NASA-მ დაადგინა, რომ ატმოსფეროში ორბიტული ნაგვის წვა ჰაერს აბინძურებს
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ კოსმოსური ნაგავი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში იწვის, ჰაერს აბინძურებს, რამაც შესაძლოა, კლიმატზე იმოქმედოს. ახლა, ისტორიაში პირველად, უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ ეს ნამდვილად ასეა, რადგან სპეციალისტებმა სტრატოსფეროში ამის მტკიცებულებას მიაგნეს.
NASA-ს კუთვნილმა საფრენმა აპარატებმა WB-57 და ER-2 აშშ-ის თავზე 10-50 კილომეტრ სიმაღლეზე განლაგებული ატმოსფერული შრიდან ნიმუშები აიღო. თითოეული მათგანი ხმელეთისგან დაახლოებით 19 კილომეტრის მოშორებით აიჭრა, კომერციულ თვითმფრინავებზე დაახლოებით 9 კილომეტრით მაღლა.
მათზე დამონტაჟებულმა სენსორებმა სტრატოსფეროში არსებული ქიმიური ნაერთები გააანალიზა. შედეგად, იქ ლითიუმის, ალუმინის, სპილენძისა და ტყვიის კვალი გამოვლინდა, რომელთა კონცენტრაციაც ბუნებრივი პროცესებისას წარმოქმნილი იმავე ელემენტების მოსალოდნელ დონეს აღემატებოდა. ასევე, შეესაბამებოდა იმ თანაფარდობას, რომელიც ხელოვნურ თანამგზავრებში გვხვდება.
სპეციალისტები გარემოზე რაკეტებისა და სატელიტების გაშვებასთან დაკავშირებულ მსგავს გავლენაზე ბოლო წლებია, გვაფრთხილებენ. მაგალითად, ამ დროს ალუმინის ოქსიდი გამოიყოფა, რომელსაც ოზონის დაშლა შეუძლია, ოზონის შრე კი დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს საშიში რადიაციისგან იცავს. ის ახლა ძალების აღდგენის პროცესშია, რადგან წინა დეკადებში მავნე ნივთიერებების აქტიური ემისია მიმდინარეობდა, სანამ მკაცრი შეზღუდვები დაწესდებოდა.
ამასთანავე, ალუმინის ოქსიდი პლანეტის მიერ სინათლის არეკვლაზეც მოქმედებს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ეს სტრატოსფეროში ტემპერატურის ცვლილებას დაედოს საფუძვლად. პრობლემა ისაა, რომ ასეთი ნაწილაკები მაღალ შრეებშია გაფანტული და დაბლა თითქმის არ ჩამოდის, ანუ დროთა განმავლობაში მათი კონცენტრაცია, სავარაუდოდ, მხოლოდ გაიზრდება.
ამის პარალელურად, დედამიწის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების რაოდენობა სულ უფრო იმატებს. მათი დიდი ნაწილი კი ექსპლუატაციიდან გამოსვლის შემდეგ ისევ ატმოსფეროში შემოდის და იწვება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენს პლანეტაზე კოსმოსური ფრენების გავლენას მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ, რადგან ის იმაზე ძლიერია, ვიდრე გვგონია. მათი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები