საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია — ილონ მასკი
საქართველო უკვე იმ ქვეყნების სიაშია, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტია ხელმისაწვდომი. ამის შესახებ Tesla-სა და SpaceX-ის CEO-მ — ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. საქართველოს ვხედავთ Starlink-ის ვებგვერდზე, სერვისის დაფარვის რუკაზეც.
შესაძლოა, საქართველოსათვის Starlink-ის პროდუქტები განსაკუთრებით გამოსადეგი აღმოჩნდეს, ვინაიდან ეს მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტის მიწოდების პრობლემას გადაჭრის და მოსახლეობას მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია Starlink-მა საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში გაიარა. მას შემდეგ კი Starlink Georgia-ს სახელით ქვეყანაში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადებოდა.
Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტს მთელ მსოფლიოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებისთვის, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.
საქართველოდან Starlink-ის სერვისით სარგებლობის ყოველთვიური საფასური 160 ლარს შეადგენს; თუმცა, მის გამოსაყენებლად დასაწყისისთვის უნდა შეიძინოთ თანამგზავრული ინტერნეტის მიმღები შესაბამისი მოწყობილობა (ფასი 1780 ლარი) და გადაიხადოთ ტრანსპორტირების საფასური (235 ლარი). მოწყობილობის შეკვეთა Starlink-ის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.
კომენტარები