როგორი ეფექტი აქვს კოფეინს სწავლის უნარზე — კვლევა
პატარა, მაგრამ საინტერესო კვლევის თანახმად, ყოველდღიურად დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებამ შეიძლება ტვინზე ცუდად იმოქმედოს.
როდ აილენდის ბატლერის საავადმყოფოს ნეირომოდულაციის ცენტრის მკვლევრებმა ტვინის სიგნალები გააანალიზეს. ეს სიგნალები სწავლასა და მეხსიერებასთან იყო დაკავშირებული. 20 ადამიანის მონაცემების შესწავლისას მათ დააფიქსირეს, რომ კოფეინის ხშირად მიღება ტვინის პლასტიურობაზე არა კარგად, არამედ ცუდად მომქედებს.
"კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინის ხშრად მიღებამ შეიძლება შეზღუდოს სწავლისა და ტვინის პლასტიურობის შესაძლებლობები", — ამბობენ მკვლევრები.
კოფეინს შეუძლია დაბლოკოს ადენოზინი, ტვინში სასიგნალო ქიმიკატი, რომელიც ძილში გვეხმარება. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ კოფეინი სიფხიზლის შენარჩუნებაში გვეხმარება.
ადენოზინი ასევე გავლენას ახდენს პროცესზე, რომელსაც ეწოდება გრძელვადიანი პოტენციაცია (LTP). ეს ის პროცესია, რაც გადამწყვეტია ტვინში ახალი ინფორმაციის მიღებასა და დროთა განმავლობაში მასზე ადაპტაციაზე.
სწორედ ამ ყველაფრის გადასამოწმებლად, მკვლევრებმა 20 ადამიანი შეისწავლეს. მათგან 16 კოფეინს დღეში რამდენჯერმე იღებდა, მაშინ როდესაც 4 კვლევის მონაწილე კოფეინს საერთოდ არ მოიხმარდა.
გარკვეული დროის შემდეგ მეცნიერებმა კვლევაში მონაწილეების ელექტრული იმპულსების ნიშნები გააანალიზეს. შედეგები საინტერესოა: ის ვინც კოფეინს საერთოდ არ იღებდა, აღმოჩნდა, რომ ტვინის უფრო მაღალი სიგნალებითაც გამოირჩეოდა.
მკვლევრების აზრით, კოფეინის რეგულარულმა მიღებამ შეიძლება ტვინის პლასტიურობაზე ცუდად იმოქმედოს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ კვლევაში მხოლოდ 20 ადამიანი მონაწილეობდა.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს პირველი კვლევა იყო და მომავალში ისინი მასშტაბების გაზრდას გეგმავენ. ერთი რაც მათ ახლა ზუსტად იციან, ის არის, რომ ამ მიმართულებით მეტი კვლევაა საჭირო.
კოფეინსა და ჯანმრთელობას შორის კავშირი აქამდეც საკამათო იყო. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ეფექტი. მაგალითად, კოფეინმა შეიძლება დაგვიცვას დემენციისგან, მაგრამ გაზარდოს დიაბეტის განვითარების ალბათობა.
კვლევა ჟურნალ Frontiers in Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები