მზის სისტემაში ბალანსია. პლანეტები მზის გარშემო პროგნოზირებადი ორბიტებით ბრუნავენ. თუმცა, თუ სისტემაში მოხეტიალე ვარსკვლავი "შემოივლის", ეს ბალანსი შეიძლება აბსოლუტურ ქაოსში გადაიზარდოს.

ახალ ნაშრომში, რომელიც ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა, მკვლევრებმა სწორედ ასეთი სცენარი განიხილეს. მათ აინტერესებდათ რა მოხდებოდა, თუ მოხეტიალე ვარსვლავი 100 ასტრონომიული ერთეულით მოგვიახლოვდებოდა. ცნობისთვის, ერთი ასტრონომიული მანძილი დედამიწასა და მზეს შორის საშუალო დისტანციით განისაზღვრება.

"მიუხედავად იმისა, რომ პლანეტების ორბიტალური ევოლუცია დიდწილად უშუალოდ მათი სისტემითაა განპირობებული, გამვლელ ვარსკვლავებსაც შეიძლება ჰქონდეთ თანმიმდევრული გავლენა პლანეტების ორბიტებზე", — თქვა კვლევის ხელმძღვანელმა, შონ რაიმონდმა.

სიმულაცია

კომპიუტერული სიმულაციების დახმარებით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს რამდენიმე კარგი ამბავი: მათ დაასკვნეს, რომ 95%-ზე მეტია იმის შანსი, რომ მზის სისტემის 8 პლანეტიდან არცერთი დაიკარგება. ანუ, ყვეალფერი წესრიგში იქნება და ჩვენი მზის სისტემა დაბალანსებული დარჩება.

თუმცა, თუ მოხეტიალე ვარსკვლავი საკმარისად მოგვიახლოვდება, არის შანსი, რომ მზის სისტემაში ბალანსი სრულად დაირღვეს.

"ასეთ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ცუდი სცენარი. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე სავარაუდოა ისაა, რომ დედამიწა მთვარეს ან ვენერას ეჯახება. შეიძლება შეჯახება მოხდეს მზესთანაც", — ამბობენ მკვლევრები.

შეიძლება მოხდეს ისეც, რომ დედამიწა შორეულ ორბიტაზე აღმოჩნდეს, დაახლოებით იქ, სადაც ახლა გაზის გიგანტები (იუპიტერი/სატურნი) არიან.

თუმცა, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან ასტრონომების თქმით, მოხეტიალე ვარსკვლავის მზის სისტემაში შემოჭრის საშიშროება ძალიან მცირეა.

"სტატისტიკურად რომ ვთქვათ, ასეთი მოვლენა შეიძლება 100 მილიარდ წელიწადში ერთხელ მოხდეს. ეს კი ძალიან დიდი დროა. შეგახსენებთ, რომ თავად სამყარო დაახლოებით 14 მილიარდი წლისაა", — აღნიშნულია კვლევაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.