რამდენად შესაძლებელია დედამიწისგან შავი ხვრელის შექმნა — ინტერვიუ ნობელიანტ ფიზიკოსთან
შავი ხვრელები სამყაროში ყველაზე მასიური ობიექტებია. მათი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
შავ ხვრელებს აქტიურად სწავლობს გამოჩენილი გერმანელი ასტრონომი და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი რაინჰარდ გენზელი. ფიზიკოსმა 2020 წელს ფიზიკაში ნობელის პრემია მიიღო. ეს მან ირმის ნახტომის ცენტრში გიგანტური შავი ხვრელის აღმოჩენისთვის დაიმსახურა.
"ჩვენ ვიცით, რომ შავი ხვრელები ძალიან მასიური ობიექტებია. მიუხედავად ამისა, ასეთი ობიექტი ზომაში შეიძლება არც ისე დიდი იყოს. მაგალითად, დედამიწის მოვლენათა ჰორიზონტი შავი ხვრელი რომ იყოს, ეს სულ რაღაც სანტიმეტრი იქნებოდა. რაც შეეხება მზეს, ჩვენი ვარსკვლავი შავი ხვრელი რომ ყოფილიყო, მას სამი კილომეტრის მოვლენათა ჰორიზონტი ექნებოდა. მეტიც, თავად გალაქტიკის ცენტრში მოთავსებული შავი ხვრელი, რომლის მასაც 4 მილიონი მზის მასას უდრის, არ არის გიგანტი. მისი ორბიტალური რადიუსი დაახლოებით დედამიწის მეათედია", — უთხრა პროფესორმა გენზელმა Interesting Engineering-ს.
პროფესორი გენზელი ნობელის პრემიაზე ნომინირებული ასტრონომ ანდრეა გეზთან და ბრიტანელ მათემატიკოს როჯერ პენროუზთან ერთად იყო.
როგორც თავში აღვნიშნეთ, შავ ხვრელებში გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ მისგან თავის დაღწევა არაფერს შეუძლია. სინათლესაც კი, რომელიც წამში 300 000 კილომეტრს ფარავს შავი ხვრელის გრავიტაციისგან თავის დაღწევა არ შეუძლია. ეს ლიმიტია, რაც ნიშნავს, რომ როგორც კი შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს გადაკვეთავ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს.
სწორედ ამ ობიექტებს მიუძღვნა თავისი კარიერა გენზელმა. მან IE-სთან ინტერვიუში ახსნა თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს შავი ხვრელი. ამისთვის მატერიის მაქსიმალურად პატარა სივრცეში "გამომწყვდევა" გვჭირდება.
მაგალითად, როდესაც მასიური ვარსკვლავი ფეთქდება, რიგ შემთხვევებში ვარსკვლავი თავისივე ბირთვში "იშლება". ეს პროცესი შავი ხვრელის გაჩენას იწვევს. გიგანტური ვარსკვლავი, რომელშიც წყალბადის ბირთვული სინთეზი მიმდინარეობს ამისთვის იდეალური კანდიდატია. ჩვენ ვიცით, რომ წყალბადის გამოლევის შემდეგ ვარსკვლავი ჰელიუმის ბირთვულ სინთეზზე გადადის, ამ უკანასკნელის გამოლევისას კი უფრო და უფრო მძიმე ელემენტებზე, ამ პროცესს კი საბოლოოდ რკინამდე მივყავართ. საქმე ისაა, რომ რკინის ბირთვული სინთეზი ენერგიის გამოთავისუფლების ნაცვლად, მას შთანთქავს, ამ დროს ვარსკვლავი გრავიტაციული კოლაფსისთვისაა განწირული, რითაც საბოლოოდ შავ ხვრელს ვიღებთ.
თუმცა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ უნდა არსებობდეს მინიატურული შავი ხვრელებიც.
შეკითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია დედამიწის მასის მქონე ობიექტისგან შავი ხვრელის მიღება, ფიზიკოსმა უპასუხა, რომ ბუნებრივი მოვლენებით ეს შეუძლებელია. თუმცა, თეორიულად, ზეტექნოლოგიის გამოყენებით, ეს შეიძლება შესაძლებელი იყოს. ამ შემთხვევაში დედამიწის მთელი მასის 1,75 სანტიმეტრში ჩაპრესვა მოგვიეწვდა.
კომენტარები