოტენციურად არსებული სიცოცხლის "საშენი მასალა" გამოავლინოს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს მხოლოდ ენცელადზე არ ვრცელდება, არამედ მზის სისტემაში კიდევ რამდენიმე ყინულოვანი ციური სხეულია, რომლებზეც ამ ხერხით ორგანული მატერიის დაფიქსირებას შევძლებთ. მათ შორისაა იუპიტერის თანამგზავრი ევროპა, რომლის შესასწავლადაც მისია Europa Clipper-ის გაშვება იგეგმება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები