14 წლის მოსწავლემ მელანომის საწინააღმდეგო საპონი შექმნა
აშშ-ის ვირჯინიის შტატში მცხოვრებმა 14 წლის მოსწავლემ, ჰემენ ბეკელემ, მელანომის სამკურნალო საპონი (MTS) შექმნა. მისი მეშვეობით კანის ამ სიმსივნესთან შეწინააღმდეგებაა შესაძლებელი, რამაც ბიჭს ახალგაზრდა მეცნიერთა წლევანდელ კონკურსზე მთავარი პრიზი მოაპოვებინა. ამ პროექტის მიზანი მათი წახალისებაა, რათა გავრცელებული პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზები შეიმუშაონ.
საპონი სიმსივნესთან ბრძოლის უნარის მქონე ნივთიერებებისგან, მეტწილად იმიდაზოკინოლინისგან, არის დამზადებული. ასევე, ის ნაწილაკთა ნანოლიპიდურ გადამტანს შეიცავს. ასეთი პროდუქტის შექმნის შთაგონება ბეკელემ მშობლიურ ეთიოპიაში მიიღო, სადაც კანის სიმსივნეს აკვირდებოდა ადამიანებში, რომლებსაც გარეთ უწევდათ მუშაობა.
"ეთიოპიაში ყოფნისას მეგონა, რომ გარეთ მუშაობისას ადამიანები მზის დარტყმას იღებდნენ. მაშინ, პატარაობისას, ამაზე ბევრს არ ვფიქრობდი, მაგრამ როცა გავიზარდე, მივხვდი, რამდენად დიდი პრობლემაა კანის სიმსივნე რეალურად არა მხოლოდ ეთიოპიაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში", — აცხადებს ბეკელე.
იქიდან გამომდინარე, რომ კანის სიმსივნის მკურნალობა საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, ეთიოპიელმა ახალგაზრდამ ხელმისაწვდომი საშუალების შექმნა გადაწყვიტა. მან ამისთვის ციფრული მოლეკულური ტესტირების მეთოდი გამოიყენა და სხვადასხვა ინგრედიენტის კომბინაცია კომპიუტერული მოდელის მეშვეობით გამოცადა. ერთ-ერთმა კომბინაციამ კარგი შედეგი აჩვენა, თუმცა ადამიანებზე კლინიკური კვლევა ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
საპნის მიზანია, სიმსივნის საწინააღმდეგო მოლეკულები ორგანიზმში ლიპიდური ნანონაწილაკების დახმარებით შეიტანოს, რომლებიც სხეულის იმუნურ სისტემას ააქტიურებს და მელანომას უტევს. ბეკელე ამბობს, რომ ამ პროდუქტის დამზადება საკუთარი სახლის სამზარეულოსა და სარდაფში დაიწყო, რადგან ექსპერიმენტები ნანონაწილაკთა წარმოქმნის რთულ პროცესებს არ მოიცავდა.
ამ საქმიანობამ სახლიდან ვირჯინიისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გადაინაცვლა, რომელსაც მან დახმარებისთვის მიმართა. 14 წლის მოსწავლე მოგებული თამხის გამოყენებას კვლევის გასაგრძელებლად აპირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კიდევ მეტი რესურსი სჭირდება.
კომენტარები