რა არის Starlink და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება საქართველოში
სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ საქართველო უკვე იმ ქვეყნების სიაშია, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტია ხელმისაწვდომი. ამის შესახებ Tesla-სა და SpaceX-ის CEO-მ — ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. საქართველოს ვხედავთ Starlink-ის ვებგვერდზე, სერვისის დაფარვის რუკაზეც.
ვიცით, რომ ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია Starlink-მა საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში გაიარა. მას შემდეგ კი Starlink Georgia-ს სახელით ქვეყანაში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადებოდა.
სიახლეს დიდი გამოხმუარება მოჰყვა ინტერნეტში, სადაც ქართველი მომხმარებლები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, თუმცა გაჩნდა შეკითხვა თუ როგორ შეგვეძლება მსგავსი ინტერნეტის გამოყენება.
მოდით დავიწყოთ იმით თუ რა არის Starlink და შედარებით მეტი შევიტყოთ ამ კომპანიაზე.
Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტს მთელ მსოფლიოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებისთვის, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.
იმისთვის, რომ Starlink-ის ინტერნეტმა იფუნქციონიროს საჭიროა ორბტალური თანამგზავრები და მათ შორის კავშირის უზრუნველყოფა. თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანას, ბუნებრივია, რაკეტები სჭირდება და მასკს არც ამ მხრივ აქვს პრობლემა. ამისთვის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ს იყენებს, რომელიც, მოგეხსენებათ, ასევე ილონ მასკს ეკუთნის.
Starlink-ს ჰყავს კონკუტენტებიც, ესენი არიან Hughesnet, OneWeb, Amazon და სხვები, თუმცა მასკის კომპანია მათზე რამდენიმე ნაბიჯით წინაა.
Starlink-ის მცირე ისტორია
კომპანიამ თანამგზავრები პირველად 2019 წელს გაუშვა. ამ მომენტისთვის დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის 5 000-ზე მეტი თანამგზავრია. მომავალში კიდევ 42 000 მსგავსი მოწყობილობის გაშვება იგეგმება.
კომპანია მასშტაბებს სულ უფრო ზრდის და ახლა მას 1,5 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
Starlink-მა თავი უკვე რამდენჯერმე გამოიჩინა. როდესაც კუნძულ ტონგაზე ვულკანის ამოფრქვევამ სერიოზული საფრთხე გააჩინა და როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მასკის კომპანიამ რეგიონები ინტერნეტით მოამარაგა.
როგორ დავუკავშირდებით კოსმოსს?
ჩნდება შეკითხვა, როგორ დავუკავშირდეთ ხსენებულ თანამგზავრებს და როგორ გამოვიყენოთ ისინი.
ამისთვის მომხმარებლებს დედამიწაზე დამონტაჟებული პატარა მიმღებები დაგვჭირდება. რაც მნიშვნელოვანია, მსგავსი ტერმინალების დამონტაჟება შესაძლებელია ყველგან. ამისთვის მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო, ხედი ცისკენ.
როგორც ვიცით, შედარებით უკეთესი სერვისისთვის უმოჯობესია მიმღების სახურავზე ან ანტენაზე დამონტაჟება. აღსანიშნავია ისიც, რომ აღჭურვილობისთვის შესაბამის ადგილმდებარეობას თავად კომპანიის აპლიკაციაც შემოგთავაზებთ. ეს აპლიკაცია Android-სა და iOS-ზე ჩვეულებრივაა ხელმისაწვდომი.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერვისის საფასური განსხვავებული იქნება ფიზიკური პირებისთვისა და კომპანიებისთვის. მსურველებმა ინტერნეტპაკეტი Starlink-ის ვებ-გვერდზე უნდა შეიძინონ.
სარგებელი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Starlink-ის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ ის ყველგან მიწვდება სადაც ცაა. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტის მიწოდება შესაძლებელი იქნება სასოფლო ზონებში, რთულად მისადგომ ადგილებში, სტიქიისა და კონფლიქტის წერტილებში.
ტრადიციული თანამგზავრული ინტერნეტსერვისისგან განსხვავებით, Starlink გაცილებით დაბალ შეყოვნებას გვპირდება და ამისთვის ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც ინტერნეტ კავშირის მიღება ძალიან რთულია. შესაბამისი კაბელების გაყვანა და ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ყველგან მარტივი არ არის, Starlink ამ პრობლემის გადაჭრის მხრივ მნიშვნელოვანია.
ფასები
რაც შეეხება ინტერნეტის ფასს, საქართველოდან Starlink-ის სერვისით სარგებლობის ყოველთვიური საფასური 160 ლარს შეადგენს. თუმცა, მის გამოსაყენებლად დასაწყისისთვის უნდა შეიძინოთ თანამგზავრული ინტერნეტის მიმღები შესაბამისი მოწყობილობა (ფასი 1 780 ლარი) და გადაიხადოთ ტრანსპორტირების საფასური (235 ლარი).
აღსანიშნავია, რომ Starlink მომხმარებლებს 30-დღიანი საცდელი ვადით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს. საიტზე ნათქვამია, რომ კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ, უკმაყოფილო მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება.
კომენტარები